დღეს, მაშინ როცა მოდის სამყაროში არაერთი ნიჭიერი და უკვე კარგად ცნობილი ფოტოგრაფი მოღვაწეობს, ალბათ რთულია მოახერხო და საზოგადოებას საკუთარი ფოტო რაღაცით მაინც დაამახსოვრო. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ის, ვინც ეს ნამდვილად მოახერხა, ბრიტანელი ფოტოგრაფი გლენ ლეჩფორდია, რომლის ფოტოობიექტივმაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდის სახლებისა და თანამედროვე ბრიტანული კულტურის ისტორია უკვე ასახა.
წითელი და ყვითელი ტონები, მისი გამორჩეული ტექნიკისთვის დამახასიათებელი შუქჩრდილები და რაც მთავარია კარგად დადგმული კადრი, რომელიც შემთხვევით გადაღებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, გლენ ლეჩფორდის სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია. ამ ხელწერით შექმნილი მისი ფოტოები საზოგადოებამ ამ დრომდე ბრიტანული და ფრანგული ვოგის ჟურნალებში - Vanity Fair-სა და I-D-ში უკვე იხილა. თუმცა, ლეჩფორდის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი 1990-იანი წლების ბოლოს განხორციელებული პრადას ავანგარდული მოდის კამპანია იყო, რომელმაც ბრიტანეთში არაერთი პრესტიჟული, მათ შორის The British Design-ის ჯილდო დაიმსახურა. სწორედ მას შემდეგ ლეჩფორდი მოდისა და ხელოვნების სფეროში აღიარეს, როგორც თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სრულიად განსაკუთრებული ვიზუალური ხელწერის მქონე ფოტოგრაფი, რომლის მსგავსი მის გამოჩენამდე იშვიათად თუ უნახავთ.
გლენ ლეჩფორდმა თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში უკვე გადაიღო Lanvin-ის, Miu Miu-ს, Chloe-ის და Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიები. ერთ-ერთი ბოლო კი, ვისთანაც ფოტოგრაფმა იმუშავა, Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორი ალესანდრო მიკელეა, რომლის პირველი კამპანია ამ ბრენდის ფარგლებში უკვე გადაიღო. ლეჩფორდის ნამუშევრები ისეთი გალერეებისა და მუზეუმების კედლებში მოხვედრილა, როგორებიცაა ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი, გუგენჰეიმი და MoMA.
ლეჩფორდის ერთ-ერთი პირველი კოლაბორაცია ბრიტანელ მხატვარ ჯენი სევილთან ლონდონისა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების გალერეებში გამოიფინა, მათი ეს თანამშრომლობა ამავდროულად ერთობლივი მუშაობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმსაც მოიცავდა. კინო კი ისაა, რაც ფოტოგრაფიის პარალელურად ხელოვანის ინტერესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია, გარდა იმისა, რომ ლეჩფორდის ფოტოების ხასიათი სწორედ მისი კინოსადმი სიყვარულმაც განსაზღვრა, გლენი თავადაც არაერთი ფილმის რეჟისორია. მან 2001 წელს გადაიღო Here To Where, სტივენ სპილბერგის შთაგონებით შექმნილი ფილმი, რომელიც მაყურებელმა ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კინოსადმი ინტერესი პერიოდულად სხვადასხვა მოდის სახლთან თანამშრომლობისას გადაღებულ კამპანიებში აისახება ხოლმე, ლეჩფორდის მთავარ ინტერესად ისევ და ისევ ფოტოგრაფია რჩება. 30-წლიანი კარიერის განმავლობაში შექმნილი არაერთი დასამახსოვრებელი კადრი, რომლებიც მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანების გარდა, ისეთ მსახიობებსაც აერთიანებს, როგორებიც ტილდა სუინტონი და დენის ჰოპერი არიან, გლენ ლეჩფორდმა უკვე ხუთ წიგნად წარმოადგინა. Closed Contact (2002), Glen Luchford (2009), Damaged Negatives (2013) და Glen Luchford: Pictorialism (2014) - სწორედ მისი წიგნების სათაურებია, ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი კი, სახელწოდებით The Agony and the Ecstasy, ფოტოგრაფმა 2018 წელს გამოსცა.
დაწერე კომენტარი