ჯეფ კუნსი
ჯეფ კუნსი – ამერიკელი არტისტი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გავლენიანი, პოპულარული და საკამათო ფიგურაა. თავისი კარიერის განმავლობაში მან დაამკვიდრა უკვე არსებული ობიექტების გარდაქმნის ხელოვნება, მოსინჯა საზღვრები პროგრესულ ხელოვნებასა და მასკულტურას შორის, შეცვალა არტისტების დამოკიდებულება პოპულარობის კულტის და გლობალური ბაზრის მიმართ. ის ცნობილია ბანალური საგნების რეპროდუქციით, ამის მაგალითია მისი სკულპტურები – Balloon animals – უჟანგავი ფოლადის გრანდიოზული ქანდაკებები სარკისებრი ზედაპირებით. კუნსის ნამუშევრების ზედაპირი ხშირად გლუვი და პრიალაა, მისი ნახატები კი გაჯერებულია მკვეთრი ფერებით.
ჯეფ კუნსი: კაცი-იდეა
ჯეფ კუნსი 1955 წელს პენსილვანიის შტატში, ქალაქ იორკში დაიბადა. მამამისი – ჰენრი კუნსი ინტერიერის დეკორატორი იყო და ავეჯით ვაჭრობდა, დედა – გლორია კი – დიასახლისი, მკერავი. ბავშვობაში ჯიბის ფულისთვის კუნსი საჩუქრების შესაფუთ ქაღალდებს და კანფეტებს ყიდდა. თინეიჯერობის ასაკში სალვადორ დალის შემოქმედებამ გაიტაცა, იმდენად მოიხიბლა მხატვრის ნამუშევრებით, რომ ნიუ-იორკში, სანტ რეჯის სასტუმროში ესტუმრა. უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ კუნსმა სწავლა მერილენდში, ქალაქ ბალტიმორში, ხელოვნების ინსტიტუტში გააგრძელა. მოგვიანებით ჯეფ კუნსი ჩიკაგოს ინსტიტუტის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. სტუდენტობისას მან გაიცნო ედ პაშკე, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მასზე, 70-იანი წლების ბოლოს კი პაშკეს სტუდიაში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. კოლეჯის დასრულების შემდეგ, იმ პერიოდში, როდესაც ის არტისტად ყალიბდებოდა, პარალელურად მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ასევე ვოლ სტრიტის ფართო მოხმარების საქონლის ბროკერად. ჯეფ კუნსის პირველი სოლო გამოფენა 1980 წელს გაიმართა, 80-იანი წლების შუაში მისი სახელი ნიუ-იორკში ენდი უორჰოლთან და როი ლიხტენშტეინთან ერთად გაისმა. კუნსი ქმნის სკულპტურებს – მდარე ხარისხის დეკორატიული ობიექტების იმიტაციებს. კრიტიკოსების ნაწილი არტისტის შემოქმედებას იწონებს, ნაწილი კი გმობს. ჯეფმა ნიუ-იორკში, ჰიუსტონისა და ბროდვეის კუთხეში, სოჰოში, პატარა სტუდიო-ფაბრიკა გახსნა, 30-კაციანი სტაფით. კუნსი საკუთარ თავს “კაცი-იდეას” უწოდებს და ამბობს, რომ არტისტისთვის მხოლოდ ხელი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: “ხელოვნება უბრალოდ რაღაცასთან ურთიერთობაა, რაც უფრო დამახასიათებელია ის, მით უფრო – კომუნიკაბელურია.”
ჯეფ კუნსის კონცეპტუალური სკულპტურა
კუნსის პირველ მნიშვნელოვან პროექტებს შორის იყო ინსტალაციების სერია, რომელიც 1979 წელს დაიწყო და 80-იან წლებში გაგრძელდა. ნამუშევრებში გამოიყენა უბრალო, მაღაზიებში შეძენილი პროდუქტები – ჰუვერის მტვერსასრუტები, გამწმენდი მანქანები და იატაკის გამაპრიალებელი ხელსაწყოები. ობიექტები წარმოადგინა თითო, წყვილ ან ოთხ ეგზემპლარად. ყველა დანადგარი მოთავსებული იყო “პლექსიგლასის” ორგანულ მინაში და განათებული – ფლუორესცენციული ნათურებით. საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები ასახავდნენ თანამედროვე სამყაროს მომხმარებელთა საოჯახო კულტურას. ამასთან, ამ მოწყობილობების პრაქტიკული კონტექსტის მიღმა ჩანდა ადამიანური, ფიზიკური არსებობა, როგორც – “მსუნთქავი მექანიზმებისა”.
კუნსის ადრეული ნამუშევრები წარმოდგენილი იყო როგორც კონცეპტუალური სკულპტურები. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია – ორი ბურთის საერთო წონასწორობის ავზი (Two Ball Total Equilibrium Tank) – წყლის ავზში მოტივტივე კალათბურთის ორი ბურთით.
აშკარა იყო კუნსის ამ კონკრეტული ნამუშევრის გავლენა დამიან ჰირსტის ნაშრომზე – “ფიზიკურად შეუძლებელი სიკვდილი ცოცხალი ადამიანის ცნობიერში” – მინის ავზში, ფორმალდეჰიდის აირში მოთავსებული ზვიგენი. მოგვიანებით ჯეფი იწყებს ქანდაკებებზე მუშაობას – საჰაერო ბუშტის სათამაშოების სკულპტურებად გარდაქმნას. შემდეგ ქმნის სერიას – “ბანალურობა”, რომელიც 1988 წელს მაიკლ ჯექსონის ქანდაკებით დააგვირგვინა. ნატურალური სიდიდის მოოქრული სკულპტურა მსოფლიოში ყველაზე დიდ კერამიკულ ნამუშევრად ითვლება. სამი წლის შემდეგ ქანდაკება ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 5 600 000 დოლარად გაიყიდა.
“ბუშტის ძაღლი” (Balloon Dog)
იმ მომენტიდან, როდესაც ჯეფ კუნსი ხელოვნების სამყაროში გამოჩნდა, ის ერთმანეთთან აკავშირებდა პოპის მეთოდებს, კონცეპტუალურ ხელოვნებას და პოპულარულ კულტურას, რათა შეექმნა თავისი უნიკალური იკონოგრაფია, ხშირად სადავო, თუმცა ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო. ზოგიერთი მისი ნამუშევარი აშკარა სექსუალური თემატიკისაა, როცა სხვა ნიმუშები მიჩნეულია ნეო-კიჩად, ასეთია – “ბუშტის ძაღლი” (Balloon Dog). 2013 წელს ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე ჯეფ კუნსის 12 ფუტის სკულპტურა – Balloon Dog ფრენსის ბეკონის, “ლუსიან ფროიდის ტრიპტიქთან” ერთად რეკორდულ ფასად გაიყიდა. ქანდაკება არტისტის სიცოცხლეში ყველაზე ძვირად გაყიდულ ხელოვნების ნიმუშად იქცა. გიგანტური უჟანგავი ფოლადის სკულპტურა 58,4 მილიონ დოლარად შეიძინეს.
Balloon Dog კუნსის 1994 წლის სერიიდანაა – Celebration, სადაც წარმოდგენილი იყო ხუთი ფერის სკულპტურა – წითელი, იისფერი, ლურჯი, სტაფილოსფერი და ყვითელი. Ballon Dog გამოიფინა მსოფლიოს გარშემო – ვენეციის კანალ გრანდეს სახურავიდან დაწყებული, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმით დამთავრებული. კუნსმა თავისი ნამუშევარი კრისტის აუქციონზე ასე შეაფასა: “მე მსურდა შემექმნა მხიარულების და საზეიმო განწყობის ნიმუში. Balloon Dog არის მატერიალური და მონუმენტური. ბევრი თვალსაზრისით ის ჰგავს ტროას ცხენს.”
კუნსი და ჩიჩოლინა
ჯეფ კუნსი მალევე იქცა მედია პერსონად იმიჯ-კონსულტანტების დახმარებით. მისი სკანდალური ქორწინება და შემდგომ განქორწინება უნგრელ-იტალიელ პორნოვარსკვლავთან – ჩიჩოლინასთან ყურადღების ცენტრში მოექცა. კუნსმა ორ ევროპულ ჟურნალში იხილა ჩიჩოლინას ფოტოსურათები, მაშინვე გაემგზავრა რომში, დაესწრო მის წარმოდგენას და კულისებს მიღმა შესთავაზა თანამშრომლობა ფილმისთვის. პორნოვარსკვლავი დათანხმდა.
დამქანცველი ფოტოსესიები სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის საბაზისო თემად იქცა – “ცაში შექმნილი” ნახატები და სკულპტურები, მათ შორის ის ნამუშევრებიც, რომლებიც დასათაურებულია, როგორც: “ბინძური ეაკულაცია” და “ილონას ანალური ხვრელი”. ტილოზე დაბეჭდილმა ხორკლიანმა, გრანდიოზულმა ფოტოებმა, შუშის ნამუშევრებმა და კუნსის და ჩიჩოლინას სკულპტურებმა სექსუალურ პოზებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ სერიის ნახატებში იგრძნობა ბაროკოს და როკოკოს პერიოდი – ჯოვანი ლორენცო ბერნინის, ჟან-ონორე ფრაგონარის და ფრანსუა ბუშეს ეპოქა – და ასახავს ადრეული მოდერნისტი მხატვრების – გუსტავ კურბესა და ედუარდს მანეს ხელწერას. ფილმი არ შედგა, თუმცა კუნსსა და ილონა სტალერს ერთმანეთი შეუყვარდათ. 1991 წელს ისინი დაქორწინდნენ. თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ილონას სურდა კვლავ მიეღო მონაწილეობა წარმოდგენებში. მეტიც, მან საჯაროდ შესთავაზა სადამ ჰუსეინს სექსი და სანაცვლოდ უცხოელების ერაყიდან გათავისუფლება მოითხოვა.
როგორც ამბობენ, კუნსმა თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი გაანადგურა, როცა ილონამ თავიანთი შვილი – ლუდვიგი იტალიაში წაიყვანა. ბავშვის გატაცების საკითხი კუნსისთვის ძალიან პირადულია. 5 წლის განმავლობაში მილიონობით დოლარი დახარჯა შვილზე უფლებების მოსაპოვებლად, თუმცა იტალიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა წყვილის ერთობლივი მეურვეობა და ილონა სტალერის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. 2002 წლიდან კუნსი “დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების” საერთაშორისო ცენტრის ბორდის წევრია და ასევე თანადამფუძნებელია “კუნსების ოჯახი საერთაშორისო იურიდიული და პოლიტიკის ინსტიტუტისა”. მისი საქმიანობის მიზანი გლობალურია – ბრძოლა ბავშვთა ძალადობისა და გატაცების წინააღმდეგ, მსოფლიო ბავშვთა დაცვა.
ჯეფ კუნსის აღიარება
1999 წელს კუნსმა თავისი ცხოვრების შესახებ სიმღერა შეუკვეთა მომუსს, რომელიც შემდეგ მის ალბომში Stars Forever შევიდა. 2005 წელს ის არჩეული იქნა ხელოვნების და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრად კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. 2000 წელს ბერლინში კუნსმა კულტურაში შეტანილი ღვაწლისთვის BZ პრემია მიიღო, 2002 წელს ნიუ-იორკში დაჯილდოვდა სკოუჰეგანის მედლით – სკოუჰეგანის ხელოვნების სკოლისთვის შექმნილი სკულპტურისთვის. 2001 წელს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა და პომპიდუს ცენტრის პრეზიდენტმა ჟან-ჟაკ აიაგონმა კუნსი წარადგინეს la Légion d’Honneur-ის ორდენის კავალერად. საფრანგეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გასამყარებლად თავდაუზოგავი შრომისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა არტისტს გადასცა საფრანგეთის ღირსების ლეგიონის ოფიცრის წოდება. 2008 წელს ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიამ ჯეფ კუნსს ვოლასტონის ჯილდო უსახსოვრა. 2012 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კუნსი თავდადებული ღვაწლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ხელოვნების სახელმწიფო დეპარტამენტის მედლით დააჯილდოვა. კრიტიკოსების მოსაზრებები კუნსის შემოქმედებასთან დაკავშირებით იყოფა – ნაწილი არტისტს აფასებს, როგორც პიონერ და ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურას, ნაწილი კი მის ნამუშევრებს მიიჩნევს კიჩად: სრული უმეცრება, ცინიკური და საკუთარ მერჩენდაიზზე გათვლილი. კუნსი ამბობს, რომ მის ნამუშევრებში არანაირი ფარული აზრი არ დევს, და არც კრიტიკა.
ჯეფ კუნსი: ნეო-პოპი, პოსტ პოპი, მინიმალიზმი, კონცეპტუალიზმი… დადაიზმი?
ხელოვნების სფეროში მოღვაწენი – კურატორები, კოლექციონერები – კუნსის შემოქმედებას ნეო-პოპად ან პოსტ-პოპად მოიაზრებენ, როგორც 80-იანი წლების მოძრაობის ნაწილი, როცა ხელოვნებაში მინიმალიზმი და კონცეპტუალიზმი შენელდა. კუნსი ამბობს: “შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.” კუნსის შემოქმედებაში არანაირი ფარული აზრი არ დევს. ნაშრომის შინაარსი ისაა, რასაც პირველივე შეხედვაზე აღიქვამს ადამიანი. ცნობილი კრიტიკოსი რობერტ ჰიუჯი ერთ-ერთ სტატიაში, თანამედროვე ხელოვნებისა და შოუ-ბიზნესის პარალელების განხილვისას, ჯეფ კუნსზე წერს: “კუნსი ფარისევლობის, თვითკმაყოფილების გამოვლინებაა, რომელიც დიდ ფულს აკეთებს. ის ფიქრობს, რომ მიქელანჯელოა და ამას არც მალავს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის არის, რომ არსებობენ კოლექციონერები, განსაკუთრებით ამერიკაში, რომელთაც მისი სჯერათ. მას აქვს არაგულწრფელი რწმენა, ახასიათებს ხელოვნებაზე ზღვარგადასული, უხეში ყბედობა, თითქოს თმადავარცხნილი ბაპტისტი იყოს, რომელიც ფლორიდაში ჭაობს აკრებში ყიდის. შედეგი კი ასეთია: არ არსებობს ამერიკის გარყვნილი კულტურა მის გარეშე.” თუმცა საბოლოოდ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ის აგრძელებს მარსელ დიუშანის, დადას და პოპ-არტის გზას: ჯეფ კუნსმა შექმნა სადავო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მნახველებს იძულებულს ხდის, ხელახლა განიხილონ მომხმარებელთა უფლებების დაცვა და პოპ-კულტურა ინდივიდუალურ და თანამედროვე საზოგადოებაში.
კლას ოლდენბურგიდან დამიენ ჰირსტამდე
ჯეფ კუნსის ხელოვნებამ გავლენა მოახდინა ზოგიერთი ახალგაზრდა არტისტის, მაგალითად, დამიან ჰირსტის (ჰირსტის ნამუშევარი – ჰიმნი, 18 ფუტის ანატომიური თოჯინა), ჯეკ დოუსის, მეთიუ ლორეტისა და მონა ჰატუმის შემოქმედებაზე. თავის მხრივ, კუნსის მიწიერი ობიექტების ასეთი ზრდა ნასესხებია კლას ოლდენბურგის და კუშე ვან ბრუგენის შემოქმედებიდან. ხელოვნების ინსტიტუტში სწავლისას კუნსზე გავლენა მოახდინეს ჩიკაგოში მოღვაწე არტისტებმა, მათ შორის – ჯიმ ნატმა, ედ პაშკემ და ვესტერმანმა.
ჯეფ კუნსი მოღვაწეობს ნიუ-იორკში.
დაწერე კომენტარი