“სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” - ფრაზას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია, დღეს შეიძლება მრავალი მნიშვნელობა ჰქონდეს: თანამედროვე საზოგადოება ხშირად იძულებული ხდება სილამაზის ინდუსტრიას მსხვერპლად კოლოსალურ თანხები, საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ცხოველების სიცოცხლე და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა შესწიროს. ასეთ სამყაროში სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი, რომელიც, სილამაზის ინდუსტრიის უსამართლო მოთხოვნებზე უარს განაცხადებს, დღემდე დიდი ფუფუნებაა. ამ მცირერიცხოვან ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული ადგილი The Body Shop-ს უჭირავს; ბრენდს, რომელიც სტანდარტებსა და მუდმივად მსხვერპლის მოთხოვნას ღიად დაუპირისპირდა და ბიზნესი სიკეთის ძალად აქცია.


The Body Shop-ის ისტორია 1976 წელს ინგლისში დაიწყო, როცა ბრენდის დამფუძნებელმა ანიტა როდიკმა ბრაიტონში პირველი მაღაზია გახსნა. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილმა ბრენდმა მოღვაწეობა სულ რაღაც 25 პროდუქტით და ისეთი ნაბიჯით დაიწყო, რომელიც მრავალმილიონიან კომპანიებს აზრადაც არ მოსვლიათ: მომხმარებლები, რომლებიც პროდუქტის ცარიელ კონტეინერებს მაღაზიაში დააბრუნებდნენ, განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებდნენ. ნარჩენების შესამცირებლად ამ, ერთი შეხედვით, უბრალო და მარტივმა გზამ  The Body Shop სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდად აქცია. 

The Body Shop მომხმარებლებს მოუწოდებს, არაფრად ჩააგდონ სილამაზის მავნე სტანდარტები და საკუთარი თავი შეიყვარონ. ბრენდი  შექმნის დღიდანვე ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგია, იბრძვის გარემოს დაცვის მიმართულებით და მუდმივად ახორციელებს კამპანიებს ქალების უფლებების დაცვისა და თანასწორობის მხარდასაჭერად. 


გარემო, ცხოველების სიცოცხლე, ადამიანების ჯანმრთელობა, ქალთა უფლებები, თანასწორობა - თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი სამყაროს შექმნისთვის ბრძოლა ბრენდის მთავარი კონცეფციაა, რომელსაც დღესაც, პანდემიის პირობებშიც, არ ღალატობს. ამის შესანიშნავი მაგალითი კი ახალი კამპანიაა, სახელწოდებით Isolated Not Alone, რომელიც The Body Shop-მა და Natura&Co-ს სხვა ბრენდებმა (Avon, Aesop და Natura) საერთაშორისო ორგანიზაცია No More-სთან თანამშრომლობით წამოიწყეს.


2020 წელს COVID-19-ის გავრცელების ფონზე საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევათა რიცხვი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 3 ქალიდან 1 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. პანდემიის პირობებში ადამიანები იზოლაციაში მოძალადეებთან ერთად აღმოჩნდნენ. Isolated Not Alone კამპანიის მიზანია ცნობიერება აამაღლოს იმ ფარული საფრთხის შესახებ, რომელიც იძულებით თვითიზოლაციას მოჰყვა. 

The Body Shop საკუთარი ვებგვერდის საშუალებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს რჩევებსა და მოძალადისგან თავის დაცვის ხერხების შესახებ ინფორმაციას უზიარებს. აგრეთვე, დახმარებისკენ მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ფლობს.


“ამ პრობლემის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, ქალებისა და საფრთხის წინაშე მყოფი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად ჩვენს გლობალურ გავლენას გამოვიყენებთ. ინფორმაციასა და რჩევებს გავუზიარებთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, დახმარებას გავუწევთ შესაბამის სერვისებს და სახელმწიფოს ამ სერვისების ფინანსურ მხარდაჭერას მოვთხოვთ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოძალადეებთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ჩვენ თქვენთან ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ. თქვენ არ ხართ მარტო; ჩვენ გხედავთ და თქვენი გვესმის.”


Isolated Not Alone გლობალურ კამპანიაში, რა თქმა უნდა, აქტიურადაა ჩართული The Body Shop Georgia, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით პრობლემის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის დაუღალავად მუშაობს. ამასთან, The Body Shop Georgia თითოეული გაყიდული პროდუქტის საფასურიდან 2%-ს “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად გადარიცხავს.

"არასდროს შეგეშინდეთ იმისი, რომ გამოეყოთ უმრავლესობას და დადგეთ სიმართლის მხარეს..." - ვკითხულობთ ბრენდის ვებგვერდზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს სიტყვები უბრალოდ იმიჯის ნაწილი როდია. 1976 წლიდან დღემდე განხორციელებული უამრავი კამპანიით The Body Shop უფრო ნათელი და ლამაზი სამყაროსთვის იბრძვის და ყოველი ნაბიჯით ამტკიცებს, რომ რეალური სილამაზე სიკეთეში, სხვების დახმარებასა და უპირობო ზრუნვაშია.