“ლივ, შენ ხარ ჩემი სტრადივარიუსი”, - ასე მიმართავდა დიდებული შვედი კინორეჟისორი ინგმარ ბერგმანი თავის მუზას, ლივ ულმანს.
მათი სიმბიოზური ურთიერთობა 40 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მათი შემოქმედებითი თანამშრომლობა, საბოლოოდ, ხუთწლიან სასიყვარულო ურთიერთობასა და შემდგომ მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა. “ჩვენ ერთმანეთით ვარსებობთ; არ აქვს მნიშვნელობა მტკივნეულია ეს, თუ არა”, - სწერს ინგმარი ლივს წერილში. ღრმა და ძლიერი გრძნობა იმ ერთობლივ 12 ფილმში ჩანს, სადაც ლივი მონაწილეობს.
დღეს კინო ინგმარ ბერგმანის გარეშე აბსოლუტურად სხვაგვარი იქნებოდა. მისი გამორჩეული ადრინდელი ფილმებია: Summer With Monika (1953), Smiles of a Summer Night (1955), Wild Strawberries (1957) და, რა თქმა უნდა, 1957 წლის შედევრი - The Seventh Seal. თუმცა თავად რეჟისორის შემოქმედება ლივის გამოჩენის შემდეგ სავსებით შეიცვალა. მან მსახიობთან ერთად კინოში ახალი ეპოქა შექმნა, ლივი კი მისი მთავარი მუზა გახდა.
რეჟისორთან თანამშრომლობამდე ულმანს ოთხ ფილმში პატარა როლები ჰქონდა შესრულებული. ყველაფერი 1965 წელს დაიწყო, როდესაც ლივმა ფილმ Persona-ს ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. ბერგმანის ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც მისმა მეგობარმა ლივის ფოტო აჩვენა, სადაც ულმანი მსახიობ ბიბი ანდერსონის გვერდით იჯდა - “ახალგაზრდა მსახიობი თან ჰგავდა და თან არ ჰგავდა მას”, - იხსენებს ბერგმანი თავის ავტობიოგრაფიაში - The Magic Lantern. კინორეჟისორი მოხიბლული იყო ქალების ერთმანეთთან მსგავსებით, რომლებიც იდეალურად შეეფერებოდნენ პერსონაჟებს თავის ფქისოდრამისთვის პიროვნულ გაორებაზე. როდესაც მათ გადაღება შვედეთის პატარა კუნძულ ფაროზე დაიწყეს, ბერგმანს ლივი შეუყვარდა. “პერსონას” შემდეგ მათი პროფესიული თუ პირადი ურთიერთობა გაგრძელდა. იმ პერიოდში ლივი მხოლოდ 25 წლის იყო, ხოლო ინგმარი - 46-ის. კუნძულ ფაროზე რეჟისორმა სახლი ააშენა და ლივისთან ერთად ცხოვრობდა. იქ ყოფნის პერიოდში მათ ორი ოჯახური დრამა - Shame (1968) და The Passion of Anna (1969) გადაიღეს. გარდა ამისა, კუნძულის პეიზაჟები დაახლოებით მის შვიდ ფილმშია ასახული, - მაგალითად, Through a Glass Darkly-სა (1961) და Scenes from a Marriage-ში (1973).
“ლივი და მე საოცრად ვიყავით ვნებით აღვსილნი”, - წერდა ბერგმანი.
მიუხედავად მათი ვნებისა, გარდაუვალი იყო ის ტკივილი, რაც მათი სიყვარულის შემადგენელი ნაწილი გახლდათ.
პირველ ზაფხულს, კუნძულზე ბერგმანის მიერ აშენებულ სახლში დასვენებისას, ულმანი იხსენებდა: ”ჩემი იქ ყოფნა მზის შუქის კედლებში ყოფნას ჰგავდა, სადაც ძლიერი სურვილი და ბედნიერებაა. არცერთი ზაფხული არ მქონია ასეთი… თუმცა მალევე სახლი თითქმის ციხედ გადაიქცა”.
ხანდახან ინგმარი საკმაოდ მკაცრად ექცეოდა ლივს. მაგალითად, ფილმის, Shame-ის გადაღებისას, რეჟისორმა აიძულა მსახიობი, რომ ცეცხლთან ძალიან ახლოს დამდგარიყო. ასევე, ერთ-ერთი სცენაში, საშინელი ყინვის დროს, ისინი პატარა ნავში იმყოფებოდნენ, სადაც თავად ბერგმანი კომფორტულად იყო შეფუთნული, ლივი კი ცოტაც და გაიყინებოდა.
ბერგმანის მრისხანება დაუცველობის შეგრძნებით იყო გამოწვეული, ამ ფაქტორმა ლივის დამოკიდებულება ბერგმანის მიმართ შეარბილა და დიდებული კაცის მიმართ მეტი პატივისცემა და აღტაცება გამოიწვია.
მოგვიანებით მათ ქალიშვილი, ლინი, შეეძინათ, მაგრამ ისინი არასდროს დაქორწინებულან. ულმანის ბერგმანთან თანამშრომლობას ფართო აღიარება მოჰყვა და მსახიობი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდა.
ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაშორდნენ, რამაც, რა თქმა უნდა, მთელი სკანდინავია გაანაწყენა.
ლივის ცხოვრებაში ახალი ეტაპი ჰოლივუდის ფილმებში გამოჩენით გაგრძელდა. რის შემდეგაც ორი წიგნი დაწერა. თუმცა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიხარულო მომენტი ბერგმანის ნიუ-იორკში ჩასვლა იყო, რათა ბროდვეიზე, A Doll’s House-ში თამაშის დროს მას ლივი ენახა.
გარდა სამსახიობო კარიერისა, მას გადაღებული აქვს რამდენიმე ფილმი და თანადამფუძნებელია Women’s Refugee Commission-ის, სადაც ქალების, ბავშვებისა და ლტოლვილების უფლებებს იცავდა.
2007 წელს, ბერგმანის გარდაცვალების შემდეგ, რეჟისორ დირაჯ აკოლკარმა ფილმი Liv & Ingmar გადაიღო, რომელიც დაყოფილია ნაწილებად: სიყვარული, სიმარტოვე, მრისხანება, მისწრაფება, მეგობრობა. ფილმში ინგმარისა და ლივის უჩვეულო სიყვარულის, ვნებისა და ტკივილის ისტორიას ინგმარის მუზა, თავად ლივ ულმანი მოგვითხრობს
დაწერე კომენტარი