2021 წლის გაზაფხულზე, თბილისის დიზაინის დღეებში, დედაქალაქს არაერთი საერთაშორისო დონის არტისტი ეწვევა, მათ შორისაა ჰოლანდიელი დიზაინერი რიჩარდ ჰატენი, რომელიც ამ სფეროში თავისი განსაკუთრებულად ოპტიმისტური და პოზიტიური ხელწერით გამოირჩევა.  არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჰატენის ობიექტებს არამარტო უამრავი ადამიანის საცხოვრებელი სახლის ინტერიერში, არამედ მსოფლიოს ორმოცდაათამდე მუზეუმშიც იხილავთ.

Tbilisi Design Days-თან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს რიჩარდ ჰატენთან, რომელიც საკუთარი შემოქმედების შესახებ გვესაუბრა.


 რიჩარდ, პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ  დიზაინი გაინტერესებდათ?

მგონი, თავიდანვე ამ მოცემულობით  დავიბადე. მთელი ცხოვრებაა ამ სფეროში ვარ და დიზაინ-ობიექტებს ვქმნი, თუმცა  პირველად სერიოზულად  16 წლის ასაკში გავიაზრე,  რომ დიზაინერობა  ჩემი პროფესია უნდა  გამხდარიყო.


გახსოვთ თქვენი პირველი დიზაინ-ობიექტი?

სწორედ იმიტომაც, რომ მთელი ცხოვრებაა ამ სფეროში ვმუშაობ, რთულია  პირველი ნამუშევრის გახსენება, ეს ალბათ მაშინ იყო, როცა ათი ან თერთმეტი წლისამ ჩემი ძმებისთვის  Playmobile-ის ციხე ავაშენე. დიდად არ მომწონდა ეს გასართობი, მაგრამ მათ რომ ეთამაშათ, მაინც ავაშენე და ალბათ ეს იყო ჩემი ყველაზე ადრეული  დიზაინერული ნამუშევარი.


ამბავი თქვენი ძალიან ფერადი და პოზიტიური Dumbo Mug-ის მიღმა... საიდან მიიღეთ შთაგონება, რომ მსგავსი ობიექტი შეგექმნათ?

ეს ნივთი საბავშვო სატელევიზიო პროგრამისთვის შეიქმნა, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს უწევდა ორგანიზებას. მთხოვეს, რომ სასაჩუქრე ჭიქა შემექმნა. ასეთი ჭიქები, როგორც წესი, ერთსახელურიანია და მასზე რაიმე სურათია დაბეჭდილი, რაც მგონია, რომ სულაც არ არის ლამაზი. გადავწყვიტე, რომ  გამეკეთებინა სადა და ლამაზი ნივთი, რომელიც ამავდროულად, ბავშვებისთვის ადვილად გამოსაყენებელი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ძალიან სახალისო საყურებელია, როგორ სწავლობს ბავშვი ამ ჭიქიდან დალევას, ნივთი თავისთავად დამოუკიდებლადაც პოზიტიურია, ადამიანებს ყოველთვის ეღიმებათ, როცა მას ხედავენ, იმის გამო, რომ მისი ღირებულება ყველასთვის მისაღები და ხელმისაწვდომია, უკვე მილიონამდე გავყიდეთ. უამრავი სახალისო ისტორია მომისმენია, როგორ სწავლობენ ბავშვები Dumbo Mug-დან დალევას. და არა მხოლოდ ბავშვები, ამ ნივთს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც იყენებენ და ძალიან მიხარია, რომ Dumbo Mug-ს ადამიანების დახმარება, გახარება და გაღიმება ნამდვილად გამოსდის.


ძალიან საინტერესოა ასევე თქვენი მრავალშრიანი სკამი ე.წ. Layers Cloud Chair, რომელიც უჩვეულო ფორმითა და მასალით გაქვთ შექმნილი,  რა არის ამ დიზაინ-ობიექტის მთავარი კონცეფცია?

Layers Cloud Chair-ის სახელი თავისთავად მეტყველებს მის კონცეფციაზე, რომელსაც შრეები წარმოადგენს. ჩემი ამოსავალი წერტილი იყო შემექმნა ისეთი სკამი,  რომელიც არა მხოლოდ ნაჭრით დაფარული, არამედ მთლიანად მისგან იქნებოდა დამზადებული. შთაგონება  კი ამ მასალაზე მუშაობის პროცესში არიზონას ჭრელი უდაბნოსგან წამოვიდა. ზოგადად, შთაგონება ცოტა რთული განსასაზღვრია, ბევრს

ესმის, როგორც შემთხვევითი მოვლენა, თუმცა მე მას დიზაინის შექმნის მთლიან პროცესს ვუწოდებ, რომელიც ჩემთვის რაღაცით თამაშს ჰგავს. შთაგონებაც სწორედ ამ თამაშის, ფიქრისა და ექსპერიმენტების პროცესში იბადება.


არ არსებობს რაიმე იდეა, რაც შთაგაგონებთ და ამ თამაშისკენ გიბიძგებთ?

ჩემთვის თამაში თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და შესაბამისად, შთაგონების წყაროც ხშირად ხდება. საკუთარ თავს Homo Ludens-ს ვუწოდებ. ეს მოთამაშე კაცს ნიშნავს იოჰან ჰაიზინგას წიგნიდან, რომელშიც ავტორი თამაშს, როგორც კულტურულ მოვლენას აღწერს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ჩემი ბიბლიაა და ის, რასაც მე ვაკეთებ, ზუსტად თამაშია, რომელიც ამავე დროს, ძალიან სოციალური აქტია, შთაგონების მეორე მნიშვნელოვანი წყარო კი ადამიანები არიან, რომელთა მიმართ ინტერესს ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის დაინახავთ.


არსებობს რაიმე წესები, რომლებსაც სულ მიჰყვებით?

ნომერი პირველი წესი არის ის, რომ წესები არ არსებობს, თუმცა რადგან  უკვე ვთქვი, რომ ჩემი დიზაინი თამაშია, ვიცით, რომ ყველა თამაშს თავისი წესები აქვს. ჩემთვის დიზაინის შექმნის პროცესი იმის გარკვევით იწყება, თუ რა სახის თამაშთან მაქვს საქმე, შემდეგ წესები იმის მიხედვით ჩნდება, რა მასალას და ტექნიკას ვიყენებ ან სულაც ვისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. როცა გადავწყვეტ, რომ რაიმე ახალი ვითამაშო, მის წესებსაც, რა თქმა უნდა, მე ვიგონებ, თუმცა სადღაც ბექგრაუნდზე ცხადია, არსებობს მიმართულებები, რომლებსაც მივყვები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვცდილობ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ჩემი დიზაინი წესებისგან და სტანდარტებისგან თავისუფალი იყოს.


ამბობთ, რომ ოც წელზე მეტია ამ სფეროში მუშაობთ, აქამდე უამრავი სხვადასხვა ფუნქციის და დიზაინის ნივთი შეგიქმნიათ, როგორ ფიქრობთ, განიცადა ევოლუცია თქვენმა სტილმა ან ტექნიკამ, ან ხომ არ შეიცვალა თქვენი ზოგადი მიდგომები?

მგონი, არაფერი შეცვლილა, თითოეული ნამუშევარი ჩემი პიროვნების გამოხატულებაა, რომელიც ყოველთვის ძალიან ოპტიმისტური, იუმორით სავსე და კონკრეტული მესიჯების მატარებელია. სწორედ ასე დაიწყო ჩემი კარიერა და ამას ვაკეთებ დღესაც. თუმცა ჩემმა შემოქმედებამ ევოლუცია ცხადია, თავისთავად განიცადა, ოც წელზე მეტია ამ სფეროში ვმუშაობ და ყოველდღიურად ახალს ვსწავლობ, ვაცნობიერებ, რა მინდა შევქმნა და რას როგორ უნდა მივაღწიო, ეს ყველაფერი კი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, მაგრამ ჩემი მისადმი  დამოკიდებულება ყოველთვის ერთნაირია.


დიზაინის სფეროში ვის შემოქმედებას მოუხდენია თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენა?

ადამიანი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, იოჰან ჰაიზინგაა, რომლის წიგნზეც ვისაუბრე, თუმცა ის არა დიზაინერი, არამედ კულტურის ისტორიკოსია. თუ მაინც დიზაინერი უნდა დავასახელო, ეს ალბათ ჰოლანდიელი  გარიტ რიტველდია, რომელმაც ძალიან ცნობილი წითელი და ლურჯი სკამი შექმნა.


სამი ელემენტი, რომელიც თქვენს სტილს განსაზღვრავს...

თამაშის, ოპტიმიზმი და Fun...  


ვიცი, რომ უამრავი საერთაშორისო ჯილდო გაქვთ მიღებული, თუმცა მაინტერესებს, პირადად თქვენთვის სად გადის წარმატების ზღვარი, რა არის ინდიკატორი იმისა, რომ ჩანაფიქრს ნამდვილად კარგად გაართვით თავი?

საინტერესო კითხვაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის წარმატება, ჩემთვის წარმატებაა სიამოვნებას განიჭებდეს ის, რასაც აკეთებ. მიუხედავად ამდენწლიანი მუშაობისა, ყოველი ახალი დღე ჩემთვის ერთნაირად სასიამოვნოა და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაკეთო ის, რაც მე მინდა და ამ ყველაფრისგან სიამოვნება მივიღო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, როცა ჩემს ნამუშევრებს მუზეუმებში ვხედავ, პირველად ოცდასამი წლის ვიყავი, როცა ჩემი შექმნილი სკამი ამსტერდამის მუზეუმმა შეიძინა და მას შემდეგ ორმოცდაათამდე სხვა მუზეუმშიც მოხვედრილა ჩემი ნამუშევრები. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.


რა ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაში საგნის ვიზუალურ მხარეს, რას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფუნქციას თუ ესთეტიკას?

მე არ ვეძებ სილამაზეს ჩემს ნამუშევრებში, როცა კონცეფცია, იდეა და შესრულება სწორია, სილამაზე ამ დროს მეორეხარისხოვანი ხდება. თანაც სილამაზე ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი სახის არსებობს, ადამიანს შესაძლოა ლამაზი გარეგნობა ან ხასიათი ჰქონდეს - რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როცა ლამაზი გარეგნობის ადამიანს ვხედავ - თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ხასიათს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ. ასევეა ნამუშევრებთან დაკავშირებითაც, მნიშვნელოვანია, რომ მას არა ვიზუალი, არამედ საინტერესო ხასიათი ჰქონდეს, რაც შეეხება საგნის ფუნქციას, ფუნქცია ყოველთვის საწყისი და ამოუწურავი წერტილია ჩემთვის და შექმნის პროცესშიც ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 


არის რაიმე, რაც დღეს დიზაინის სფეროში თქვენს ყურადღებას იქცევს ან  განსაკუთრებით გაღელვებთ?

ახლა, როცა კორონავირუსის გამო იზოლაციაში ვარ, ვაკვირდები, რომ ბევრი რამ შეიცვალა,  მაგალითად, ცა როტერდამში, ჩემი სახლის ზემოთ, არასდროს ყოფილა ასეთი მოწმენდილი. გაზეთში ვკითხულობდი, რომ ცა მილანიდან ნიუ-იორკამდე და ბეიჯინგიდან დელიმდე უფრო სუფთა და ლურჯი გახდა, რაც ფანტასტიკურია. მე ინდუსტრიული დიზაინერი ვარ, იმ სფეროს წარმომადგენელი, საიდანაც გარემოსდაცვის მიმართულებით ყველა პრობლემა იწყება. ორასი წლის წინ მომხდარმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბევრ კარგთან ერთად, უამრავი პრობლემა მოიტანა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი დაგვაფიქრა, რომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და დიზაინერებმაც კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ იმ მასალებს ან გზებს, რომლითაც ობიექტებს ვქმნით. ძალიან ამაღელვებელია ის, რომ მე, როგორც დიზაინერს, შემიძლია უკეთესი სამყაროსთვის  გარკვეული წვლილი გავიღო და ახლა სწორედ ეს არის ჩემს სამოქმედო გეგმაში ყველაზე პრიორიტეტული.


საკუთარი ნამუშევრებიდან შეგიძლიათ რომელიმეს გამორჩევა?

ძალიან რთული კითხვაა და დაახლოებით იგივეა, რომ მკითხოთ, ჩემი სამი შვილიდან რომელი უფრო მიყვარს. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად, თუმცა მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვთ და ამიტომ ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვანაირია. იგივე შემიძლია ვთქვა ნამუშევრებზეც, ძალიან ბევრი დიზაინ-ობიექტი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მიყვარდეს, Dumbo Mug, იმიტომ რომ მილიონი გაიყიდა, პირველი სკამი იმის გამო, რომ ცნობადობა მომიტანა და ა.შ.


ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ალბათ როგორც ყველასი, თქვენი სამომავლო გეგმებიც შეიცვალა, როგორ ხედავთ საკუთარ თავს ამ პირობებში?

მიუხედავად პანდემიისა, ჩემი სტუდიის გუნდთან ერთად მაინც ჩვეულებისამებრ დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. უკვე არსებობს ათეულობით სამომავლო პროექტის გეგმაც. მაგალითად, იმის გამო, რომ ახლა უამრავი ადამიანი სახლიდან მუშაობს და ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, ბევრს სჭირდება ისეთი ოფისის სკამი, რომელიც ამავე დროს სახლის ინტერიერსაც მოერგება და კომფორტულიც იქნება.


დიზაინის მომავალს როგორ ხედავთ?

მდგრად განვითარებაში. უნდა გადავხედოთ  ბიზნესმოდელებს, შევამციროთ ნავთობის გამოყენება, შევცვალოთ მომხმარებლური დამოკიდებულება. დიზაინს დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის ქცევაზე და ამ მიმართულებით ახლა ბევრია სამუშაო.


რჩევა ახალგაზრდა და დამწყები დიზაინერებისთვის...

ბევრია ასეთი და არც კი ვიცი, საიდან უნდა დავიწყო, მაგრამ მაინც: არ გაიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც მე დავუშვი, დაუშვით მხოლოდ საკუთარი.  


ვიცით, რომ თბილისის დიზაინის დღეების ერთ-ერთი სტუმარი თქვენც იქნებით, რა გსმენიათ ქართველი დიზაინერების შესახებ, ხომ არ გამოარჩევდით რომელიმეს?

მოდის სფეროში ბევრ ქართველ დიზაინერს არ ვიცნობ, რაც შეეხება ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს, შემიძლია გამოვარჩიო Rooms, რომელიც ძალიან მაღალი საერთაშორისო სტანდარტის სტუდიაა.