გასული წლის დეკემბერში კვენტინ ტარანტინომ მისი ერთ-ერთი საკულტო ფილმის - Kill Bill-ის ახალი, მესამე ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. რეჟისორის თქმით, ფილმი დიდ ეკრანებზე შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ ამისათვის მას სამი წელი მაინც დასჭირდებოდა.


ვივიკა ფოქსმა, რომელიც ფილმში უმა თურმანის პერსონაჟის - ბეატრიქს კიდოს მოსისხლე მტრის როლს თამაშობს, განაცხადა, რომ ტარანტინო და უმა ფილმის ახალი ნაწილის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ. მისი თქმით, ტარანტინოს აქვს ნიჭი რეტროსპექტივების საშუალებით ფილმის პერსონაჟებს კიდევ ერთხელ ჩაჰბეროს სული, რათა ვივიკას გმირმა - ვერნიტა გრინმა, საბოლოოდ, მაინც მოახერხოს შურისძიება.



Kill Bill-ის პირველ ნაწილში, იმ სამლოცველოში მოწყობილი სისხლისღვრის გამო, რომელშიც ბეატრიქსი თავის საქმროსთან ერთად საქორწინო რეპეტიციებს გადიოდა, კიდდო გრინს სამაგიეროს უხდის და დაუნდობლად კლავს. ამ დროს, ვერნიტას ქალიშვილი, ნიკი ოთახში შემოდის, სადაც მკვდარ დედასა და ბეატრიქსს ხედავს. კიდდო გოგონას უბრუნდება და ეუბნება, რომ თუ დედამისისთვის შურისძიება მოუნდებოდა, მას დიდხანს მოუწევდა ლოდინი.


ტარანტინო წლების მანძილზე, ფილმის ახალი ნაწილის შესახებ მინიშნებებს აკეთებდა. ფოქსმა კი ახლახან განაცხადა, რომ მისი აზრით, ამდენი ხნის მანძილზე ფილმის ახალი ნაწილის შეფერხების მიზეზი, სწორედ ვერნიტას ქალიშვილი - ნიკი იყო, ვინაიდან გადამღები ჯგუფი ამ პერსონაჟის გაზრდას ელოდებოდა.


საინტერესოა ისიც, რომ ფილმის გადასაღებად საჭირო წვრთნები, რაც მსახიობებს უნდა გაევლოთ, ვივიკასათვის ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, ექვსთვიანი დამქანცველი ვარჯიშებისა და თითოეული ჩალურჯებული ადგილის მიუხედავად, იგი პროექტში ჩადებული შრომის გამო, ყოველთვის იამაყებს.


რაც შეეხება კვენტინს, მისი კიდევ ერთი განცხადების მიხედვით, იგი მეათე ფილმის გადაღების შემდეგ, ახალი კინოს შექმნას აღარ აპირებდა. 2019 წელს კი, Once Upon A Time… In Hollywood-ით მან თავისი დათქმული ლიმიტი ამოწურა. გააგრძელებს თუ არა ტარანტინო რეჟისორობას და საბოლოოდ, გამოვა თუ არა Kill Bill-ის ახალი ნაწილი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.