კარანტინის დროს “ჰარი პოტერის”  ავტორმა ჯოან როულინგმა  თავისი სახლის ბიბლიოთეკა უკვე დაგვათვალიერებინა. დანიელ რედკლიფმა კი, დევიდ ბექჰემთან, დაკოტა ფენინგთან, კლაუდია კიმთან, ნომა დუმეზვენთან და ედი რედმეინთან ერთად, ამავე წიგნის აუდიოვერსია შემოგვთავაზა. რაც შეეხება საკულტო ნამუშევრის მოყვარულებს, ახლა მათ შესაძლებლობა ეძლევათ დიგიტალურად, ე.წ. Escape room-ით როულინგის თავბრუდამხვევ მაგიურ სამყაროში კიდევ ერთხელ ჩაერთონ.

 

“თამაშს” ისე დაიწყებთ, როგორც ჰოგვარტსის სკოლის პირველკურსელი.  ჯადოსნური ქუდი გადაწყვეტს, თუ სასწავლებლის რომელ სახლში გააგრძელებთ “ცხოვრებას”. ამასობაში თქვენ უკვე საერთო ნადიმსაც დაესწარით, სადაც სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ვახშმობა მოახერხეთ. დაძინებამდე სახლის მეთვალყურე უფროსკურსელმა ახალი დავალება მოგცათ: სკოლის ერთგვარი ტრადიციის მიხედვით, ახლად ჩარიცხული “მაგლი” უნდა ჩაიკეტოს ბნელ ოთახში და მაგიის გამოყენების გარეშე თავის გასათავისუფლებლად თავსატეხებს უპასუხოს. ამის შემდეგ მხოლოდ კარის ჯახუნის ხმას გაიგონებთ და ყველაფერი დაბნელდება...

ვირტუალური სივრცე პენსილვანიის ერთ-ერთი დასახლების, Peters Township-ის საჯარო ბიბლიოთეკაში შეიქმნა. ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა გავიგოთ, რამდენად შევძლებთ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში თვითგადარჩენას, ამიტომ, თუ თქვენ გიზიდავთ “როულინგისეული ჯადოსნობა”, კარანტინული საღამოების გასატარებლად  Escape room სწორედ თქვენთვისაა.