ცოტა ხნის წინ The Art Newspaper-თან აუდიოინტერვიუში მარინა აბრამოვიჩმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ხელოვნების შექმნა, რომელიც მიმდინარე პროცესებთან და სიახლეებთან კავშირში არ არის. „მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხელოვანისთვის ძალიან საშიშია ყოველდღიური მოვლენების თავის საქმიანობაში გადატანა, თუ დაუყოვნებლივ შევქმნით ნამუშევრებს ამ თემაზე, ეს ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს, თითქოს ჩვენ ყოველდღიურ სიახლეებს გადავამუშავებთ. მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნება ამისთვისაა, ჩემი აზრით, ხელოვნება შემაშფოთებელი უნდა იყოს, მან უნდა დასვას კითხვები და იწინასწარმეტყველოს მომავალი, - განაცხადა აბრამოვიჩმა, შემდეგ კი დაამატა: - არ მომწონს კორონავირუსთან გამკლავება - მე უბრალოდ არანაირი იდეა და შთაგონება არ მიმიღია მისგან. კორონავირუსი ნამდვილად არ არის ისეთი სექსუალური რამ, რასთან მუშაობაც მომინდებოდა“.
როდესაც ხელოვანს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ის საშემსრულებლო ხელოვნებისა და სოციალური დისტანციის ურთიერთკავშირის შესახებ, მან უპასუხა: „დარწმუნებული ვარ კორონავირუსი სამუდამოდ არ იქნება, გამოიგონებენ ვაქცინას და ჩვენ შეგვეძლება ისევ ჩავატაროთ ნორმალური ღონისძიებები“.
მანამდე კი ის პრობლემის გადაჭრის გზად „დამატებით რეალობას“ (რეალობა, რომელიც სურათისა ან ვიდეოს გადაღების შემდეგ წარმოიქმნება და ტექნიკის მეშვეობით ციფრული ინფორმაციის დამატებით ფენას ქმნის) გვთავაზობს, „რადგან თქვენ შეგიძლიათ შემსრულებლის ენერგია გადაიღოთ და საკუთარ მისაღებ ოთახში დატკბეთ მისით“.
სერბი ხელოვანი, რომლის 2019 წლის პერფორმანსმა - „ცხოვრებამ“ - იგი ციფრულად, ვირტუალურ ავატარად წარმოგვიდგინა, ახლა ავსტრიაშია იზოლირებული. „მე ნებისმიერ სიტუაციაში ვმუშაობ და უმეტესად, ამ დროს ისედაც იზოლირებული ვარ. ამიტომ ჩემთვის ამჟამინდელ მდგომარეობას ბევრი არაფერი შეუცვლია“, თქვა მან, როდესაც ჰკითხეს თვითიზოლაციის შესახებ მის დამოკიდებულებაზე.
ზოგადად კი პანდემიის შესახებ ხელოვანმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ადამიანები ახლა შიშით არიან მოცულნი, მათ უყვართ თავიანთი ცხოვრების დაგეგმვა და იმის ცოდნა, თუ რას გააკეთებენ მანამ, სანამ ისინი ცოცხლები არიან, ახლა კი, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მე პირადად მიყვარს გაურკვევლობა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, მხოლოდ აწმყოში მომხდარი მოვლენებია“.
ხელოვანმა ცოტა ხნის წინ პატივი მიაგო მის ყოფილ შეყვარებულსა და თანამშრომელ ულეის, რომელიც ამ წლის დასაწყისში გარდაიცვალა. „ისეთივე თავისებური და ცეცხლოვანი იყო ჩვენი ურთიერთობაც, როგორებიც ჩვენ ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ამ ენერგიის მოზიდვა და ჩვენს ცხოვრებაში და საქმეში ჩვენივე სასიკეთოდ გამოყენება. ჩვენი ნამუშევრებით იმდენ ხანს ვიამაყებ, რამდენ ხანსაც ცოცხალი ვიქნები“.
ინტერვიუს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი