ელეგანტური, მშვიდი ოაზისის მსგავსი სივრცე, სასტუმრო Park Hyatt Tokyo იდეალური ადგილია ტოკიოში, რომელიც სტუმრებს კომფორტის, უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და უგემრიელესი სამზარეულოს გარდა, ცოცხალი, მოფუსფუსე ქალაქის 360-გრადუსიან პანორამას სთავაზობს. მიუხედავად  25-წლიანი ისტორიისა, ტოკიოს შუა გულში მდებარე თვალუწვდენელი სასტუმრო ქალაქის საკულტო სიმბოლოა, სადაც რეჟისორმა სოფია კოპოლამ ოსკარის დაჯილდოებაზე ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი - “Lost in Translation” გადაიღო. თუმცა, სანამ სასტუმროს ცნობილ New York Bar-ზე მოგიყვებით, მანამდე Park Hyatt-ის ატმოსფეროს, დიზაინს და სხვა უამრავ ღირებულ ნოუანსს ვერ გამოვტოვებთ. 


“გვინდა, რომ ნებისმიერმა სტუმარმა აქ თავი ისე მშვიდად იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში”, - განმარტავს პოლ ტანგე, რომელიც მამას, კენძო ტანგეს, Park Hyatt-ის დიზაინის შექმნაში ეხმარებოდა. მყუდრო და ჰარმონიული ატმოსფერო, გარდა ტანგესი, სასტუმროს ერთადერთი ინტერიერის დიზაინერის, ჯონ მორფორდის დამსახურებაც არის, რომელმაც თითოეულ სივრცესა და დეტალზე თავად იზრუნა. Park Hyatt Tokyo-ს გარემოს უკეთ აღსაქმელად გეტყვით, რომ აქ თქვენს ოთახში არა სენსორული ბარათით, არამედ ჩვეულებრივი გასაღებით მოხვდებით, რითაც სასტუმრო კიდევ უფრო მეტად ემსგავსება სახლს. ბილი ჯოელი, რომელიც ცოტა ხნის წინ Park Hyatt-ის სტუმრობდა, ისე გაშინაურდა, რომ სასტუმროს სამზარეულოში თავად იკეთებდა საჭმელს.
1994 წელს, მაშინ როდესაც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა, ტანგეს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ სასტუმრო ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა გამხდარიყო, თუმცა ქალაქის რეგულაციების მიხედვით, არც ერთ შენობა არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო დაწესებულებებზე მაღალი. თუმცა, 237 მეტრი ნამდვილად არ არის დაბალი, რომელშიც 14 სართულს 178 სტუმრების ოთახი იკავებს. ეგვიპტური თეთრეული და ტრადიციული იაპონური ჩაი ტოკიოს მშვენიერ ხედთან კომბინაციაში, რომელიც თითოეული ოთახის განუყოფელი ნაწილია, ნამდვილად განტვირთვის იდეალური საშუალებაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, 45-ე სართულზე განთავსებული სასტუმროს გამაჯანსაღებელი ცენტრი მრავალფეროვან სპა სერვისს სთავაზობს სტუმრებს - საუნა, აუზი, ორთქლის ოთახები, ჯაკუზი მასაჟისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების ფართო არჩევანის ჩათვლით. ორი სართულით მაღლა კი აღმოაჩენთ სავარჯიშო დარბაზს, სადაც როგორც აკვა აერობიკით, ისე ფიტნეს ვარჯიშებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ, თქვენს განწყობაზე კი ტოკიოს მშვენიერი ხედი იზრუნებს.
დაკარგულად  კი შეიძლება Peak Lounge-ის 41-ე სართულზე  მოხვედრისას იგრძნოთ თავი, სადაც ულამაზეს ბამბუკის ბაღში გემრიელი დესერტებით გაგიმასპინძლდებიან. ფრანგული რესტორანი - Girandole, მორფორდის თქმით, სასტუმროს გულია, რომელიც დახვეწილი, საერთაშორისო შეთავაზებებით სტუმრებს მახეში აბამს და მათ მოლოდინებს აჭარბებს. მოხდენილი იაპონური რესტორნის, Kozue-ის ტრადიციულ კერძებსა და Peak Bar-ის უგემრიელეს კოქტეილებს ალბათ გულგრილად ვერც ჩაუვლით.

თუმცა, მთავარი ახლა იწყება, სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე New York Grill-ში  ხორცისა და ზღვის პროდუქტების იაპონური კერძებით გაგიმასპინძლდებიათ, 1800 ბოთლი უმაღლესი ხარისხის ღვინო კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში აგიმაღლებთ განწყობას. რაც შეეხება საკულტო New York Bar-ს, სადაც ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ერთმანეთს შეხვდნენ და უძილობას ებრძოდნენ, საღამოობით ჯაზის პერფორმანსებსა და საუკეთესო კოქტეილებს სთავაზობს სტუმრებს. 

2000-ტომიანი ბიბლიოთეკა, სადაც წიგნები მორფორდის დიზაინის მიხედვით არის დაწყობილი, საერთო ჯამში ხელოვნების ნიმუშს ქმნის. ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებებში უამრავ საინტერესო წიგნს შეხვდებით, რომლებიც როგორც იაპონურ, ისე ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ტანგესთვის სასტუმროს დიზაინის ერთ-ერთი საამაყო დეტალი ვერანდაა, რომელიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის, რაც პერსპექტივის ცვლილებასთან ერთად მის განსხვავებულ აღქმაში გამოიხატება. ტანგეს თქმით, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელზეც მზე განსხვავებული მიმართულებებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში არაჩვეულებრივად ირეკლება.  
საბოლოო ჯამში სასტუმრო Park Hyatt Tokyo ერთგვარი სინერგიაა დიზაინერსა და არქიტექტორს შორის. ეს არის თანამედროვე ტიპის სივრცე, რომელსაც კეთილგანწყობილი ემოციები სდევს თან. “გვინდა, რომ ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ”, - განმარტავს ტანგე. 

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე