პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის ალვარო სიზა ვიერას მიერ შექმნილი „პორტუგალიის ეროვნული პავილიონი“ არქიტექტურის საოცარი ნიმუშია, რომელიც წარმოსახვითი მშენებლობისა და ინჟინერიის შესაძლებლობებს ასახავს.




ლისაბონში, მდინარე ტაგუსის ნაპირზე მდებარე ადგილი თავდაპირველად 1998 წლის მსოფლიო ექსპოზიციისთვის გაშენდა. მონუმენტური სტრუქტურა მოდერნისტული ხუროთმოძღვრების ნიმუშია, რომელიც ხაზს უსვამს გეომეტრიულ ფორმებს, ინდუსტრიული პროცესების ზეიმსა და სტრუქტურული ელემენტების, როგორც პირველადი არქიტექტურული მახასიათებლების გამოვლენას. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მისი უზარმაზარი, ჩაზნექილი თაღია, რომელიც შენობის სახურავს წარმოადგენს.




დიზაინერ სესილ ბალმონთან თანამშრომლობით შექმნილი შენობის სტრუქტურული შემოქმედებითობა დღესდღეობით ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია. 20 სანტიმეტრი სისქის ბეტონის ფენისგან დამზადებულ სახურავს მხოლოდ ორი სვეტი იჭერს, რომლებიც ერმანეთისგან 65 მეტრითაა დაშორებული. მიუხედავად ამისა, თაღი ისე გამოიყურება, თითქოს ჰაერში იყოს გამოკიდებული და წონა საერთოდ არ ჰქონდეს. ასეთი შედეგის მიღწევა დაკიდებული კაბელების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომლებიც სახურავს ორ საყრდენ სვეტთან აკავშირებს. არქიტექტორებმა ისინი განზრახ ხილული დატოვეს, რათა ეს მცირე, მაგრამ განმსაზღვრელი დეტალი წარმოეჩინათ, რომელიც არქიტექტურის სტრუქტურულ მთლიანობაზე მიანიშნებს. ეს მშვენიერი კონსტრუქცია ერთდროულად აერთიანებს დაძაბულობისა და წონასწორობის ელემენტებს.




გამორჩეულ საზოგადოებრივ პლაზასთან ახლოს მთავარი საგამოფენო ცენტრი მდებარეობს, რომელიც 32000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და  მულტიფუნქციურ ადგილს მოიცავს, რომლიდანაც ასევე ულამაზესი ხედი იშლება.