მის ვან დერ როეს Farnsworth House არქიტექტურული მიმდინარეობის საერთაშორისო სტილის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო ნამუშევარია. სახლი აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ პლანოში მდებარეობს. Farnsworth House არქიტექტორს ედით ფარნსვორტმა დაუკვეთა და არქიტექტორების, დიზაინერების და ხელოვანების შთაგონების წყარო გახდა, მათ შორის – ფილიპ ჯონსონის გლასჰაუსის.
არქიტექტურული მიმდინარეობის საერთაშორისო სტილის დამახასიათებელი ნიშნები მართკუთხა ფორმები, მსუბუქი და სუფთა ზედაპირებია. სტილს არ ახასიათებს ზედმეტი ორნამენტი ან დეკორაცია. სწორედ ამ სტილის საუკეთესო მაგალითია ამერიკაში Farnsworth House. სახლის დიზაინი ვან დერ როემ 1945 წელს შექმნა, ხოლო მისი კონსტრუქცია 1951 წელს დასრულდა. შემდეგი 50 წლის განმავლობაში სახლი პირად საკუთრებაში იყო, ხოლო 2003 წელს ის ამერიკის National Trust for Historic Preservation-მა შეიძინა და დღეს მუზეუმად ფუნქციონირებს.
არქიტექტორმა სახლი მინიმალური ელემენტებისგან შექმნა. სწორედ სიმარტივესა და მინიმალიზმში ჩანს დიზაინის გენიალურობა. სახლის სტრუქტურა წინასწარ ჩამოსხმული ბეტონის იატაკისგან და ფოლადის კარკასისგან შედგება. სახლის ფასადი მთლიანად შუშისაა, რაც სახლს “გლას ჰაუსად” წარმოაჩენს. ასეთი კონსტრუქციის დახმარებით მის ვან დერ როემ შეძლო შეექმნა თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ მკვეთრი ზღვარი სახლის ინტერიერსა და ბუნებას შორის.
Farnsworth House-მა აღიარება იქამდე მოიპოვა, სანამ მისი კონსტრუქცია დასრულდებოდა. სახლის მოდელი 1947 წელს ნიუ-იორკის MOMA-შიც იყო გამოფენილი, სადაც სახლის რევოლუციურმა დიზაინმა საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა. Farnsworth House განუყოფელი ნაწილია ამერიკული მოდერნისტული პერიოდის იკონოგრაფიის. მის ვან დერ როეს ეს შედევრი იდეალურად ითვლება, რადგან დიზაინში ჰარმონიულადაა დაბალანსებული საცხოვრისის და გარემოს ურთიერთობა.
დაწერე კომენტარი