თანამედროვე სამყაროში მოდა და ამ სფეროში მოღვაწე არტისტები აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ახალი კოლექციებით, მოდის კვირეულებით, არამედ ეს ინდუსტრია პოდიუმის საზღვრებს სცდება და სულ უფრო და უფრო მეტ საინტერესო სიახლეს გვთავაზობს. კომერციის მნიშვნელობისა და სხვადასხვა გლობალური სირთულეების ზრდასთან ერთად, მაღალი მოდის ბრენდები ცდილობენ ინდუსტრიის ზოგადი სურათის შეცვლას, რომლის მაგალითიცაა ვივიენ ვესტვუდის სამოქალაქო აქტივიზმი, რეი კავაკუბოს გამოფენა მეტროპოლიტენის მუზეუმში, Design Miami-ზე წარმოდგენილი ბალენსიაგას სავარძელი. გარდა ამისა, მაღალი მოდის ბრენდებისთვის უჩვეულო არ არის საკუთარი რესტორნების, კაფეებისა თუ ბარების დაარსება, რაც მომხმარებელში მათდამი კეთილგანწყობას, მეტ ემოციურ კავშირს იწვევს და ერთგვარი გაერთიანებაა საკვებისა და მოდის, რომელიც იმერსიული გამოცდილების ნაწილი ხდება. რალფ ლორენი, არმანი, ჯაკემუსი, A.P.C - ამ ბუმს სულ მალე ლუი ვიტონის პირველი რესტორანი დაემატება, რომელიც არა ტრადიციულად პარიზში, არამედ ოსაკაში, იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქში, დიზაინერის ახალ 4-სართულიან ბუტიკში გაიხსნება.
Le Café V, რომელსაც იაპონელი შეფი იოსუკე შუგა უხელმძღვანელებს, მომხმარებელს არა მხოლოდ გამორჩეულ კერძებს, არამედ დახვეწილ კოქტეილებს პირდაპირ ღია ტერესაზე, ოსაკას მშვენიერი ხედის თანხლებით სთავაზობს. რაც შეეხება იოსუკეს, რომლის კერძებიც სათქმელს თავად ამბობენ, მრავალფეროვანი გამოცდილება არა მხოლოდ იაპონიაში, ევროპასა და ამერიკაშიც შეიძინა. შეფს გამოარჩევს თანამედროვე ფრანგული სამზარეულოსა და იაპონურის მინიმალისტური, მარტივი ფილოსოფიის კომბინაციის დახვეწილი და ელეგანტური ხასიათი, რა თქმა უნდა, კერძის საოცარ გემოვნურ თვისებებთან ერთად.
არქიტექტორ ჯუნ აოკის მიერ შექმნილი ლუი ვიტონის ახალი ბუტიკი ოსაკას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც Higaki Kaisen-ით, ისტორიული, სავაჭრო ნავის ელემენტებით არის შთაგონებული. ოთხივე სართულის ინტერიერი დიზაინერ პიტერ მარინოს ეკუთვნის, შენობის ვიტრინების დიზაინზე კი იაპონელმა ხელოვანმა კენტა კობაიაშიმ იზრუნა, რომელიც ლუი ვიტონთან შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის შექმნის დროს თანამშრომლობდა. ოსაკაში აღმართული ფრანგული მოდის სახლის ახალი ბუტიკი 1-ლ თებერვალს გაიხსნა, Le Café V - კი გამორჩეული კერძებითა და კოქტელებით სტუმრებს 15 თებერვლიდან უმასპინძლებს.
ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
დაწერე კომენტარი