17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს გარკვეული ნაწილი LGBTQ+ ადამიანების მიღებასა და მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღიარებაზე დღემდე უარს აცხადებს. ამის ფონზე კინემატოგრაფიას განსაკუთრებული როლი აკისრია: LGBTQ+ ადამიანების ცხოვრების, განცდების, ყოველდღიური სიძნელეებისა თუ გამოწვევების გადმოცემით მას შეუძლია ბრმა სიძულვილი სოლიდარობით, ურთიერთგაგებითა და მიმღებლობით ჩაანაცვლოს. 

გთავაზობთ 17 ნამუშევარს, რომლებიც თქვენს აუცილებლად სანახავ ფილმთა სიას 17 მაისს უნდა დაუმატოთ.

1. Call Me By Your Name (2017)


მას შემდეგ, რაც “შენი სახელი დამიძახე” მაყურებელმა პირველად იხილა, ფილმი LGBTQ+  თემატიკაზე შექმნილ საუკეთესო ნამუშევართა არც ერთი სიის მიღმა არ დარჩენილა. სამხრეთ იტალიის ზაფხულის მწველი მზის სხივების, გრძელი და ხმაურიანი ღამეებისა და მსუბუქი უდარდელობის ფონზე თინეიჯერი ელიოსა და ოლივერს შორის გაჩენილი გრძნობა, რომელიც თანდათანობით უფრო ღრმავდება, გულგრილს ვერავის დატოვებს. ათეულობით ნომინაციის გარდა, ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის 2018 წელს ოსკარიც კი მოიპოვა.

2. Brokeback Mountain (2005)


“კუზიანი მთა” საზოგადოების მიერ ტაბუდადებული სიყვარულის შესანიშნავი ბალადაა. ფილმი ორი მამაკაცის - ენისისა და ჯეკის - ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც მალე მეგობრობიდან სიყვარულში გადაიზრდება. ყველაფერი, რაც ენისსა და ჯეკს შორის კუზიან მთაზე ხდება, მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს თავისი ცხოვრება და ცოლ-შვილი ჰყავს, კუზიანი მთა შეყვარებულ წყვილს სიცოცხლის ბოლომდე თავისკენ უხმობს. 

3. Moonlight (2016)


“მთვარის შუქი” ჰომოსექსუალი მამაკაცის ისტორიას მისი ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი მონაკვეთით გვიყვება: ბავშვობა, თინეიჯერობა და ზრდასრულობა - თითოეულ ეტაპს ფონად გასდევს ძალადობა, სიყვარული, წლებისა და ადამიანებისგან დატოვებული იარები და ის პრობლემები, რომელთაც უამრავი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი ყოველდღიურად ეჩეხება. მომნუსხველი კადრები და თხრობის შესანიშნავი სტილი ფილმს მაყურებლისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ფილმმა 2017 წელს საუკეთესო სურათის ნომინაციაში ოსკარიც მოიპოვა.

4.  And Then We Danced (2019)


ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ახლობელი იქნება ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელმაც კრიტიკოსთა დადებითი შეფასება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია. ფილმი ტრადიციული კულტურის მქონე კონსერვატიულ საზოგადოებაში აღზრდილი მთავარი გმირის თვითშემეცნებისა და თვითაღმოჩენის საინტერესო პროცესს გადმოგვცემს, რომლის გრძნობები და ფარული სურვილები კარგად ნაცნობ და ხშირად დაუნდობელ ტრადიციებს უპირისპირდება.

5.  Handmaiden (2016)


პარკ ჩან ვუკმა, რომელმაც ფართო აუდიტორიას ფილმით “ოლდბოი” დაამახსოვრა თავი, 2016 წელს მაყურებელს კიდევ ერთი შესანიშნავი სურათი - “მოსამსახურე” წარუდგინა. ‘მოსამსახურე” ფსიქოლოგიური თრილერია, რომელშიც სამი მხარე ერთ უცნაურად მომნუსხველ ისტორიას კრავს. მოსამსახურისა და მისი ქალბატონის ურთიერთობა, მისტიკური გარემო და შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული მისტიკური კადრები მაყურებელს შთაბეჭდილებების ქვეშ დიდხანს დატოვებს.

6. Portrait of a Lady On Fire (2019)


2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი ორი ქალის - მხატვრისა და იმ ახალგაზრდა ქალის ურთიერთობაზე გვიყვება, რომლის სახეც ხელოვანმა ტილოზე უნდა გადაიტანოს. ფილმში აქცენტი მზერაზეა; მხატვარი ახალგაზრდა ქალს იმიტომ უყურებს, რომ მისი სახე ზუსტად დახატოს, ახალგაზრდა ქალის მზერაში კი ინტერესი იკითხება, თუმცა მალე ორივე მათგანის თვალებს საერთო სურვილი იპყრობს. სურათი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ინტიმურობას მზერა უფრო ხშირად ბადებს, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური სიახლოვე.

7. Carol (2015)


შეუძლებელია სიტყვა “მზერა” ისე ვახსენოთ, რომ გონებაში ფილმი “ქეროლი” არ წამოგვიტივტივდეს. ფილმში ყველა მზერა და სიგარეტი გასული საუკუნის 50-იანი წლების აკრძალული სიყვარულის ლამაზ ისტორიას მოგვითხრობს. “ქეროლის” მომხიბვლელობა ქეით ბლანშეტისა და რუნი მარას შესანიშნავ თამაშშია, რომელიც ყოველდღიური დეტალების მშვენიერებასთან ერთად მაყურებლისათვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სურათს ქმნის.

8. Happy together (1997)


ბრაზი, წყენა, ჩხუბი, საერთო მიზანი ან მიზნის ილუზია, სიყვარული ან უბრალოდ მისი ნარჩენები - ვონგ კარ ვაი თავისებური მდიდარი ფერებითა და სწრაფი კადრებით ოსტატურად გადმოგვცემს ორი მამაკაცის ურთიერთობის სხვადასხვა მხარეებს, ზოგჯერ არც ისე ლამაზსა და რომანტიკულს. ყოველ ჩხუბს, შერიგებასა და დამშვიდობებას ის ტკბილ-მწარე არომატი დაჰკრავს, რომლითაც რეჟისორი ერთგულ მაყურებლებს მუდამ უხვად უმასპინძლდება.

9. The Danish Girl (2015)


“დანიელი გოგონა” გასული საუკუნის 20-იან წლებში გვამოგზაურებს და მხატვარ ეინარ ვეგენერის დანიელ გოგონად - ლილიდ გარდაქმნის ემოციურ ამბავს გვიზიარებს. ეს მთავარი გმირის მიერ განვლილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებისა და თვითგამორკვევის გზაა, რომლის დავიწყებაც ედი რედმეინის სამსახიობო ნიჭის, ფილმის ესთეტიკური და საოცრად ემოციური მხარეების წყალობით, მაყურებელს გაუჭირდება.

10. Laurence Anyways (2012)

“და მაინც ლოურენსი” წყვილის ურთიერთობას გვიხატავს მას შემდეგ, რაც ლოურენსი მეგობარ გოგონას გამოუტყდება, რომ ის მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ქალია, მაგრამ სურს, საკუთარი იდენტობით ღიად იცხოვროს. რა ხდება ასეთ დროს? ქრება თუ არა სიყვარული ორ ადამიანს შორის? ნუთუ გენდერია ის, რაც მეორე ადამიანის შეყვარებისკენ გვიბიძგებს? კითხვებზე პასუხები ხავიე დოლანის შთამბეჭდავ ფერებსა და საინტერესო პერსონაჟებში უნდა ვეძებოთ. 

11. Blue Is the Warmest Colour (2013)


ფილმი თინეიჯერი ადელისა და ხელოვანი ემას ურთიერთობის შესახებ გვიყვება. სიყვარული, სურვილი, ტკივილი, ემოციები, თამამი სცენები - ფილმში ყველაფერია, თუმცა მათ შორის მაინც ყველაზე თბილი ფერი - ლურჯი ჭარბობს.

12. Love, Simon (2018)


“სიყვარულით, საიმონი” ჩვეულებრივი თინეიჯერის ჩვეულებრივი ისტორია. საიმონი თვლის, რომ კარგი მშობლები, უმცროსი და საუკეთესო მეგობრები ჰყავს. ის კარგი მოსწავლეა და, ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურადაა, გარდა იმისა, რომ გულით დიდ საიდუმლოს დაატარებს - ეს მისი ორიენტაციაა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ღრმაა ცვლილებებისადმი მისი შიში, საიმონმა მას თვალებში უნდა ჩახედოს.

13. Tangerine (2015) 


ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებისა და სირთულეების შესანიშნავად გადმოცემის გამო ფილმმა აღიარება და მოწონება მოიპოვა. სურათი თავისებურ სამყაროს ქმნის, სადაც სიტყვებს “ნორმალური” და “მისაღები” სხვა ჰოლივუდური ფილმებისგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. რაც  უნდა გასაკვირი იყოს, მრავალი ნომინაციისა და პრიზის მფლობელი ფილმი Iphone 5s-ითაა გადაღებული.

14. Paris Is Burning (1991)


გენდერი, LGBTQ საზოგადოება, ამბიციები, დრეგ-სცენა, რომელსაც ადამიანები ფართო საზოგადოებისთვის მიუღებელი საკუთარი ინდივიდუალურობის წარმოსაჩენად იყენებდნენ - დოკუმენტური ფილმი “პარიზი იწვის” ერთგვარი დროის მანქანაა, რომელიც მაყურებელს 90-იანების ბევრისთვის უცნობ, თვალისმომჭრელსა და ქაოსურ ყოველდღიურობაში ეპატიჟება.

15. But I’m a Cheerleader (1999)


სკოლის ჩირლიდერი მეგანი მკაცრ, კონსერვატიულ ოჯახში იზრდება, რომლისთვისაც შვილის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ტრაგედიაა, რასაც მხოლოდ მკურნალობა უშველის. ასე ხვდება მეგანი გამოსასწორებელ დაწესებულებაში, რომელმაც იგი კვლავ “ნორმალურ” გოგოდ უნდა აქციოს. გენდერული იდენტობა, იარლიყები და იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელიც შენს ინტერესებსა და სურვილებს არაფრად აგდებს - ფილმი 21 წლის შემდეგაც კი საკმაოდ აქტუალურია.

16. All About My Mother (1999)


ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, მანუელას, გარდაცვლილი ვაჟისთვის არასდროს უთქვამს, რომ ბიჭის ბიოლოგიური მამა ტრანსგენდერი ლოლაა, რომელიც თავს სექსმუშაკობით ირჩენს. ალმოდოვარი მისთვის დამახასიათებელი თხრობის შესანიშნავი მანერით, ემოციურობითა და ლამაზი ფერებით გვიხატავს ტრანსექსუალთა ცხოვრებას იმ საზოგადოებაში, რომელშიც საკუთარი რეალური სახის გამოვლენა ხშირად ძალიან ძვირი გვიჯდება.

17. Boy Erased (2018)

საკუთარი სექსუალური იდენტობის გამორკვევა, საზოგადოების წნეხი, რომელიც მუდმივად დამალვას გაიძულებს და ხმის ამოღებას არ გპატიობს - ცხოვრების ეტაპი, რომლის შესახებაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რეჟისორმა ეკრანზე არც ისე ნათელი ფერებით გააცოცხლა. ფილმმა ათეულობით, მათ შორის, ოქროს გლობუსის 2 ნომინაცია დაიმსახურა.