იზოლაციისა და დისტანციური ცხოვრების განუყრელი ნაწილი უკვე სხვადასხვა საინტერესო, საჭირო თუ უბრალოდ გასართობი ნივთის ონლაინ შეძენაც გახდა, რაც პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რამაც მსოფლიოს უამრავი ბიზნესი სრული უმოქმედობისგან იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ საყიდლები პანდემიამდელ პერიოდშიც მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, დღეს ის სულ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება, რაზეც ქართული კონცეპტუალური და ონლაინ მაღაზიების საქმიანობაც მეტყველებს. დღეს ქართულ ონლაინ სივრცეში უამრავ გამორჩეულ არტ ობიექტებს, პრინტებს, დიზაინერულ ნამუშევრებსა თუ ხელნაკეთ ნივთებს აღმოაჩენთ.
Rosebud
ქართული წინდების მწარმოებელი ბრენდი Rosebud, რომელიც დახვეწილი სტილისა და პრემიუმ ხარისხის ფერად ქსოვილებს ქმნის, საზაფხულო სეზონისთვის მრავალფეროვან და საინტერესო დეტალებით გაფორმებულ პროდუქციას გვთავაზობს, რომლის შეძენასაც ბრენდის ვებგვერდზე შეძლებთ.
Ceramic Studio 1300
ირინე ჯიბუტისა და ტასო გომელაურის მიერ დაარსებული Ceramic Studio 1300-ის
ხელნაკეთი ნივთები მისი არასტანდარტული ფორმებით, ფერებითა და სილუეტებით არის გამორჩეული. ამჯერად სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შექმნილი კონსტრუქტორების სერიით, ლეგოს სათამაშოს შთაგონებით შექმნილ ჭიქებს გთავაზობთ, რომლებიც სტუდიოს Facebook გვერდზეა ხელმისაწვდომი.
The Why Not Gallery
არტისტ ქეუ მეფარიშვილის გამორჩეული ფორმებისა და ფერების მქონე სანთლებს The Why Not Gallery-ის საჩუქრების მაღაზიაში აღმოაჩენთ, რომელიც დროდადრო ქართველი ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შექმნილ სხვადასხვა საინტერესო, კონცეპტუალურ ნივთებს გვთავაზობს. ამასთან, არტისტ თეკლა კიღურაძის ულამაზესი პრინტები ინტერიერის დახვეწილი და ორნამენტული ხასიათის დიზაინის მოყვარულთათვის ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი იქნება, რომლის შეძენასაც გალერიის ვებგვერდზე შეძლებთ.
Flying Painter
თუმცა მსოფლიო რეგულაციები ნელ-ნელა იხსნება და ყველა აქამდე ნაცნობი რეალობის დაბრუნებისკენ ისწრაფვის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულობას ინარჩუნებს. Flying Painter-ის ახალი პირბადის დიზაინი, რომელიც საღეჭ რეზინა Love is…-ში ჩადებული გზავნილებით არის შთაგონებული, მფრინავი მღებავის სიყვარულზე გვიყვება. “სიყვარულის პირბადის” შეძენა ქართული კონცეპტუალური ბრენდის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
Black Dog Shop
უნიკალურ ქართული დიზაინის სტუდიოსა და მაღაზია Black Dog Shop-ში, რომელიც ქართული დამწერლობის, ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობს, ქართველი მულტიმედია მხატვრის, უტა ბეკაიას ლიმიტირებული ტირაჟის პრინტს აღმოაჩენთ, რომლებშიც ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟებია გაცოცხლებული. მის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, Black Dog Shop-ის Facebook-გვერდის დახმარებით შეძლებთ, მიტანის სერვისში კი ზედმეტი თანხის გადახდაც აღარ მოგიწევთ.
Chubika Store
დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილის მიერ დაარსებულმა Chubika Store-მა, რომელიც უნიკალური არტ ობიექტების, სამკაულებისა და უმაღლესი ხარისხის სამოსის მიმართულებით მუშაობს, პანდემიის თემაზე შექმნილი ლიმიტირებული ოდენობის სამკაული WINGS for HEROES გამოუშვა, რომელიც მინიმალისტური დიზაინის მოყვარულთათვის ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი გახდება.
Vodkast Records
მუსიკოს ანუშკა ჩხეიძის ახალი ალბომის, Halfie-ის შეძენას, რომელიც 24 აპრილს გამოვიდა, უკვე Vodkast Records-ში შეძლებთ, რომლის დიზაინზეც ლადო კობახიძემ, ხოლო ვინილის ფოტოსურათზე გიორგი ზათიაშვილმა იმუშავეს. დახვეწილი დიზაინის მქონე ვინილს 8 ორიგინალ ტრეკთან ერთად, ერთი ბონუს ტრეკიც მოჰყვება, რომლის შეძენასაც ონლაინ Vodkast Records-ის ვებგვერდზე შეძლებთ. მუსიკის მოყვარულთათვის ეს ვინილი ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარი იქნება.
დაწერე კომენტარი