ბრიტანელი არქიტექტორის, პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინერის, ნაიჯელ ქოუთსის შემოქმედება არქიტექტურისა და ობიექტის მნიშვნელობასთან მუდმივ გამოწვევაშია. მისი მისია ხელოვნებისა და ინტელექტის არქიტექტურასა და დიზაინში გადატანას მოიცავს. ქოუთსი იმ ორიგინალურ და გამორჩეულ დიზაინერთა პლეადას წარმოადგენს, რომლის იდეებიც ურბანული ცხოვრების “დაბნეულობასა და აღფრთოვანებას” უკავშირდება. მისი გამომგონებლური ნარატივები უამრავ შენობაში, ინტერიერსა თუ საგამოფენო პროექტებშია თარგმნილი, მეტწილად კი იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. მისი უფრო მეტად ექსპერიმენტული ნამუშევრები დიზაინისა და ხელოვნების კონტექსტში მსოფლიოს  სხვადასხვა გალერეაში თუ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა Mixtacity Tate Modern-ში, Hypnerotosphere, რომელიც 2008 წლის ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში შეიქმნა და Picaresque, 2012 წლის ნამუშევარი, რომელიც Triennale Design Museum-ში იყო გამოფენილი. ქოუთსის ნამუშევრები ლონდონში მდებარე მუზეუმის, V&A-ისა და ორლენაში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, FRAC-ის კოლექციებშია დაცული. არ აქვს მნიშვნელობა  ეს სივრცე იქნება თუ რომელიმე ობიექტი, ქოუთსი მას განსაკუთრებული ვნებით, ირონიულობითა და ინსტინქტებით ავსებს. 


2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი Tbilisi Design Days-ის ერთ-ერთი სტუმარი ნაიჯელ ქოუთსიც იქნება, რომელიც აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. მანამდე კი Tbilisi Design Days-სთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ნაიჯელ ქოუთსი მისი შემოქმედებისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.  



როდის და როგორ აღმოაჩინეთ საკუთარი თავი არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში? 

სიმართლე გითხრათ, ერთი კონკრეტული და გარდამტეხი მომენტი არ ყოფილა, რამაც მიმახვედრა, რომ არქიტექტურა და დიზაინი იყო ის, რაც მაინტერესებდა. ალბათ ხუთი წლის ასაკიდან ამით ვარ მოცული. დედაჩემის წყალობით სახლში ყოველთვის მიმოფანტული იყო წიგნები არქიტექტურაზე და მახსოვს, რომ ადრეული ასაკიდან უკვე Corb-ს ვფურცლავდი. 


არქიტექტურა VS ობიექტი - პირველად რომელზე იწყებთ ფიქრს, არქიტექტურულ სივრცეზე თუ ობიექტზე? 

მე მეთოდური აქტორი ვარ - ყველა როლის მორგება მიყვარს. თუ საქმე დიდ სივრცეს ეხება, მასშტაბურად ვიწყებ ფიქრს, თუ პატარას, ესეც საინტერესოა ჩემთვის. სირთულეები მაშინ ჩნდება, როდესაც უნდა შექმნა უზარმაზარი ზომის ობიექტი, ვთქვათ, მაგიდა ან სკამი. 


როგორი ტიპის არქიტექტურა და დიზაინი არის თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმულის წყარო? 

შემთხვევითი არქიტექტურა - შენობები, რომლებსაც ორგანული თანმიმდევრულობა ახასიათებთ და რომლებიც, გაუცნობიერებლად არიან აგებულნი. უამრავი ნიმუშია ისეთი ნაგებობების, რომლებიც, ვთქვათ, ტალახის მეშვეობით შეიქმნა. მსგავსი ორგანული თანმიმდევრულობა მხიბლავს ყველაზე მეტად. 


კრეატიულობის თვალსაზრისით, თქვენთვის რომელია ყველაზე მეტად შთამაგონებელი და სასიამოვნო - არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი თუ პროდუქტის დიზაინი? 

მომენტი, როდესაც სამივე იკვეთება. მაგალითად, როდესაც საქმე ძველი შენობის განახლებას ეხება და ყველაფერი თანამედროვე ხასიათს უნდა მოარგო, სწორად დაყო სივრცეები და შეარჩიო შესაფერისი ავეჯი, რომელიც ამ სივრცეს არ დაარღვევს. სივრცის მართვა მუსიკის შექმნას ჰგავს, როდესაც ცდილობ ორკესტრის ყველა ინსტრუმენტი შესაბამისი დელიკატურობით გამოიყენო.



თქვენი კარიერის დიდი ნაწილი საგანმანათლებლო სფეროსაც დაუთმეთ, Royal College of Art-ში არქიტექტურას ასწავლიდით 2011 წლამდე. თითქოს პროფესორობა თქვენი მოწოდება იყო...

ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ახალგაზრდა გონებაზე დაკვირვება და მათი აზრების გაგება. საინტერესო იყო იმ ადამიანებთან მუშაობა, რომელთაც უკვე რაღაც საბაზისო ცოდნა ჰქონდათ თავიანთი დიზაინის შესაძლებლობების შესახებ. აკადემიური სივრცე და პროფესორობა იმდროინდელი თანამედროვეობის ნაწილი იყო, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრაფვოდნენ. 


Hypnerotosphere - ასე ერქვა თქვენს პროექტს, რომელიც ვენეციის მე-11 არქიტექტურულ ბიენალეზე წარადგინეთ. მოგვიყევით უფრო ვრცლად, რა იყო ამ ნამუშევრის იდეა? 

აარონ ბეტცკის, რომელიც იმ წელს ვენეციის მე-11 არქიტექტურულ ბიენალეს კურატორობდა, სურდა შემექმნა ისეთი სივრცე, რომელიც სენსუალობასა და სექსს ასახავდა. როგორც ყველა მონაწილე არქიტექტორს, მეც ჩემი საკუთარი სივრცე მქონდა, რომელიც ოთხი უზარმაზარი აგურის სვეტით იყო განსაზღვრული. მსურდა, შემექმნა ტაძრის მსგავსი სივრცე, რომელიც თითოეულ ვიზიტორამდე სენსუალურობის ამ შეგრძნებას განსაკუთრებით თავაზიანი და ფაქიზი გზით მიიტანდა. ცეკვასა და მოძრაობაზე აგებული ფილმისა და უნაგირის მსგავსი ავეჯის კომბინაციის მეშვეობით, ის გარემო შეიქმნა, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა. ფილმში ორი  მოცეკვავე მამაკაცი შენების პროცესის პერფორმანსს დგამენ, ხოლო შემდეგ უეცრად კოლაფსს განიცდიან, რაც, თავის მხრივ, იმ ფაქტზე მიუთითებდა, რომ არქიტექტურა მუდმივი არ არის, არამედ ის უსასრულო აღწარმოების ციკლში არსებობს. 


რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით საკუთარი შემოქმედებიდან? 

ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა. ტოკიოში აღმართული The Wall ჩემს უამრავ ჩანაფიქრსა და განზრახვას გამოხატავს, როგორც The Geffrye Museum ლონდონში. პირველი ექსტრავერტული ბუნებისაა, რომელსაც ემატება ინტროვერტობა, ხოლო მეორე - პირიქით. პირველი უზარმაზარი ბილბორდია, ხოლო მეორეს არ აქვს რეალური ფასადი, რადგან ყველაფერი მის შიგნით არის მოქეული. 


ვიცით, რომ 2021 წელს თბილისში დაგეგმილი დიზაინის დღეების სტუმარი თქვენც იქნებით. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს არქიტექტურასა და დიზაინზე ისეთ ღონისძებებს, როგორიცაა Tbilisi Design Days და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი? 

თბილისი ახლა სწრაფი ტრანსფორმაციების გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და ვფიქრობ, დიზაინს შეუძლია ამ ცვლილებებისთვის ფორმის მიცემა და მისი გაწონასწორება. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული ხუროთმოძღვრების დაცვას, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. მოუთმენლად ველი თქვენი ტრადიციული ავეჯის დათვალიერებას, რადგან დარწმუნებული ვარ, საოცრად შთამაგონებელი იქნება. 


უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ, თუ რა მოლოდინები გაქვთ 2021 წელს დაგეგმილ Tbilisi Design Days მიმართ? 


შემიძლია უფრო ჩემს იმედებზე მოგიყვეთ, რომ Tbilisi Design Days იქნება ერთ-ერთი იმ საერთაშორისო ღონისძიებათაგანი, რომელზეც უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეების გაზიარებისა. ამასთან, ვფიქრობ, ვისაუბრებთ თბილისის განვითარების შესაძლო ვარიანტებზე. ბოლო წლებში თბილისს ისეთი უცნაური თანამედროვე ტიპის შენობები დაემატა, რომლებიც ქალაქის გაციფრულების მაგალითია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმ დახვეწილი მიდგომის გათვალისწინება, რომელიც ქალაქის ისტორიული ნაწილის მიმართ სენსიტიურია. ის ინსტრაგრამული იდენტობა, რომელიც დღეს თბილისს ახასიათებს, რაღაც მხრივ უთანხმოებაშია ქალაქის ისტორიულ ნაწილთან.  


როგორ ფიქრობთ, არქიტექტურული გადმოსახედიდან დღეს როგორ სამყაროში ვცხოვრობთ? 

ყველანი ვთანხმდებით, რომ ახლა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ მომენტში ვიმყოფებით, რომელშიც მარტივი პასუხები არ არსებობს და არ ვიცით რეალურად საით მივდივართ. თუმცა, ჩემი აზრით, ნელ-ნელა პატარა ქალაქები უფრო მიმზიდველები და საინტერესოები გახდებიან, ვიდრე დიდი მეგაპოლისები და მგონია, რომ მიგრაცია ამ დროს პირიქით, პატარა ქალაქიდან დიდი ქალაქის მიმართულებით აიღებს გეზს. სამყაროში ნაკლები მასობრივი გადაადგილება წარმომიდგენია, რომლის ფონზეც გაიზრდება დამოუკიდებელი, უმძღოლო კაფსულები და იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში ნავთობზე დამოკიდებულება აღმოიფხვრება.  მნიშვნელოვანია ასევე იზოლაციის მერე ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ისეთი ურთიერთობები, როგორებიც აქამდე გვქონდა. ვფიქრობ, მოგვიწევს თავიდან ვისწავლოთ და გავიაზროთ შეხების ხელოვნება. 


გახსოვთ თუ არა პირველი შენობა, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდა?

Great Malvern Priory - ულამაზესი ტაძარი, რომელიც მალვერნში, ჩემს მშობლიურ მხარეში მდებარეობს. ჩემთვის ეს ტაძარი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და ირგვლივ ტყისა და გორაკების მწვანე ლანდშაფტი ამშვენებდა. მეოცნებე ბავშვისთვის ეს ტაძარი დაუსრულებელი აღმოჩენების წყარო გახდა, რომლის მუყაოს მოდელიც მამაჩემთან ერთად შევქმენი და მახსოვს, რომ მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული იყო. 


არსებობს თუ არა რომელიმე შენობა, საჯარო სივრცე ან ობიექტი, რომლის დიზაინის ავტორობასაც თავად ისურვებდით? 

მარაქეშში მდებარე Jemaa el-Fna-ს დიზაინის ავტორი სიამოვნებით ვიქნებოდი, მეტწილად იმიტომ, რომ ამ სივრცის დიზაინი არა ვინმეს მიერ, არამედ ორგანულად, თავისთავად შეიქმნა. რაც შეეხება ობიექტს, The Martin Thonet model 14-ის სკამი ჩემთვის განსაკუთრებულია, რომელმაც დროს გაუსწრო. სავსეა თავშეკავებული მგრძნობელობით და როგორც ყველა სკამი, ასევე ეს მოდელიც ადამიანის სხეულის იდეას ასახავს, თუმცა ტექნიკურად არტისტული ჟესტების მეშვეობით. 


რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა არქიტექტორებს?

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი ხაზვის, ხატვისა და კლუბური ცხოვრების ელემენტებით შეავსოთ. ეცადეთ, რომ არქიტექტურა გაიაზროთ, როგორც სინთეზური ხელოვნება და არა აბსოლუტური მთლიანობა, რომელსაც დღემდე უამრავი არქიტექტორი აკეთებს. ყურადღება გაამახვილეთ და გამოიმუშავეთ დამოკიდებულება,  რომელიც თქვენ გარშემო არსებული რეალობის მიმართ გაქვთ. მინიშნებების უმეტესი ნაწილი თქვენ ცხვირ წინ არის, საჭიროა მხოლოდ ამის დანახვა. 


კარიერის დასაწყისში თქვენი დიზაინი სენსუალური იყო. დროთა განმავლობაში ის უფრო მეტად არსებითი გახდა და დღეს სხვადასხვა სიმბოლოთი ძლიერ ემოციებს აღძრავთ მნახველში. ამ ეტაპზე რა მიმართულებით ვითარდება თქვენი შემოქმედება?

ვიმედოვნებ, რომ სენსუალურობის განცდა ჩემს ნამუშევრებს ისევ თან დაჰყვება. ჩემს ბოლო  კერამიკის პროექტშიც ჩანს ის არსებითი თვისებები, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანურია, თუმცა მაგიურ ძალებზეც მიანიშნებს. დღესდღეობით უფრო მშვიდი და თავშეკავებული მიმართულებით ვვითარდები, თუმცა იმავე მგრძნობელობით. თუ რაიმე სასწრაფო პროექტზე მუშაობა არ მიწევს, ხშირ შემთხვევაში გამომგონებლის როლში ვარ. ამ ეტაპზე გეგმები არ მაქვს, დღიდან დღემდე ვცხოვრობ და ვაკვირდები, თუ საით წამიყვანს ახალი რეალობა.