ბიორკი პოპულარული ისლანდიელი მუსიკოსია, რომელიც სხვადასხვა სტილის გამოყენებით, განსაკუთრებით კი ელექტრონული და ბუნებრივი ხმების სინთეზირებითაა ცნობილი. საინტერესოა, რომ კარიერის ადრეულ ეტაპზე ის ფიქრობდა, რომ ერთ სოლო ალბომსაც ვერ გამოაქვეყნებდა. თუმცა დღეს მისი შემოქმედება ცხრა სტუდიურ და კიდევ არაერთ ერთობლივ, ლაივ და რემიქს ალბომებს ითვლის.  



ბიორკი 1965 წელს რეიკიავიკში დაიბადა და პირველი ალბომი, რომელშიც ისლანდიური ტრადიციული სიმღერების საკუთარი ვერსიები ჩაწერა, 11 წლის ასაკში შეადგინა. მისი ადრეული კარიერიდან აღსანიშნავია როკ-ჯგუფი Sugarcubes, რომლის მთავარი სოლისტიც ის რამდენიმე წლის მანძილზე იყო. თუმცა ბენდი 1992 წელს დაიშალა და მალევე ბიორკმა თავისი “პატარა პირადული სიმღერების” გამოქვეყნება გადაწყვიტა. 



სწორედ ამ სიმღერების ნაკრებია 1993 წელს გამოსული მისი პირველი სოლო ალბომი Debut, რომლის ჟღერადობაც Sugarcubes-ის შედარებით მძიმე ჟღერადობისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ალბომი ბიორკის მთელ მომავალ შემოქმედებას ბრწყინვალედ გადმოსცემს - ეს არის ნაზავი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მუსიკალური სტილისა, დაწყებული ტექნო-პოპით და დასრულებული ჯაზით. არაერთგვაროვანი ჟღერადობის მიუხედავად, Debut მალევე გახდა პოპულარული, რისი მთავარი მიზეზიც, სავარაუდოდ, ის გულწრფელობაა, რომელიც მუსიკოსთან თანაგანცდის შეგრძნებას იწვევს. “ცხოვრება ყოველთვის ერთნაირი არაა. დღიდან დღემდე ერთი სტილი არ გაქვს და ხშირად ისეთი მოულოდნელი ამბებიც გატყდება თავს, რომლებსაც ვერ აკონტროლებ. სწორედ ამაზეა ეს ჩანაწერი. ერთი სიმღერა პატარა მაღაზიაში შესვლის განწყობაზეა, მეორე სიმთვრალეზე, მესამე რომანტიკულია და ა.შ.”, - თქვა ბიორკმა. 



მალევე, 1995 წელს მან მეორე ალბომიც - Post გამოუშვა, რომელშიც ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან Graham Massey, Howie B და Tricky. მისთვის ეს ალბომი Debut-ის ერთგვარი ტყუპისცალია, რომელიც “სოფლიდან ქალაქში გადასული, ფართოდ თვალგახელილი გოგონას ცხოვრებას აღწერს, რომელიც ხან თვითონ შთანთქავს ქალაქს და ხან - პირიქით”. შეიძლება ითქვას, რომ Post უფრო მეტია, ვიდრე მისი ცალკეული ნაწილების ერთობლიობა, რადგან მიუხედავად სიმღერების კონტრასტულობისა, ალბომი ერთიანობისა და ჰარმონიულობის შეგრძნებას იწვევს. თავად ბიორკი ჩანაწერს “თანამედროვე ფოლკ სიმღერებს” უწოდებს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას ჰყვება. ნარატიულად ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა Isobel, რომელიც კარგად აჩვენებს ადამიანის შეგრძნებების ორ პოლუსს.



მესამე ალბომი - Homogenic ბიორკისთვის გამორჩეული იყო, რადგან სწორედ მან ცხადყო, რომ მუსიკოსი მუდამ ახალი სტილის ძიებაში იქნებოდა. ალბომში ერთმანეთს ელექტრონული მელოდია და დახვეწილი ტექსტები ერწყმის. “უბრალოდ, ვცდილობ  1997 წლის შესახებ გულწრფელი ვიყო. ყველა ის ხმა, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა მახინჯს უწოდებს, გარკვეული გაგებით, ზედმეტად ჩვეულებრივია. მე მათი რეორგანიზება ვცადე და ცოტა მაგიაც დავუმატე”, - თქვა მან. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს მაგიაა ის, რაც ალბომს მიმზიდველად აქცევს.
 



აქვე რამდენიმე სიტყვით უნდა ვახსენოთ ბიორკის სამსახიობო კარიერაც. 2000 წელს მან ლარს ფონ ტრიერის ფილმში Dancer in the Dark ითამაშა და მისი საუნდტრეკიც - Selmasongs დაწერა. ფილმმა კანის ფესტივალზე პალმის რტო მიიღო, ბიორკი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. 2001 წელს მან და ტრიერმა აკადემიის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს, კომპოზიციით I’ve Seen It All, რომლის სცენაზე შესრულებისასაც ბიორკი დამამახსოვრებელ “გედის კაბას” ატარებდა.



ამავე წელს მან გამოუშვა Vespertine, რომელიც წინა ნამუშევრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. აქ, ნაცვლად მელოდიური საზღვრების გაფართოებისა, ბიორკი ჩანაწერის ინტიმურ ხასიათზე კონცენტრირდა, შედეგად კი ძალიან დახვეწილი და ფაქიზი ალბომი შექმნა. Vespertine მუსიკოსის ყველაზე პირადული ჩანაწერია, რომელშიც ის პირველ პირში საუბრობს საკუთარ შეგრძნებებზე და ხანდახან შოკისმომგვრელად პირდაპირიც კია. ალბომში სხვა მუსიკალურ ტექნიკებთან ერთად, გამოყენებულია ბუნებრივი ხმებიც, მაგალითად, თოვლზე სიარულის ხმა და ჩურჩული. მთლიანობაში, მისი მოსმენა კმაყოფილებისა და ერთიანობის განცდას იწვევს, რადგან აქ მუსიკალური და ვერბალური ნარატივი არა პირდაპირ, არამედ გრადაციულად ამჟღავნებს თავს.


Vespertine-ისგან საკმაოდ განსხვავებული Medúlla 2004 წელს გამოვიდა. ამ ჩანაწერს განსაკუთრებულად აქცევს ის, რომ იგი მთლიანად ბუნებრივი ხმებითაა შექმნილი - აქ გამოყენებულია მომღერალთა გუნდის, ბითბოქსინგისა და ტრადიციული Inuit ხმები. მცირე წყვეტილი ინტერვალებიც კი, სინამდვილეში, ვოკალის კვლევას წარმოადგენს. მუსიკოსისთვის ეს ნამუშევარი საკუთარ საწყისებთან დაბრუნებასთან ასოცირდება. “ხანდახან დიდი ხნის შემდეგ იაზრებ, რომ იქ ბრუნდები, საიდანაც დაიწყე,” - თქვა მან ალბომზე საუბრისას. 



შემდეგი ალბომი - Volta (2007) ბიორკის ყველაზე კონტროვერსული ნამუშევარია, რომელიც ბევრისთვის არც ისე მარტივად მოსასმენი აღმოჩნდა. ამის მიზეზი, ძირთადად, ის ერთმანეთისგან განსხვავებული ხმებია, რომლებიც ჩანაწერში შემოდის - ალბომი ერთდროულად არის შეულამაზებელი და დახვეწილი, ინტიმურიცა და ზედაპირულიც. თემებიც ეკლექტურია. ბიორკი სურვილებზე, ომზე, კაცობრიობის საზარელ მომხიბვლელობასა და პოლიტიკაზე მღერის. მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკური კომპოზიცია - Declare Independence ცხადად უპირისპირდება კოლონიალიზმს. რაც შეეხება სათაურს, თავად მუსიკოსმა თქვა, რომ ის ყოველთვის ეძებს ისეთ სიტყვებს, რომელთაც გარკვეული ენერგია აქვთ და სწორედ ამ ძიებისას აღმოაჩინა, რომ Volta მეცნიერის სახელიც იყო და აფრიკის მდინარეც. გარდა ამისა, შუა საუკუნეებში იმავე სახელის მქონე საკმაოდ რთულად შესასრულებელი ცეკვაც არსებობდა. ამგვარად, მან ერთ სიტყვაში სამი განსხვავებული რამის გაერთიანება შეძლო - ცეკვის, მდინარისა და ელექტროენერგიის.



ბიორკის შემოქმედებაში ტექნიკურად ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად ბევრი 2011 წელს გამოსულ Biophilia-ს ასახელებს, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ მისი შექმნისას მუსიკოსმა კლასიკურ მეთოდებთან ერთად, აპლიკაციებიც გამოიყენა. გამოქვეყნებისას კი გამოვიდა იმავე სახელწოდების მქონე აიპედის აპლიკაციაც, რომელშიც თითოეული სიმღერის ინტერაქციულად მოსმენა შეიძლებოდა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან ამბიციური ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ მუსიკის, არამედ მუსიკალური ინდუსტრიის შესაძლებლობებსაც აფართოებს. 



Vespertine-ის მსგავსად, ძალიან პერსონალური იყო ბიორკის მეშვიდე ალბომიც - Vulnicura, რომელიც 2015 წელს გამოვიდა და ურთიერთობების მიკროკოსმოსს იკვლევს. ეს ჩანაწერი პირდაპირაა დაკავშირებული ბიორკისა და მისი დიდი ხნის  პარტნიორის, მეთიუ ბარნის დაშორებასთან, რომელიც მუსიკოსისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ალბომი ქრონოლოგიურია და ეტაპობრივად აღწერს დაშორებამდელ, კრიზისულ და გამოჯანმრთელების პერიოდებს. ამ ჩანაწერშია მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპოზიციაც - Black Lake, რომელსაც ხშირად სევდის ოდას უწოდებენ. ერთ-ერთი ინტერვიუსას ბიორკმა თქვა, რომ Vulnicura 20-30 წლის გოგონების მხარდასაჭერად შეადგინა: “მინდოდა მეთქვა, რომ ისინი არაფერს იგონებენ”. 



მისი ჯერჯერობით ბოლო ალბომია  2017 წელს გამოშვებული Utopia, რომელიც Vulnicura-ში გადმოცემული ტკივილის გარდაქმნასა და სიამოვნების მიღების უნარის დაბრუნებაზეა. “ალბომი ნამდვილად არის ძიებასა და სიყვარულზე, რადგან დროის გატარება იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ძალიან გიყვარს, მართლაც უტოპიაა”, - თქვა მუსიკოსმა. ალბომი სავსეა მშვიდი, სასიამოვნო ფლეიტის, ქოროსა და ჩიტების ხმებით, თუმცა არც ტკივილია დავიწყებული, რაც კარგად ჩანს სიმღერებში - Sue Me და Tabula Rasa. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩანაწერი უტოპიურ სამყაროში ტექნოლოგიების მნიშვნელობასაც იკვლევს - ბიორკისთვის ტექნოლოგია საშიშროებასთან არასდროს ასოცირდება. 



მთლიანობაში, ბიორკის შემოქმედება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ თემებს იკვლევს - სიყვარულსა და დანაკარგს, ეკოლოგიურ კატასტროფას, პოლიტიკას, ეგზისტენციალურ პრობლემებს... თვალი მიადევნო მის ნამუშევრებს, ნიშნავს ხედავდე, თუ როგორ აქცევს ის ყველაზე მტკივნეულ, უცნაურ და არაკომფორტულ შეგრძნებებსაც კი გრანდიოზულ, ფერად და ფუტურისტულ პოპ-სიმღერებად, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან სხვებისგან.