ვიმ ვენდერსის 1974 წელს გადაღებული ფილმი „ალისა ქალაქებში“ ზღვის სანაპიროზე პოლაროიდის კამერით მჯდომი ფილიპ ვინტერის კადრით იწყება. ჟურნალისტი ფილიპი, რომელიც სინამდვილეში რეჟისორის ეკრანული პროტოტიპია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს იმ მიზნით, რომ თვალით ნანახი ფურცელზე გადაიტანოს. თუმცა, ერთი თვის შემდეგ რედაქციაში სტატიის ნაცვლად მოგზაურობის დროს გადაღებული უამრავი პოლაროიდი მიაქვს. ფილიპი სამსახურს კარგავს, პოლაროიდების გადაღებას აგრძელებს და ევროპაში ბრუნდება, სადაც ახალგაზრდა ქალს და მის პატარა შვილს, ალისას გაიცნობს.
თითქმის 40 წლის შემდეგ, 2017 წელს, ფილმის პირველივე კადრი - ზღვის ნაპირზე ხელში პოლაროიდის კამერით მჯდომი ფილიპ ვინტერი - დამთვალიერებელს ლონდონის ფოტოგრაფიის გალერიის შესასვლელში ხვდება. თუმცა, მის ირგვლივ არა ფილიპის, არამედ რეჟისორ ვიმ ვენდერსის მიერ გადაღებული პოლაროიდებია გამოფენილი.ფოტოალბომი, სახელწოდებით Instant Stories ვიმ ვენდერსის 1970-იან და 80-იან წლებში გადაღებულ 406 პოლაროიდსა და 36 სხვადასხვა ისტორიას აერთიანებს. მასში თავმოყრილია ვენდერსის მეგობრების, ცნობილი მსახიობების, ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობისას შეხვედრილი უცნობი ადამიანების, ადრეულ პერიოდში გადაღებული ფილმების და რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრალო შემთხვევითი ადგილების: ქალაქების, უდაბნოების, ავტომაგისტრალების და სასტუმროების ამსახველი კადრები.
“როცა ეს პოლაროიდები აღმოვაჩინე, პირველი რეაქცია იყო - ვაუ, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? მათი უმეტესობა დავიწყებული მქონდა, გავაანალიზე, რომ ფოტოებს მანიაკივით ვიღებდი“.
როგორც ვენდერსი ამბობს, ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში ბავშვობიდან იწყება, მაშინ როცა მამამ პირველი ფოტოაპარატი აჩუქა. თუმცა, პოლაროიდის გამოყენება 20 წლის ასაკიდან დაიწყო, თხუთმეტი წლის განმავლობაში სულ 12 000-ზე მეტი პოლაროიდი გადაიღო, მაგრამ მხოლოდ 3500 დარჩა, რადგან მათი უმეტესობა ფოტოებზე გამოსახულ ადამიანებს მაშინვე აჩუქა. ვენდერსისთვის პოლაროიდის არსი განსხვავებულია ფოტოგრაფიის დღევანდელი მნიშვნელობისგან. ის არა რეალობის ზუსტად ამსახველი, არამედ იდეების, წამიერი შეგრძნებების და იმ მეხსიერების ფიზიკური ფორმაა, რომელიც თავისი არსით ორიგინალური და განუმეორებელია, მისთვის პოლაროიდი ერთგვარი დროის კაფსულაა, რომელიც ინახავს ინფორმაციას, როგორ გამოიყურებოდა კონკრეტულ მომენტში საგნები, რომლებიც დღეს დაკარგული ან დავიწყებულია.
„პოლაროიდის გადაღების პროცესს არაფერი აქვს საერთო ჩვენს თანამედროვე გამოცდილებასთან, მაშინ როცა ეკრანზე ვირტუალურ გამოსახულებას ვუყურებთ, რომელიც შეგვიძლია წავშალოთ ან ერთიდან მეორეზე გადავიდეთ, პოლაროიდით ქმნი და ფლობ ორიგინალ კადრს, რომელიც ნამდვილი და ერთადერთია - პატარა ოთხკუთხედი სურათი თავისივე ჩარჩოში, არა ასლი, არა ნაბეჭდი, არა მრავალჯერადი და განმეორებადი. არ გაქვს შეგრძნება, რომ ობიექტის გამოსახულება სამყაროსგან მოიპარე, შენ უბრალოდ წარსულის ნაწილი აწმყოში გადმოიტანე.“
ჟურნალ Nowness-თან ინტერვიუში ვენდერსი ამბობს, რომ მისი ყველა ფილმი კონკრეტული იდეიდან იწყება, იდეა კი თავის მხრივ წარსულში ნანახი ადგილებიდან შეიძლება დაიბადოს. პოლაროიდი მისთვის მუდმივი იდეების თავმოყრაა, იდეების, რომლებიც ნანახმა ადგილებმა დაბადა, შემდეგ დაავიწყდა, თუმცა გადაღებული კადრებით მუდმივად შეინახა მეხსიერება, რომელთან მიბრუნებაც ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეუძლია.
ფილმის დასასრულს ალისა ფილიპს კითხვას უსვამს: „რას გააკეთებ, როცა მიუნხენში ჩახვალ?“ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვენდერსს ჰკითხეს, რა არის ამ კითხვის პასუხი, რას გააკეთებს ფილიპი, როცა სამშობლოში დაბრუნდება. ფილიპი პოლაროიდებს აღარ გადაიღებს, მას პოლაროიდები დაეხმარება, რომ თავისი რეალური საქმე დაასრულოს. პოლაროიდებით გაიხსენებს ამერიკის იმ ადგილებს, რომლებზეც უნდოდა რომ დაეწერა, იყო ვენდერსის პასუხი. თითქმის ორმოცი წელია ვიმ ვენდერსს პოლაროიდები აღარ გადაუღია, თავისი კამერა მეგობარ პატი სმიტს აჩუქა, იცოდა, რომ პოლაროიდს არასდროს მიუბრუნდებოდა, თუმცა მის არქივში 3500 პოლაროიდზე გამოსახული მივიწყებული ადგილები შესაძლოა „პარიზი, ტეხასის“ და „ცა ბერლინის თავზეს“ რეჟისორისთვის მორიგი კინოშედევრების ინსპირაციის წყარო გახდეს.
დაწერე კომენტარი