“ჩემი ფოტოები იმიტომ არის კარგი, რომ ფოკუსში ცნობილი ადამიანები არიან”,

- თქვა ენდიმ.



1960 წლის დასაწყისში უორჰოლი თავის კამერას  სულ თან ატარებდა. მუდმივად იღებდა როგორც თავის პირად ცხოვრებას, ასევე - ყოველდღიურ ამბებს, რომლებიც მის სტუდია The Factory-ში ხდებოდა. 

ფაქტობრივად, პოპ-არტისტის მისწრაფებამ - სელფის ფოტოებმა - დღევანდელი სოციალური მედიის პლატფორმებს გზა გაუკვალა და  დღეს რომ სელფი არსებობს, ეს შეიძლება უორჰოლის დამსახურებაცაა.



“ის ისტორიაში პირველი არტისტი იყო, რომელიც  უამრავ ფოტოს იღებდა და ამავე დროს, რომელსაც უამრავ ფოტოს უღებდნენ”.

1974-1985 წლების ფოტოებში ისეთი ადამიანების პორტრეტებს ვხვდებით, როგორიცაა ლაიზა მინელი, მუჰამედ ალი, ბიანკა ჯაგერი, დოლი პარტონი, დებორა ჰარი და რობერტ მეპლტორპი. უორჰოლს გაგიჟებით უყვარდა ცნობილი ადამიანების გადაღება. ის ხაზს უსვამდა და მუდმივად ამტკიცებდა, რომ ამერიკელ საზოგადოებას ფართო კულტურული აკვიატებები ჰქონდა. მისი პოლაროიდები განსაკუთრებით გამოირჩევა წამიერების შეგრძნებით, რადგან ადამიანი მომენტალურად აღიქვამს სურათში ასახულ დროსა და ადგილს. 

დოლი პარტონი, 1985

 

1984 წელს უორჰოლი Interview Magazine-ში დოლი პარტონთან საუბრობდა. ინტერვიუდან განსაკუთრებით ცნობილია ის ნაწყვეტი, როდესაც არტისტი დოლის ეკითხება, იყო თუ არა მის ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც ნანობდა, რომ არ  გაუკეთებია, რაზეც დოლიმ მახვილგონივრულად უპასუხა: “დიახ! მისი სახელია ჯიმი”.

ივ სენ ლორანი, 1972


ივ სენ ლორანი უორჰოლის ობიექტივში ხშირად ჩნდებოდა. 1970 წელს არაერთი ჭორი გავრცელდა, თითქოს დიზაინერს არ მოსწონდა ენდის ფერადი პორტრეტები. თუმცა ლორანმა მალევე ჩაახშო გავრცელებული აზრი და დაწერა წერილი, სათაურით “მე ისინი მიყვარს. მე შენ გაღმერთებ. მე შენი მეგობარი ვარ.” 1974 წლის 31 ივლისს ლორანმა ენდის პარიზიდან  წერილი გაუგზავნა. ივ სენის ცნობილი სიტყვები, ისევე, როგორც მიკ ჯაგერისა და ტრუმენ კაპოტეს ჩანაწერები, გამოფენა Letters to Andy Warhol-ზე იყო ნაჩვენები. 

კენდი დარლინგი, 1969

 

კენდი დარლინგი, ტრანსგენდერი მსახიობი და ერთ-ერთი იმ სუპერვარსკვლავთაგანია, რომელიც 60-70-იან წლებში უორჰოლის სტუდია The Factory-ის წევრი გახლდათ. ისინი 1967 წელს ბურლესკის შოუზე შეხვდნენ ერთმანეთს და განუყრელი მეგობრები გახდნენ. დარლინგი უორჰოლის ორ ფილმშია გადაღებული - Flesh (1968) და Women in Revolt (1971). მსახიობი, ლიმფომით (ავთვისებიანი სიმსივნე)  გარდაიცვალა. “სამწუხაროდ,  ცხოვრებაში არანაირი ძლიერი სურვილი აღარ მაქვს დარჩენილი… ძალიან მოწყენილი ვარ ყველაფრით… ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ყოველთვის ვიცოდი ეს...  ვისურვებდი, რომ კიდევ ერთხელ შეგხვედროდით”.

ჯეინ ფორტი და მაქს დელისი ფილმ L’Amour-ის გადასაღებ მოედანზე, პარიზი, 1970

 

ჯეინ ფორტი 15 წლის ასაკში სტუდია The Factory-ში რეგისტრატორად მუშაობდა. თუმცა მალევე ითამაშა სხვადასხვა ფილმში - Women in Revolt (1971) კენდი დარლინგთან ერთად, Trash (1970) და  L’Amour (1973). 

ჟან-მიშელ ბასკია, 1983

 

ზოგადად, ამბობენ, რომ არასოდეს უნდა შეხვდეთ თქვენს კუმირებს. თუმცა, ორ ესთეტსა და სხვადასხვა თაობის პიონერს შორის  გაცნობის დღიდანვე  განსაკუთრებული ურთიერთობა  დამყარდა. 1983-1985 წლებში, გარდა მეგობრობისა, ისინი საუკეთესო თანამშრომლები გახდნენ. მათი ურთიერთობა ნამდვილად სიმბიოზიური იყო. ჟან-მიშელი ფიქრობდა, რომ ენდის სახელგანთქმულობა სჭირდებოდა, ხოლო ენდის - ჟან-მიშელის ახლებური ხედვა. 1987 წელს ჟან-მიშელი, ენდის გარდაცვალების შემდეგ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ერთ წელიწადში კი ჰეროინის დოზის გადაჭარბების გამო სიცოცხლეს გამოესალმა.



“არასდროს მინახავს ენდი ასე ახლოს ყოფილიყო სხვასთან და არასდროს მინახავს ჟან-მიშელი ასე ახლოს ყოფილიყო სხვასთან. ამ ბიჭებს ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი.”  - ჯეფრი დეიჩი