The Guerrilla Girls პოლიტიკური შინაარსის ნამუშევრებით გამორჩეული ანონიმური ფემინისტი ხელოვანების ჯგუფია, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია აქტიურად აკრიტიკებს უთანასწორობას. მათ რიგებში წლების მანძილზე 100-მდე ხელოვანი ყოფილა - ზოგი ერთი კვირით ან ერთი თვით, სხვები კი წლობით.
ჯგუფის ჩამოყალიბება ორ მოვლენას უკავშირდება: პირველი, ეს არის 1971 წელს გამოსული ლინდა ნოქლინის ესე, სათაურით Why have there been no great women artists?, რომელშიც ავტორი ხელოვანი ქალების იგნორირებაში ინსტიტუციებს ადანაშაულებს. მეორე კი, 1985 წელს MoMA-ში გამართული გამოფენა გახდა, რომლის 165 მონაწილიდან მხოლოდ 17 იყო ქალი, ფერადკანიანი არტისტი კი - არც ერთი. “იმ პერიოდში ბევრი ქალი და ბევრი ფერადკანიანი ხელოვანი ამ სიტუაციას პირადულად იღებდა და ფიქრობდა, რომ თავად მათ აკლდათ რაღაც. ვერ იაზრებდნენ, რომ რეალურად პრობლემა სისტემაში იყო. სისტემას არ ვუნდოდით,” - ამბობს The Guerrilla Girls-ის ერთ-ერთი წევრი.
MoMA-ს წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეები მალევე მიხვდნენ, რომ პლაკატები და შეძახილები არანაირ გავლენას არ ახდენდა და ისეთი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს, რომლის მიზანიც სახელოვნებო დისკრიმინაციის გასაკრიტიკებლად უფრო ეფექტური გზების მოფიქრება იქნებოდა. სწორედ ასე შეიქმნა პარტიზანი გოგოების ჯგუფი. “უეცრად მივხვდით, რომ ვიღაცების აზრით, მუზეუმში გამოფენილი ხელოვნება საუკეთესოა და თუკი მუზეუმის გარეთ დგახარ და პროტესტს გამოთქვამ, მაშინ უბრალოდ უნიჭო ხარ. იმ დროს გავიაზრეთ, რომ უკეთესი, უფრო თანამედროვე და უფრო თვალშისაცემი გზა უნდა მოგვეძებნა, რომლითაც ადამიანების შეხედულებებს შევცვლიდით.”
შედეგად, ქალებმა გორილების ნიღბები მოირგეს და საკუთარ ფსევდონიმებად ისეთი გარდაცვლილი არტისტების სახელები გამოიყენეს, როგორებიც არიან ფრიდა კალო, ზუბეიდა აგა, კეტე კოლვიცი, გერტრუდ სტაინი და სხვები. სახალისოა, რომ გორილას ნიღბებზე არჩევანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეტყველებისას დაშვებული შეცდომის გამო გაკეთდა, რომელმაც Guerrilla-ს ნაცვლად Gorilla წარმოთქვა. რაც შეეხება ანონიმურობას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით საკუთარ თავებზე მეტად, პრობლემებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას. “ჩვენ შეიძლება ვიყოთ ნებისმიერი. ჩვენ ვართ ყველგან!” - ამბობს მათი ერთ-ერთი წევრი.
საინტერესოა, რომ არტისტების მთავარი იარაღი სტატისტიკა გახდა, რომელსაც ხელოვნებაში მანამდეც იყენებდნენ, მაგრამ არა ამდენად ეფექტურად. The Guerrilla Girls-ის წევრები მუზეუმებში დადიოდნენ და მონაცემებს საკუთარი ხელებით აგროვებდნენ, შემდეგ კი შუაღამისას SoHo-ს მახლობლად - იქ, სადაც მაშინ გალერეები იყო განთავსებული, ანონიმურ პოსტერებს აკრავდნენ, რომლებზეც უბრალოდ ფაქტები ეწერა. პოსტერები იმ გალერეებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს ასახელებდა, რომლებიც მხოლოდ თეთრკანიანი მამაკაცების შემოქმედებით იყვნენ დაინტერესებულნი. კურატორი მაურა რელი ამბობს: “მათ ჩემს აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს, განსაკუთრებით იდეაზე, რომ დათვლა - ქალებისა და მამაკაცების პირდაპირი გზით დათვლა - ფემინისტური სტრატეგიაა. ვიცი, რომ ყველაფერი უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა, მაგრამ ეს კარგი გზაა ლაპარაკის დასაწყებად.”
ჯგუფის ყველაზე ცნობილი პოსტერია Do women have to be naked to get into the Met. Museum?, რომლითაც მათ კვლავაც მუზეუმებში ხელოვანი ქალების სიმცირეზე გააკეთეს აქცენტი. სამწუხაროა, რომ 30 წლის შემდეგაც კი სიტუაცია მკვეთად არ შეცვლილა. “ბევრი ადამიანის აზრით, პრობლემა გადაიჭრა, რადგან ბევრ გალერეაში სქესის კუთხით თანაბარი მაჩვენებელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სოლო გამოფენებს უმეტესად ხელოვანი კაცები მართავენ, ქალები კი ჯგუფურ შოუებში არიან გამომწყვდეულნი”, - ამბობს ზუბეიდა აგა. აქვე უნდა გავიხსენოთ 1985 წელს შექმნილი სტატისტიკაც, რომელიც ჯგუფმა 2015 წელს არც ისე სახარბიელო შედეგით განაახლა - ზოგიერთ მუზეუმში ქალების ნამუშევრების რაოდენობა კვლავ მიზერულია.
1990-იანი წლებიდან The Guerrilla Girls-მა აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ სქესობრივი, არამედ დისკრიმინაციის სხვა ფორმების კრიტიკაც. მათ შემოქმედებასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება კითხვა: რა არის ეს - ხელოვნება თუ პოლიტიკა? კითხვაზე ჯგუფის წევრებს ერთგვაროვანი პასუხი არ აქვთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, გავლენას ორივე სფეროზე ახდენს და იმ ადამიანებს აძლიერებს, რომელთაც ისინი იცავენ.
ადრეული 2000-იანებიდან ჯგუფმა კინოინდუსტრიის კრიტიკაც დაიწყო. თავიანთ ნამუშევრებში ისინი აკადემიის ნომინაციებზე წარდგენილი ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების სიმცირეს უსვამდნენ ხაზს.
განსაკუთრებით საინტერესოა 2005 წელს შექმნილი ნამუშევარი, რომელმაც ვენეციის მუზეუმები გააკრიტიკა. როცა The Guerrilla Girls ვენეციის ბიენალეზე მიიწვიეს, მათ აღმოაჩინეს, რომ ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმში არსებობდა კოლექციები, რომლებიც ხელოვანი ქალების ნამუშევრებისგან შედგებოდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ისინი კედლებზე გამოეფინათ, მათ სარდაფებში ინახავდნენ. სწორედ ამის საპასუხოდ შეიქმნა პოსტერი - Where are the women artists of Venice?
საბოლოოდ, The Guerrilla Girls-მა მართლაც შეძლო სახელოვნებო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დიალოგის წამოწყება და დღეს მათი ნამუშევრები ბევრ კულტურულ დაწესებულებაშია გამოფენილი, მაგრამ არც ერთ მუზეუმს არ აქვს საავტორო უფლებები. კოლვიცი ამბობს: “ახლა ძალიან ბევრ მუზეუმში ვართ და ეს ძალიან უცნაურია. უნდა გვიხაროდეს? უნდა გავბრაზდეთ, რომ ამდენი დრო დაგვჭირდა? არ ვიცი. უფრო მეტად ქუჩისთვის შექმნილი ნამუშევრები გვაინტერესებს, მაგრამ მუზეუმებს ბრწყინვალე აუდიტორია ჰყავთ.”
დღეს მათი კრიტიკის მთავარი ობიექტი ხელოვნების კოლექციონერები არიან, რომელთაც, მათი აზრით, ინსტიტუციური ძალაუფლება აქვთ: “ვიაზრებთ, რომ ხელოვნების ნიმუშები ძალიან ძვირია და სწორედ ეს მდიდარი ადამიანები ყიდულობენ მათ, მაგრამ ვერ ვხვდებით, რატომ აკონტროლებენ ისინი ინსტიტუციებს.”
ისინი არ იზიარებენ ხელოვნების ხარისხის საფასურით განსაზღვრის ტენდენციასაც. მათი ნებისმიერი პოსტერის ყიდვა მცირე თანხის სანაცვლოდ შეიძლება და იმ პორტფოლიოებიდან, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია განთავსებული, რამდენიმე ათას დოლარზე მეტად არც ერთი შეფასებულა. “როცა სხვადასხვა არტისტის შესახებ კითხულობ, ძალიან დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად მდიდრები არიან ისინი და რამდენად ძვირად იყიდება მათი ნამუშევრები. არავინ უყურებს სისტემას და ამბობს: ესაა ის გზა, რითაც კულტურა უნდა იქმნებოდეს?”
მთლიანობაში, მთავარი, რასაც ჯგუფი წლებია აპროტესტებს - დისკრიმინაციული ერთგვაროვნებაა. “ხელოვნების სამყაროში ძალაუფლება უმეტესად თეთრკანიან მამაკაცების ეკუთვნით. ისინი კი, თავის მხრივ, ისეთ ნამუშევრებს ქმნიან, რომლებიც მათ კულტურასა და გამოცდილებას უკავშირდება. ეს არ არის არასწორი, უბრალოდ შეზღუდულია”, - ამბობენ ისინი.
The Guerrilla Girls-ის წევრების აზრით, პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ისინი ადამიანებს “ცუდად მოქცევისკენ” მოუწოდებენ.
დაწერე კომენტარი