გრეის ჯონსის ჰიტს - Slave To The Rhythm  30 წელი შეუსრულდა. რიტმული, ღრმა და სექსუალური ტრეკი ჟან-პოლ გუდის ყველაზე გავლენიან ვიდეოდ მიიჩნევა, რომელმაც პოპ-კულტურაში გარდამტეხი ძვრები გამოიწვია.  Slave to the Rhythm ანგრევს გენდერულ თუ რასობრივ სტერეოტიპებს, სადაც  გუდის გამორჩეული ხედვა იდეალურად ერწყმის  ჯონსის უნაკლო სტილს.

გთავაზობთ ჯონსის ყველაზე დასამახსოვრებელი ჩაცმულობის სტილს. 



“მე არ მიყვარს როდესაც ადამიანები რაღაცებს მალავენ.იდეალური არავინაა, ჩვენ ყველას გვაქვს ისეთი თვისება, რაც შესაძლოა სხვებს არ მოსწონდეთ, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ნაკლოვანებების ჩვენება.” - ამბობს გრეისი.


გრეისის სტილმა ხორცი შეასხა სიტყვა “queer”-ს, სანამ ტერმინს უფრო ფართოდ გამოიყენებდნენ. 1981 წელს იამაიკელი მუსიკოსის მეხუთე საკულტო ალბომი - Nightclubbing გამოვიდა, რომლის გარეკანიდან  შავ პიჯაკში ჩაცმული არტისტი, პირში სიგარეტით, თავისი დამახასიათებელი, გასაოცარი მზერით იყურება. 



მხოლოდ გრეისს შეეძლო ქურქის ისე მორგება, რომ მისთვის მრავალნაირი დატვირთვა მიეცა. მაგალითად, როგორიც იყო Fendi-ისთვის გამართული ფოტოსესია, ან ენდი უორჰოლთან თანამშრომლობა, სადაც არტისტს ხელში თოფი უჭირავს და მხრებზე ქურქი ნახევრად აქვს შემოგდებული. ასევე, მუსიკოსის ჩაცმულობიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ტარანტულის სამოსში გამოჩენა იყო, სადაც ტანზე შემოტკეცილი ბოდე,  ბაცი ყავისფერი  თავსაბურავი და ტარანტულის ჩამოკონწიალებული თორმეტფეხა ქურქი ამშვენებდა.




გრეის ჯონსისა და ნიუიორკელი არტისტის, კით ჰარინგის თანამშრომლობა სხვა არტისტებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა. კითს არაერთხელ ჰყავს გრეისი მოხატული, გარდა ამისა, ჰარინგმა მუსიკოსის სიმღერისთვის - “I’m not perfect (But I’m perfect for you)” უზარმაზარი კაბა შექმნა. 1986 წელს ფილმში Vamp ჯონსი ფსიქიკურად აშლილი, სტრიპტიზის მოცეკვავე ვამპირის როლს ასრულებდა, სადაც  ერთ-ერთი ცეკვის სცენისთვის კვლავ ჰარინგმა მოხატა. არტისტი ფოტოგრაფ რობერტ მეპლტორპმა გადაიღო, სადაც გრეისის სხეულზე კითის გამორჩეული და დამახასიათებელი შავ-თეთრი პიქტოგრამებია დახატული. საკულტო ნამუშევარი - “ლუქი” - უთვალავმა არტისტმა აიტაცა და გამოიყენა, მათ შორის რიანამ - თავის ვიდეორგოლისთვის - Rude Boy.




1985 წელს არტისტის ერთ-ერთი გამორჩეული საკულტო ფოტოსურათი ალბომ Island Life-ის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც ის, ფაქტობრივად,  შიშველი, ერთ პოზაში გაჭიმული, სტატიკურად დგას. ფოტოსურათი ჯონსის გრძელვადიანი თანამშრომლისა და შემდეგ მისი პარტნიორი ჟან-პოლ გუდის მიერ იყო გადაღებული. ჯონსის შემდეგ ფოტოგრაფმა კიმ კარდაშიანი იგივე სტილში გადაიღო, სადაც შამპანურის ჭიქა კიმის საჯდომზეა შემოსკუპებული. აღნიშნულ ფოტოსესიას კი გრეისის განაწყენება მოჰყვა.



1983 წლის გრემის დაჯილდოებაზე არტისტი კარლ ლაგერფილდის უზარმაზარი ქუდითა და შავი კაბით წარდგა. არტისტის თქმით, არჩევანი აღნიშნულ კაბაზე იმიტომ გააკეთა, რომ  ისე წარმოეჩინა თავი, როგორც გამარჯვებულს, რადგან დაჯილდოებაზე მუსიკოსი თავისი ვიდეოსთვის - One Man Show  იყო ნომინირებული.