მოგეხსენებათ, კლასიკური ტარო მასკულინური და ფემინური ენერგიების კომბინაციისაგან შედგება, სადაც კაცი ძლევამოსილი და ქმედითია, ხოლო ქალი - პასიური, ემოციური და მისტიკური. მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ქართული არტ სცენა, დავით აფაქიძის The Last Tarot-ის სახით ახალ სასიცოცხლო მუხტს იღებს, რომელშიც ქართველი დიზაინერების თვალისმომჭრელი სამოსია წარმოდგენილი. პროექტი, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო ტაროს კარტის დასტას ჰგავს, სინამდვილეში თბილისური მოდის კრეატიულ ანარეკლად გვევლინება.




ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძის სურათების გრაფიკული დიზაინსა და ვიზუალურ ეფექტებზე გვანცა ჯიშკარიანმა იზრუნა. ფოტოებში მოდელები ტაროს სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებენ რომელთა გენდერული იდენტობა მთლიანად გამქრალია. მაგალითად, მოდელი მათე ხიდაშელი, იგივე Matt Shally, „ეშმაკის კარტში“, მუქ გრიმთან ერთად, მეტად ექსტრავაგანტური ახალბედა დიზაინერის - ლევაუ შველიძის წითელი ლატექსის პიჯაკს ატარებს. თვით აფაქიძეც კი, “სულელის კარტში” დიზაინერ აკა ფროდიაშვილის ლურჯი კაბა-როლინგით გვესახება. ყოველივე ეს კი ქალისა და მამაკაცის, როგორც უფლებებს, ასევე, გენდერულ როლებს ერთ სიბრტყეზე წარმოაჩენს.



აფაქიძისათვის და ასევე პროექტში მონაწილე თითოეული დიზაინერისთვის მთავარია სოციუმამდე თავიანთი შეტყობინებების სწორად მიწოდება, რათა საზოგადოების ჩარჩოებს გარეთ ხედვასა და პროგრესული აზროვნების განვითარებას შეუწყონ ხელი. 



აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვანს ტაროს მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდან გაუჩნდა, თუმცა მას თავის ღრმადმორწმუნე რელიგიურ ოჯახში კარტის გამოყენების უფლება არ ჰქონია. იგი ამჟამად ქართული სამკაულების ბრენდ Le Chic Radical-თან თანამშრომლობით, ტაროლოგიის ონლაინ კურსებს ატარებს.