კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე რენესანსის სტილში აგებული ვილა ესტე საუკუნეების განმავლობაში არისტოკრატიული ოჯახების რეზიდენციას წარმოადგენდა. ის მეთექვსმეტე საუკუნის არქიტექტურულ ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს და სწორედ ამიტომ მოგზაურებისთვის ყველაზე საყვარელ სავიზიტო ადგილს წარმოადგენს.
პელეგრინო ტიბალდის მიერ შექმნილ ვილას გარს უზარმაზარი და ულამაზესი პარკიც აკრავს, სადაც მრავალსაუკუნოვანი უნიკალური მცენარეები იზრდება. დღეს ვილა “ესტე ჩერნობიო”, რომელიც საუკუნეების ისტორიას ითვლის, სასტუმროს სახით კვლავაც აგრძელებს არსებობას და რაც მთავარია - იქ მისული სტუმრებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნას.
თუმცა, სანამ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ღირსშესანიშნავი სასტუმრო გახდებოდა, მისი ისტორია ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო. 1442 წელს კომოს ეპისკოპოსმა ჯერარდო ლანდრიანიმ ამ ადგილას დედათა მონასტერი დააარსა, რომელიც საუკუნის შემდეგ კარდინალმა ტოლომეო გალიომ გაანადგურა და მის ადგილას პელეგრინო ტიბალდის დიზაინით 1565-70 წლებში საკუთარი რეზიდენცია ააშენა.
მას შემდეგ ვილა ესტე იმ პერიოდის ინტელექტუალებისა და არისტოკრატების შეკრების ადგილს წარმოადგენდა, ტოლომეო გალიოს სიკვდილის შემდეგ კი ვილა მის ოჯახს გადაეცა, მერე კი, სხვადასხვა დროს, ვილა “ესტე ჩერნობიო” რამდენიმე არისტოკრატიული ოჯახის მფლობელობაში იმყოფებოდა. 1784 წელს რეზიდენცია მილანელი კალდერარის ოჯახს გადაეცა. კალდერარებმა მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ სასახლეს ახალი პარკი, ე.წ. იტალიური ბაღი შემატეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რეზიდენცია კაროლინა ბრაუნშვაიგერს, მეფე ჯორჯ IV-ის მომავალ მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც განსაკუთრებით მოხიბლული იყო სასახლის ბაღით. სწორედ კაროლინამ შეურჩია ახალი სახელი Nuova Villa d'Este და მანვე განაახლა ვილა ესტეს იტალიური პარკი ახალ ინგლისურ სტილში.
1873 წლიდან ვილა “ესტე ჩერნობიო” სასტუმროს სახით ფუნქციონირებს, ნიშნად იმისა, რომ ჩერნობიოს რომთან ახლოს მდებარე ძალიან ცნობილ Villa d'Este Tivoli-სთან ვიზუალურად ბევრი რამ აქვს საერთო, სასახლემ სახელი Villa d'Este თავადაც შეინარჩუნა. ისტორიული “ესტე ჩერნობიო” დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და დახვეწილი სასტუმროს სახელით ფუნქციონირებს, სადაც ერთი ღამით სტუმრობა 1000-დან 3000 ევრომდე ღირს. ულამაზესი ინტერიერით განთქმული ვილა “ესტე ჩერნიბიო” 2009 წელს "ფორბსმა" საუკეთესო სასტუმროდ დაასახელა, 2008 წელს კი ის ევროპის 15 ყველაზე გამორჩეული სასტუმროების რიცხვშიც მოხვდა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი