“მფრინავი მღებავი” მოდის თანამედროვე ტენდენციების ერთგული მიმდევრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ თითოეულ პერანგს, კაბასა თუ აქსესუარს საკუთარი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ესაა პლატფორმა, რომელსაც ხელოვანები საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და რომანტიკული შინაარსის მესიჯების საზოგადოებამდე მისატანად იყენებენ.
Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის თანადამფუძნებელ ბობო მხითართან, რომელიც “მფრინავი მღებავის” შექმნის ისტორიაზე, კონცეფციასა და მის ახალ რეალობაში ფუნქციონირების შესახებ გვიყვება.
როგორ გაჩნდა “მფრინავი მღებავის” შექმნის იდეა და რა არის თქვენი მთავარი კონცეფცია?
ჩვენი ბრენდის სახელი პეტრე ოცხელის ერთ-ერთ ნამუშევარს უკავშირდება, რომელიც მან 1937 წლის ფილმისთვის “ფრთოსანი მღებავი” შექმნა. ჩვენი მაღაზია სამი წლის წინ ფაბრიკასთან ერთად გაიხსნა. საბჭოთადროინდელი ფაბრიკის დახურვის შემდეგ უამრავი ტანსაცმელი დარჩა. ჩვენი მთავარი კონცეფცია 90-იანების დროს შეკერილი ტანსაცმლის ისტორიის გაცოცხლება და გაგრძელებაა.
მოგვიყევით თქვენი პროდუქციის შესახებ. რას სთავაზობთ მყიდველს, რაც თქვენი კონკურენტებისგან გამოგარჩევთ?
თავიდან ვგეგმავდით, “მფრინავი მღებავი” მულტიბრენდული მაღაზია ყოფილიყო, ამიტომ მომხმარებელს სხვადასხვა ქართველი დიზაინერის ტანსაცმელებსა და აქსესუარებს ვთავაზობდით, თუმცა დღეს მაღაზიაში უმეტესად “მფრინავი მღებავის” ბრენდის ტანსაცმელი გვაქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება აქსესუარებს, აქ კვლავ მრავალფეროვნებას ვამჯობინებთ, ვყიდით ისეთ ნივთებს, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენს მომხმარებლებს დააინტერესებს. ბევრი სხვა მაღაზიისგან განსხვავებით უნიკალური ნივთებიც გვაქვს, რომლებსაც დიზაინერები მხოლოდ ერთ ცალს ამზადებენ, შესაბამისად, მათი ზუსტი ასლი ბაზარზე არაა. ჩვენი თითოეული პროდუქტის მიღმა განსაკუთრებული მესიჯია - პოლიტიკური, სოციალური, რომანტიკული და ა.შ. სხვებისგან ამითაც განვსხვავდებით.
ვინ არის “მფრინავი მღებავის” მომხმარებელი?
მართალია, ქართველი მომხმარებლებიც გვყავს, მაგრამ ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებულად უცხოელებს მოსწონთ. ზოგადად, “მფრინავი მღებავის” მომხმარებელია ყველა, ვინც ხელოვნებასთან სიახლოვეს გრძნობს, ესწრაფვის განსხვავებულობასა და კრეატივს.
რა იყო თქვენთვის, როგორც სტარტაპერისთვის, ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
როგორც აღვნიშნე, თავიდან მულტიბრენდული მაღაზია გვქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის წარმოების დაწყება მარტივი არ იყო. თავდაპირველად, მაღაზიის ადგილმდებარეობაც სირთულეებს ქმნიდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკა ცენტრალურ ქუჩასთან ახლოსაა, ტერიტორია მაინც საცხოვრებელ უბნად უფრო ითვლებოდა, ამიტომ მომხმარებლების მოზიდვა ცოტა რთული იყო. ფასის საკითხიც არ აღმოჩნდა ადვილი; ხელნაკეთი ნივთები იაფი ვერ იქნება, ამიტომ მომხმარებელზე მორგებული და ოპტიმალური ფასების განსაზღვრაც უნდა გაგვეთვალისწინებინა.
როგორ აისახა ბოლოდროინდელი მოვლენები თქვენს ბიზნესზე?
ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, ამჟამად ჩვენი მაღაზია არ ფუნქციონირებს, თუმცა მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ.
როგორც ყველას, ალბათ, თქვენც შეგეცვალათ სამომავლო გეგმები…
რა თქმა უნდა. ამჟამად ონლაინ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული. ახლა მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჩვენი მაღაზიის გახსნას ველოდებით.
დაწერე კომენტარი