ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სახასიათო პერსონაჟები და ჟანრები, სხვადასხვა ფილმისთვის მორგებული სხვადასხვა აქცენტი თუ სქესი - ყოველი მომდევნო ფილმი მაყურებელს სულ უფრო მეტად არწმუნებს იმაში, რომ არ არსებობს როლი, რომლის გაცოცხლებასაც ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი მთელ სულს, გულსა და ენერგიას არ მიუძღვნის, რადგან მისთვის თამაში არა უბრალოდ კარიერა, არამედ ცხოვრებისეული გზაა.
ქეით ბლანშეტი 1969 წლის 14 მაისს ავსტრალიაში, მელბურნში დაიბადა. სამსახიობო კარიერა სამშობლოში, კერძოდ, სიდნეის თეატრის სცენაზე დაიწყო. ეკრანზე აქტიურად 1994 წელს მინისერიალ Heartland-ში გამოჩნდა. სერიალის შემდეგ ქეითმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა ფილმით “ოსკარი და ლუსინდა”, თუმცა მსახიობისთვის გარდამტეხი 1998 წელი აღმოჩნდა, როდესაც კინომანებმა ქეით ბლანშეტი ელისაბედ I-ის როლში პირველად იხილეს. ფილმმა მსახიობს საყოველთაო აღიარებასთან ერთად ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. მისმა გარდასახვის საოცარმა უნარმა, რომლითაც ქეითმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული ფიგურის ემოციური ტრანსფორმაცია გადმოსცა, ფილმის ვერც ერთი კრიტიკოსი გულგრილი ვერ დატოვა. მისი შესრულება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მსახიობს ელისაბედ I-ის როლის მორგება 2007 წელს მეორედ, ფილმში “ელისაბედი: ოქროს ხანა” მოუხდა. ქეითის საოცარი პერსონაჟი შეუმჩნეველი არც მარტინ სკორსეზესთვის დარჩენილა, რასაც 2004 წელს ფილმი “ავიატორი” და ბლანშეტის პირველი ოსკარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული მსახიობის, კეტრინ ჰეპბერნის განსახიერება ნებისმიერი პროფესიონალისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნებოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეითმა ამ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა.
საოცარი სამსახიობო ოსტატობის წყალობით ქეითმა სული არა მხოლოდ ისტორიულ ფიგურებს, არამედ ტოლკინისეულ მისტიკურ არსებას - ელფ გალადრიელსაც შთაბერა. იდუმალებით მოცული გალადრიელის სახე “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” ფილმების გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. ქეითს თავგადასავლების მოყვარულთა სასიამოვნოდ გაოცება არც შემდგომ წლებში შეუწყვეტია; უცვლელი ენთუზიაზმით ქმნიდა პერსონაჟებს ფილმებისთვის - “ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო”, “თორი: რაგნაროკი”, “ოუშენის რვა მეგობარი” და ა.შ.
ბლანშეტის ქამელეონისებური გარდასახვის ნიჭი კარგად ჩანს ფილმში “მე იქ არ ვარ”, ბიოგრაფიულ მუსიკალურ სურათში, რომელშიც ქეითი ბობ დილანის როლს ხუთ სხვა მსახიობთან ერთად ასრულებს. ექვს მსახიობს შორის ქეითი ერთადერთი ქალია, რომელმაც ლეგენდარული შემსრულებლის როლი იმდენად ოსტატურად მოირგო, რომ მის პერსონაჟში ქეითის ამოცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფილმმა ბლანშეტს ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსი მოუტანა. ამ საოცარი გარდასახვის ხილვამაც კი ვერაფერი დააკლო იმ აღფრთოვანებას, რომელმაც საზოგადოება ფილმის, “მანიფესტოს” ტრეილერის ხილვისას მოიცვა. ექსპერიმენტულ სურათში ქეითმა 13 როლი მოირგო: ქორეოგრაფი, მეცნიერი, მასწავლებელი, პანკი თუ უსახლკარო მამაკაცი - ბლანშეტის მიერ შექმნილ თითოეულ სახეს განსაკუთრებული და თავისებური ხიბლი აქვს.
მელოდრამის ჟანრში ქეით ბლანშეტის უამრავი როლის მიუხედავად, დეიზის პერსონაჟი დევიდ ფინჩერის შესანიშნავი ფილმიდან “ბენჟამინ ბატონის უცნაური ამბავი” მსახიობის მიერ შექმნილი სახეებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია. ქეითის შესაშური გრაციოზულობა იდეალურად ერწყმის დეიზის პიროვნებას. ქეით ბლანშეტსა და ბრედ პიტს შორის არსებული საოცარი ქიმიის წყალობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს კინემატოგრაფიას კიდევ ერთი მშვენიერი სიყვარულის ისტორია შეემატა.
მსახიობს მეორე ოსკარი ვუდი ალენის ფილმმა “სევდიანი ჟასმინი” მოუტანა. ქეითი იმდენად კარგად გადმოსცემს მთავარი გმირის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ ქაოსური, ხშირად სასტიკი და სასოწარკვეთილი ჟასმინის პერსონაჟი მაყურებელში კომპლექსურ ემოციებს იწვევს: ზოგს სძულს ჟასმინი, ზოგს - ებრალება. მთავარი პერსონაჟისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეით ბლანშეტის ემოციური შესრულება გულგრილს ვერც ერთ მაყურებელს ვერ დატოვებს.
ალბათ იშვიათად, და ისიც მხოლოდ ყველაზე დიდებული მსახიობების შემთხვევაში ქმნის ერთი ადამიანის სახე, გამომეტყველება, თვალები თუ მოძრაობა ფილმის მთლიან აურას. ამ იშვიათ გამონაკლისებშია “ქეროლი” - ქეით ბლანშეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული როლი. ფილმში მსახიობის თითოეული მიმიკისა და გამოხედვის მიღმა გამოგონილი პერსონაჟის მთელი ისტორია იმალება - ის, რასაც ფილმში ვხედავთ და ის, რასაც მაყურებელი ვერასდროს გაიგებს. ყველასათვის დასამახსოვრებელმა როლმა მსახიობს ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციები მოუტანა.
მისტიკური და ზღაპრული პერსონაჟები, სამხრეთ-ამერიკული, ბრიტანული, გერმანული თუ ფრანგული აქცენტები, საპირისპირო სქესის ადამიანის როლის მორგება, რამდენიმე პერსონაჟის განსახიერება ერთ სურათში - ეს იმ საოცარი უნარების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ქეით ბლანშეტი თითოეულ როლს ითავისებს. მისი კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ის ენთუზიაზმი და შრომა, რომელსაც ნებისმიერი პერსონაჟის შესაქმნელად აქტიურად იყენებს - ძველებურად უცვლელია. რა შინაარსის ან ჟანრისაც უნდა იყოს ფილმი, თუ მასში ქეით ბლანშეტის სახელი ფიგურირებს, მაყურებელში ავტომატურ, თითქმის დაუძლეველ სურვილს და ინტერესს აღვიძებს, რადგან ქეით ბლანშეტისთვის ფილმში თამაში უბრალოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური არაა; თითოეულ სურათში ის ხელახლა, ახალი ხმით, ემოციებით, ხასიათითა და ისტორიით იბადება.
დაწერე კომენტარი