იცოდით თუ არა, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) არქივი სახლში სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაღებულ 600-ზე მეტ ძველ ფილმს ინახავდა?
MoMA-ს არქივებში 90 წელი შემონახული, აქამდე გამოუქვეყნებელი ფილმები სწორედ პანდემიის პერიოდში გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. თუ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ გავრცელდა დაახლოებით საუკუნის წინ შექმნილი ფილმები ახლა, ამაზე მუზეუმის ფილმების კურატორი რონ მაგლიოზი გვპასუხობს, რომ სოციალურმა მედიამ აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი მიდგომა მოგონებების გაზიარების თვალსაზრისით და ამიტომ, ეს სწორედ შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ სახლში გადაღებული ფილმების მშვენება. ის დღეები, როცა ოჯახის წევრები ან მეგობრები ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში იკრიბებოდნენ და მოგონებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაჰბარდა.
Private Lives, Public Spaces - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სახლში გადაღებული ფილმების პირველი გამოფენა-ინსტალაცია უნდა ყოფილიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ სრულიად შეცვალა MoMA-ს გეგმები. ამიტომაც, მუზეუმის იუთუბ-არხის საშუალებით 200-მდე ძველი ფილმის ვირტუალური გამოფენა მოეწყო. “ამ პანდემიამ ოჯახების, მეზობლებისა და ჩვენი პირადი ისტორიები განსაკუთრებით აქტუალური გახადა. მინდა, რომ ადამიანებმა ისარგებლონ შესაძლებლობით და ისეთივე აღტაცებით უყურონ ამ ფილმებს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებს უყურებენ ხოლმე. დააკვირდნენ გენდერულ დამოკიდებულებებს და საერთოდ, ყველა სახის ქვეტექსტს, რაც ამ ფილმებშია მოცემული”. - ამბობს მაგლიოზი.
პროექტის მიზანი იყო ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია პერსონალური არქივები კულტურული თვალსაზრისით. ეს არის მე-20 საუკუნის მამხილებელი ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ის ცრურწმენები და უსამართლობები, რაც იმდროინდელ ყოველდღიურობას თან ახლდა. ესაა კადრები იმ ადამიანების ცხოვრებისა და გამოცდილებების შესახებ, რომლებიც ფილმებში აღბეჭდილ ქუჩებში ცხოვრობდნენ.
სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა მუზეუმმა, რომ ძველი ფილმები ფართო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანები ბევრად მარტივად ახერხებენ კადრების დაჭერას და მათ გავრცელებას, სოციალური მედიის განვითარების სწრაფი ტემპი საფრთხეს უქმნის ჩვენი ფოტოებისა და ვიდეოების სამუდამოდ შენახვას. “იქნება თუ არა შესაძლებელი 50 წლის შემდეგ იმ კონტენტის ხილვა, რასაც დღეს ადამიანები ქმნიან, თუ მათ არავინ შეაგროვებს და შეინახავს? რა თქმა უნდა, არა”. - ამბობს მაგლიოზი.
დაწერე კომენტარი