Cafe Stamba, Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kokhta, Lolita და Fabrika - ეს აჭარა ჯგუფის იმ რესტორნებისა და კაფეების ჩამონათვალია, რომელთა ღია სივრცეებიც 7 ივნისიდან მომხმარებლებს უმასპინძლებენ. 15 ივნისიდან კი სასტუმროები - Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta სტუმრების მიღებას შეძლებენ.
აჭარა-ჯგუფი აღნიშნავს, რომ კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე უსაფრთხოების ზომებისა და სტანდარტების შემუშავებისთვის, რათა მომხმარებლებმა თავი დაცულად იგრძნონ.
ინფორმაცია აჭარა-ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა და მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა ძალიან მალე მოგვეცემა.
პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ გამოწვევებსაც და ჩვენს სტუმრებს კვლავ მივცემთ უნიკალური სტუმარმასპინძლობისა და კულინარიული გამოცდილების გაზიარების საშუალებას”.
დაწერე კომენტარი