ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და ჯგუფ Yellow Magic Orchestra-ს წევრი რუიჩი საკამოტო ინტერნეტით ახალი კონცერტის ვიდეოს ავრცელებს, სახელწოდებით Playing the Piano for the Isolated. ის კარანტინში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს ლაივ-კონცერტს სახლიდან გაუსვლელად, ვირტუალურად დაესწრონ.
კომპოზიტორი, რომელიც ლუკა გუადანინოს ფილმის, Call Me By Your Name-ისა და ამავე რეჟისორის უახლესი ფილმის, The Staggering Girl-ის საუნდტრეკების ავტორია, პერფორმანსისას თავის ცნობილ ნაწარმოებებს ასრულებს. მან ჩანაწერში განმარტა ის ფაქტიც, რომ დარბაზი სრულიად სტერილური იყო და მუსიკოსებიც ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობდნენ.
საკამოტოსთან ერთად პერფორმანსში ჰიდეჯირო ჰონჯოც მონაწილეობს, რომელიც სპეციალურ სტუმრადაა მოწვეული და ტრადიციულ იაპონურ სამსიმიან მუსიკალურ ინსტრუმენტზე, შიამისენზე უკრავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თვის დასაწყისში Boiler Room-ის ონლაინ კინოფესტივალზე კომპოზიტორის ცხოვრების და მისი შემოქმედების მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმი - Ryuichi Sakamoto: Coda აჩვენეს.
ლაივ-კონცერტის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ მუსიკოსის Youtube-ის გვერდზე:
დაწერე კომენტარი