დღევანდელ რეალობაში, სადაც პანდემიამ ყველა სფეროს დღის წესრიგი შეცვალა, ხელოვნებისა თუ მოდის ინდუსტრიები დაბნეულები, გაურკვეველი მომავლის მოლოდინში არიან. ქართულმა მოდის ინდუსტრიამ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ასეთ მძიმე დროსაც კი არ შეწყვიტა განვითარება და დიზაინერებსა თუ მოდის მოყვარულებს არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა. MBFWT მომავალ სეზონს უპრეცედენტო ადგილას ჩაატარებს - Coca-Cola-ს ყოფილი ქარხანა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად იქცევა.
ყოფილი ქარხნის 27 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორია იქნება ადგილი, რომელიც მოდისა თუ ხელოვნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს მთელი მსოფლიოდან და მათ საკუთარი შემოქმედების საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალებას მისცემს.
მართალია, MBFWT არსებული ვითარების გამო გადაიდო, მაგრამ ის არ გაუქმებულა, ქართველი დიზაინერები ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციებით მზად არიან საზოგადოების წინაშე საინტერესო და შთამაგონებელი ნამუშევრებით წარდგნენ. ნამდვილად ღირს დაველოდოთ MBFWT-ის მომავალ შოუს ახალ სივრცეში.
დაწერე კომენტარი