საკუთარ თავზე საუბარი ჯერ შვილებით დაიწყო, შემდეგ კი გადაცემით გააგრძელა. მხოლოდ მსახიობს დავამატებ და მეც ასე დავიწყებ... წაიკითხეთ და კიდევ უფრო ახლოს გაიცანით ოლგა ბაბლუანი, ორი შვილის - ლიანას და ნასტასიას დედა, შემეცნებითი გადაცემის - “რა დროს ძილიას?!” ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი და მსახიობი, რომელთანაც ჩაწერილი ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისი ქართულ-ფრანგული კარიერული გზის, ბაბლუანების კინოსკოლის, მამისაგან მიღებული ყველაზე საჭირო რჩევისა და, რა თქმა უნდა, ცოტა სახლში ყოფნის შესახებაც გამოვიდა.
სულ რომ არაფერი ვიცოდეთ თქვენ შესახებ, საკუთარ თავზე საუბარს საიდან დაიწყებდით?
გააჩნია ვისთან ვსაუბრობ, ვის ვესაუბრები. პირველ რიგში, ნებისმიერს მივესალმებოდი. მე ვარ ოლგა ბაბლუანი. ორი შვილის, ლიანას და ნასტასიას დედა. შემეცნებითი გადაცემის, “რა დროს ძილიას?!” ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი. გავიცნოთ ერთმანეთი და ვნახოთ რა გამოგვივა.
რას გვეტყვით თქვენზე ისეთს, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ?
ყველას თავისი რეალობა აქვს, ძნელია თქვა, სხვამ აუცილებლად რა უნდა იცოდეს. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი გზა, საკუთარ თავთან მისასვლელი გზაა. კარგად უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. საჭიროა ვაანალიზებდეთ ჩვენს დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს გარკვეულ სიმყარეს გვანიჭებს, გვეხმარება სირთულეების დაძლევაში. ცხოვრება სირთულეების დაძლევის სასიამოვნო მარათონია.
მსახიობი ოლგა ბაბლუანი... გახსოვთ გადაწყვეტილების მიღების მომენტი თუ ოჯახის გამო ეს თქვენთვის ბუნებრივი მოცემულობა იყო? გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.
გავიზარდე კინოოჯახში. საბჭოთა დიქტატურის პერიოდში ხელოვნების სფეროს გარდა, ცოტა იყო სივრცე, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად გეარსება, ლაღად გეცხოვრა… გადაღებები, წიგნები, ფილმები… ეს იყო ჩემი სამყარო. მამა ძალიან მყარად იყო საკუთარ ქვეყანაში ინტეგრირებული - გიჟდება სვანეთზე, მეგობრებზე, პროფესიაზე. საკუთარ ქვეყანაში პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებდა. ძლიერი პიროვნების მოდელი დიდ სიმყარეს გვაძლევდა, ბუნებრივი მდგომარეობა იყო ჩვენთვის ეს გარემოც და მისი გაგრძელებაც. საფრანგეთში ჩასვლისას თინეიჯერობის ასაკიდან ახალი გამოსული ვიყავით - სორბონის ენის კურსებიდან ისტორიულზე ჩავაბარე და შემდეგ თეატრალურში გადავწყვიტე გადასვლა. მსახიობობა მარტივად, ბუნებრივად გამომდიოდა - დნმ-ის დონეზე, სულ ვიცოდი ამის კეთება. ეს იყო რენესანსის ხანა - სხვა დრო და ეპოქაც. რეპეტიციები, ლექციები, კინო, მუზეუმები, განსხვავებული ცხოვრების სტილი… ამ დროს დაიწყო პიროვნული ჩამოყალიბება, ახალი ინტერესები შემოვიდა. ნელ-ნელა მსახიობობის შესწავლა თავის ლიმიტს წურავდა, ინტერესმა მეტად მედიისა და ტელევიზიისკენ გადაინაცვლა. მედია/ტელევიზია - ესეც ერთგვარი “სპექტაკლის სფეროს” ნაწილია. იმ განსხვავებით, რომ მე ვქმნი მთლიან კონცეფციას და ვაწვდი მაყურებელს იმას, რაც დროში ადეკვატურად, საინტერესოდ მიმაჩნია. საოცარი ენერგია ტრიალებს სტუდიაში. უამრავ ჭკვიან, ნიჭიერ ადამიანს ვხვდები. პროცესი ძალიან მავსებს.
ოდესმე გიფიქრიათ თეატრის მსახიობობაზე?
არასოდეს. ცოცხლად ჩაკეტილი, ლამაზი სამყაროს შეგრძნებას მიჩენდა.. სიამოვნებას მანიჭებს კარგი სპექტაკლის ყურება. ეს სხვა სიამოვნებაა.
ჟურნალისტი, ავტორი, რედაქტორი და ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი…
კომუნიკაციების სფერო... მედია პირდაპირ ხალხზე გადის - პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს. ბუნებრივი, შინაგანი მდგომარეობაა. როდესაც გაქვს შესაძლებლობა აკეთო ის, რაც გიყვარს, იღებდე ყოველდღიურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, დიდ რწმენას და პიროვნულ სიმყარეს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ 50% სირთულეების გადალახვაც ერთი მთლიანობის ნაწილია, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ დიდია, არ არსებობს კომპრომისები, გზიდან ვერ გადაუხვევ და შესაბამისად, არ არსებობს წაგება.
როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს დღეს მედიას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენთვის რა ძალა აქვს სიტყვას და რატომ რჩებით ამ პროფესიაში?
ადამიანი გამუდმებით ვითარდება, ცვლილების სურვილს განიცდის. იმაზე უკეთესი უნდა იყო, ვიდრე გუშინ იყავი ნებისმიერ მოცემულობაში. სად და როგორ ვრჩები, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ვარ დღეს, რადგან მედიასივრცეში ჩემი გადაცემის საჭიროებას ვხედავ. და პირველი იყო სიტყვა, როგორც ისტორიულად გვსმენია. სიტყვებთან ერთად იკვეთება ადამიანის აზრები, იდეები, გრძნობები, რასაც თან ახლავს ხმაც და ყალიბდება პიროვნება, ადამიანი. სიტყვებს განსხვავებული დატვირთვა აქვს სხვადასხვა ასაკსა და კულტურებშიც. ამიტომ რჩება სიტყვა ფასეული. მედიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ მიმართულებით საზოგადოების აზრის ფორმირებაში - თუ როგორ და რა ფორმით ადებს სიტყვებს ამა თუ იმ მოვლენებს. მისი სიტყვა ემსახურება თუ არა ხალხს? უქმნის თუ არა ადამიანს ფსიქოლოგიური, ემოციური, ინტელექტუალური, ჰუმანური კუთხით ჯანსაღ და ხარისხიან გარემოს? მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი გაჟღერებული ყოველი სიტყვა ამ ჩამონათვალს არ ცდებოდეს.
თქვენი საავტორო გადაცემები ყოველთვის განსხვავდება იმ შემეცნებითი პროექტებისგან, რომლებსაც "მეინსტრიმ" მედიასაშუალებები გვთავაზობენ, მათი სახელწოდებებიც კი ამ სივრცისთვის არასტანდარტულად ჟღერს. "მშვიდობით, იარაღო!", "რა დროს ძილია?!"... როგორ პასუხობენ ეს სახელწოდებები გადაცემის კონცეფციას და ზოგადად, კონტექსტს, რომელშიც ვცხოვრობთ?
არასტანდარტულია, რადგან, ვერც მე ვარ სტანდარტული. კრეატიულ გარემოში გავიზარდე, რაც გიყალიბებს ესთეტიკის შეგრძნებას, გემოვნებას... ადამიანს 2 მთავარი ნიჭი აქვს: სიყვარულის და კრეატივის შექმნის. ეს ორივე ერთმანეთზეა გადაბმული. ქართულ-ფრანგული კულტურით, კინოს სფეროდან მოვდივარ სატელევიზიო სივრცეში. ეს ნაზავი ქმნის იმ კრეატიულ თავისებურებას, რასაც თქვენ გულისხმობთ. ომებგამოვლილ და საკმაოდ აგრესიულ გარემოში “იარაღთან დამშვიდობება” საინტერესოდ მიმაჩნდა, სათაური ჰემინგუეის ნაწარმოებიდან წამოვიდა. არც კონცეფცია იყო დემოკრატიული გარემოდან შორს. განსხვავებული სოციალური სფეროს და პროფესიის ადამიანები ერთად იკრიბებოდნენ, ერთ სივრცეში, სადაც ყველას თავისუფლად შეეძლო საკუთარი იდეების და მოსაზრებების გამოთქმა.
“რა დროს ძილია?!” - შემეცნებითი კონცეფციის მატარებელია. გადაცემაში წინა პლანზე ვწევთ თემებს, რომლებიც საზოგადოების პროგრესს უსვამს ხაზს, ვიწვევთ ადამიანებს, რომლებმიც ქმნიან, აწარმოებენ, გამოცდილებას აზიარებენ. გვინდა ვაჩვენოთ ის, რაც წინსვლისთვის საჭიროა. ნებისმიერი შერჩეული საკითხი ადამიანზეა ორიენტირებული, მის ინფორმირებას ეძღვნება. მოსახლეობის 85% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს ქვეყანაში. პასუხისმგებლობა საკმარისად დიდია და ვხედავთ, რომ ჩვენი მაყურებელი ამას გრძნობს.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც პროფესიულ გზაზე შეგხვედრიათ...
შვილებთან განშორების პერიოდებს უკავშირდება. სირთულეებიც მენიუს ნაწილია. მარინ ლეპენი, საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიის ლიდერი გამახსენდა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გავიცანი. ინტერვიუზე შევთანხმდით. მივედით მისი პარტიის ოფისში, დავიწყეთ ჩაწერა. ვეკითხები: რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა გაქვთ და კულუარებში საუბრობენ, რომ პუტინი გაფინანსებთ. კეთილგანწყობის გამო ცოტა ხანს ითმინა. დემოკრატიული ქვეყანაა რუსეთი, სადაც არჩევნები ტარდებაო. ვერ დაგეთანხმებით, გამეცინა - რუსეთი ყველაფერია დემოკრატიულის გარდა მეთქი... და აქ გაბრაზდა. ეს ინტერვიუ სპეციალურად არის მოწყობილიო? გავაჩერებო. როგორ გეკადრებათ, ვერ გავაჩერებთ, დავასრულოთ ბარემ, იქნებ შემდეგს რას გეკითხებით-მეთქი… მოკლედ რისხვით ინტერვიუს ჩაშლა გავაჩერეთ.
ყველაზე საჭირო პროფესიული რჩევა, რომელიც ამ გზაზე მიგიღიათ...
დეპარდიეს ლექცია გვქონდა ინსტიტუტში. მხოლოდ თავისუფლებისთვის არის ადამიანი დაბადებულიო. ამ რწმენის განმტკიცება და გაგებაც მაშინ მჭირდებოდა. მამაჩემის სიტყვებიც, რომ ჩემი ძალა ჩემივე სიმართლეა.
რას მოაქვს თქვენთვის კმაყოფილების განცდა, ვინ ან რა არის ინდიკატორი იმისა, რომ საქმე ნამდვილად კარგად გამოგივიდათ?
კმაყოფილების განცდა წუთიერი საკითხია. საქმის ხარისხის დიდი პროცენტი, შრომის შემდეგ, ნიჭს მოაქვს. რა გიკავია ხელში, გუშინდელთან შედარებით ეს არის საინტერესო. ადამიანად დარჩენაა მთავარი, კეთილგანწყობის შენარჩუნება, თორემ საქმე ასე თუ ისე ყველას გამოსდის.
პარიზში პირველად რომ მივდიოდე, პირველ რიგში, რის მონახულებას მირჩევდით?
პირველს ალბათ ლუვრს გირჩევდით. ყოველთვე დავფრინავ და პირველი გასვლა ქალაქში ლუვრით იწყება, ფეხით მივდივარ. ყოველ ჩასვლაზე cafe marley-ში - პირამიდის გვერდით, ლუვრისავე შენობაში - ვჯდები ტერასაზე, ნებისმიერ ამინდში, ყავით ხელში და ვაკვირდები გარემოს. საათივით ვიმართები.
ჩვენს ქვეყანაში რა მოგწონთ ბოლო დროს?
ჩემი ქვეყანა მიყვარს ყველა დროს. ისევ ვგრძნობ, როგორ ახლოვდებოდა გაზაფხული პარიზში, სწავლის ბოლო სემესტრის დროს - იწყებოდა რეკვები მეგობრებთან - მოვდივართ, რას შვრებით, ვინ სად ხართ… შეხვედრები და დახვედრები... ადამიანს სახლი სჭირდება, რაც უნდა მეორე სახლი გქონდეს, მეორე ქვეყანა, მშობლიური პირველად რჩება. ღია კარი და ოკუპირებული ტერიტორიები მაწუხებს. გარდატეხის ასაკში აფხაზეთიდან ფეხით წამოსულ ხალხს რომ ვუყურებდით ტელევიზორში, ცრემლები მადგებოდა, ვერ ვიმჩნევდი, როგორ ტიროდა დედაჩემი ამ დროს, როგორ აგროვებდა მამაჩემი სვანების და მეგობრების ბატალიონს ომში წასასვლელად. მოვლენები, რომელიც შენს ქვეყანას ეხება, ცხოვრებას რადიკალურად გიცვლის. ჭრილობები შუშდება, ნაიარევი რჩება. “გაიღიმეთ” ქართულ-ფრანგული კო-პროდუქციის ფილმია, სადაც ელენეს, აფხაზეთიდან დევნილ ქალს ვთამაშობ. ომის დროს, სადაც ერთი მოქალაქე ზარალდება, ზარალდება ყველა ერთად. დევნილები ვართ ყველა, გვდევნიან ყველას, როცა ტერიტორიებს გვართმევენ. ელენეს როლი ჩემი ისტორიის ნაწილია. არჩევანიც ამ როლზე გავაკეთე. დღეს, მიუხედავად ველური კაპიტალიზმის თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, ქვეყანა ვითარდება! მსოფლიო რუკაზე მკვეთრად ვჩანვართ, განსაკუთრებით, ტურიზმით, სახელოვნებო სფეროთი. ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი აქვთ. მიზანდასახულები, ლამაზები, წინსვლაზე ორიენტირებულები არიან. მათ სჭირდებათ ხელის შეწყობა. სწორი ახალგაზრდული პოლიტიკაც, მათზევე მორგებული, გრძელვადიანი მომავლისთვის აუცილებელია. პირველი გადაცემისთვის ქასტინგით ამყავდა სტუდენტები, ვიცნობ და ვხედავ მათ. იმედიც მათგან მოდის.
რა არის თქვენთვის Cool?
სიცოცხლეა Cool. ყველაფერი ნამდვილია cool - ცხოვრებას ვერ უღალატებ, სიყვარული, მზის ჩასვლა, მაროკოს სანაპიროზე მირაჟი, ტყიდან მოსული წვიმის სუნი, ახლობლებთან ერთად გიჟური ისტორიები, დილამდე ფეხით სიარული… რაღაცებს ჩემთვის დავიტოვებ.
შეგიძლიათ სამი სიტყვით დაახასიათოთ როგორია თქვენი სტილი?
თანამედროვე - elegant - სპორტულის და კლასიკურის შერწყმაა.
ფილმი, რომელიც გგონიათ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი…
“ცხოვრება მშვენიერია”, ფრენკ კაპრა.
საყვარელი კადრი ფილმიდან...
“შესანიშნავი შვიდეულიდან”, მუსიკის ფონზე ერთად მომავალი ტიპები ცხენებზე! 10-ჯერ მაქვს ნანახი ბავშვობაში ჩემებთან ერთად.
და კინოროლი, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდით…
ჩემს სიცოცხლეში საკუთარი როლის შესრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი, სერიებს მივყვები და არა უშავს რა, მადლიერი ვარ შემქმნელი ძალის.
ცოტა რამ სახლში ყოფნის შესახებაც... ბოლო დროს რა მნიშვნელობა შეიძინა თქვენთვის სახლმა, როგორ იყო აქამდე და ახლა როგორ ატარებთ თვითიზოლაციის პერიოდს?
ამ კითხვას როცა მისვამენ, პირდაპირ ისინი მახსენდებიან, ვისაც გაუჭირდა ეკონომიურად, მორალურად... მე პირველად ვატარებ სახლში დიდ დროს. ძალიან სასიამოვნოა. რამდენიმე დაწყებული პროექტი გავშალე. საფრაგეთში დროებით, პანდემიის გამო გარკვეული ვალდებულებები მომეხსნა. პრიორიტეტები გადავალაგე. დავდივარ დღეში ფეხით 1 სააათი. ვვარჯიშობ. ვარჯიში წყალივით მჭირდება, ენერგიას მწყობრში მიყენებს. ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ, ვწერ… მეგობრებთან ახალი, ოქროს ხანა გაგვეხსნა.
შვილებთან ვარ ხაზზე ყოველ დღე. დიდი პანიკა იყო საფრანგეთში, კრიზისის მართვა გაუჭირდათ. პატარა 15 წლის არის და თინეიჯერობის ტალღამ ნელ-ნელა გადაუარა ამ ბოლო პერიოდში... სოფელშია საფრანგეთში ჩაკეტილი 9 მამიდაშვილ-ბიძაშვილთან ერთად. სხვა გზა არ აქვს , ცხენსაც კი დაუბრუნდა.”ოჯახისკენ იბრუნა პირი " - დაფიქრებულია, რეკავს , გვამოწმებს , დრო მაინც გაუთვლელი აქვს ისევ, როდის დაგეცემა სალაპარაკოდ გაუთვლელია. ამ ასაკში ყველა აჯანყებაზე ფეხის აწყობა სჭირდება, მოსმენა, სულ უნდა იცოდეს, რომ უპირობოდ მის გვერდზე ხარ, არა აქვს მნიშვნელობა როგორ იქცევა. უფროსი, ლიანა, დამოუკიდებელი ადამიანია და საინტერესოდ ატარებს ამ პერიოდს, ახალ აღმოჩენებში… ასე რომ, არ ვიწყენთ. უკვე ვაგრძელებ სტუდიურ ჩაწერებს. როგორც ყველა, მეც ველოდები სოციალური ფეხის ადგმას.
ხშირად მესმის ისიც, რომ ამ ვირუსის შემდეგ სამყარო იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, მიშელ უელბეკმა თქვა, რომ ამის იმედი არ გქონდეთ, პირიქით, დამიჯერეთ, ბევრად უარესი იქნებაო. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება რამე? ან, საერთოდ, რას მოაქვს უკეთესობისკენ ცვლილებები?
სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთზე ვთანხმდებით ყველა, რომ პანდემიამდე არსებულ ცხოვრების სტილს და რიტმს ცვლილება დაეტყობა, ისევე როგორც ჩვენ. როგორ და რა ფორმით, ამას შემდგომ პერიოდში გავიგებთ. სამყარო შეიცვალა ვირუსამდე, ტექნოლოგიური რევოლუციის შემდეგ. კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის ცვლილება არ მომხდარა, რადგან სამომავლო შედეგების გათვლა რთულია. ინდუსტრიულმა რევოლუციამ მსოფლიოში პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური წესრიგი სრულიად შეცვალა. დღევანდელი ტექნოპროგრესი ბევრად დიდია. ვერავინ გათვლის რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ. დადებითი მხარე ბევრად უფრო ნათელია, ვიცით. მაგრამ სამყაროს ბნელი მხარეებიც აქვს. ბიოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი… ეს ყველაფერი როგორ იქნება გამოყენებული ადამიანის ხელში არავინ იცის. ეს საკითხი დღის წესრიგში მეტად გასათვალიწინებელია, ვიდრე ამას პოლიტიკური ელიტები განიხილავენ.
პოლიტიკით თუ ინტერესდებით?
მსოფლიოს პოლიტიკას ვადევნებ ინტერესით თვალს. ევროპა, მაგალითად, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტიაა, მეორე ეკონომიკური ძალა მნიშვნელოვანი ღირებულებებით, ის ასევე საქართველოსთვის აუცილებელი პარტნიორია. იმედს ვიტოვებ, რომ 20 წელიწადში ევროპაც იარსებებს, საქართველოც მისი სრულუფლებიანი ნაწილი იქნება. ვერ შევაფასებ დადებითად ნაციონალიზმის გაძლიერებას, რადგან კოოპერაცია სჭირდება სამყაროს, იდეოლოგიების და წარმოუდგენელი კოოპერაციის ნაკლებობას განიცდის მსოფლიო. საქართველოს პოლიტგარემოს ახლა ვეცნობი,დროც მაძლევს ამის საშუალებას. არ იმსახურებს საუკუნოვანი ისტორიის და კულტურის ქვეყანა ასეთ არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს. ღირებულებების და ფასეულობების შიმშილია.არნახული გაპრავებებით, სკამისთვის ყველაფერი მოსულა და ვითომც არაფერი ყოფილა! ეს არ ეხება მთელს პოლიტიკურ სპექტრს ბუნებრივია...პოლიტიკურ ექსპერტად არ გამოვდგები,მაგრამ ყველასთვის ნათელია : ახალგაზრდული პოლიტიკა და განათლების საკითხი მარშალის გეგმას უნდა წარმოადგენდეს. ახალგაზრდა , ჯანსაღი თაობა შეძლებს ცვლილებების მოტანას.
და ბოლოს, ვიცით, რომ თქვენი, ბაბლუანების ოჯახი ქართულ-ფრანგული კინოსკოლის გახსნას აპირებს, მოგვიყევით მის შესახებაც, რას შესთავაზებს სკოლა თავის სტუდენტებს და რით იქნება ის გამორჩეული ადგილობრივ სივრცეში?
ამ საკითხზე გელასთან საუბარს გირჩევთ. დეტალურად შეუძლია ინფორმაციის მოწოდება. ეს მისი, თემურის და ფრანგი პარტნიორების პროექტია. პროფესიონალიზმი და საერთაშორისო აღიარება უნდათ, რომ კინოინდუსტრიის განვითარებას მოახმარონ. კავკასიის რეგიონში მასშტაბური ფრანგულ-ქართული კულტურის კერა შეიქმნება. პანდემიამ შეფერხებებიც გამოიწვია დროის ფაქტორთან დაკავშირებით. იმედია მალე ჩავდგებით კალაპოტში.
ჯანმრთელობას გისურვებთ. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
დაწერე კომენტარი