კენძო ტანგე 1913 წელს დაიბადა. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იაპონელი არქიტექტორია, რომელიც იაპონური მეტაბოლიზმის ფუძემდებლად ითვლება.
1935 წელს ლე კორბუზიეს ნამუშევრებით შთაგონებულმა ტანგემ ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი სწორედ ლე კორბუზიეს მოსწავლესთან, კუნიო მაეკავასთან მუშაობდა. არქიტექტურის გარდა, ის ურბანული დაგეგმარებითაც იყო დაინტერესებული და 1942 წელს უნივერსიტეტში სწორედ ამ მიმართულების შესასწავლად დაბრუნდა. მალევე კი პროფესორიც გახდა.
ტანგეს პირველი მნიშვნელოვანი პროექტი ჰიროსიმას მშვიდობის ცენტრი და პარკი იყო, რომლის მშენებლობაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს დაიწყო. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ეს ადგილი ქალაქის “სპირიტუალური ღერძი” და მშვიდობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. სივრცე, ერთი მხრივ, ტრადიციული კულტურის ღრმა ცოდნის, მეორე მხრივ კი მოდერნული სტილის ძიების კარგი ნიმუშია.
როგორც უკვე ვთქვით, 1960-იან წლებში ტანგემ, ადამიანების ჯგუფთან ერთად, მეტაბოლისტურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომლის წევრებსაც სწამდათ, რომ ქალაქები სამომავლო ცვლილებების შესაბამისად უნდა აეშენებინათ. პრობლემების გადაჭრის მთავარი გზა კი მათთვის “ასაწყობი კაფსულები” იყო, რომლებიც შენობის ძირითად სტრუქტურაზე მაგრდებოდა. სწორედ ამგვარი სტრუქტურის კარგი ნიმუშია ტანგეს დიზაინით შესრულებული Nakagin Capsule Tower.
1960 წელს არქიტექტორმა საკუთარ გუნდთან ერთად, ტოკიოს გეოგრაფიაზე დაყრდნობით, მცურავი ქალაქის გეგმაც შეადგინა, რომელიც სივრცითი პრობლემების გადაჭრის განსაკუთრებულ გზას გულისხმობდა - ხელოვნურად შექმნილი კუნძულები, მათი დამაკავშირებელი ხიდები, წყალში მოტივტივე საპარკინგე სივრცეები და დიდი ბეტონის სტრუქტურები ქალაქს ზრდაში უნდა დახმარებოდა. გეგმამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი ყურადღება მიიპყრო და იმ ბრიტანელი არქიტექტორების ინსპირაციის წყაროც გახდა, რომელთაც მოგვიანებით ბრუტალისტები უწოდეს. ამგვარად, ბევრის აზრით, კენძო ტანგე არა მხოლოდ მეტაბოლიზმის, არამედ 60-იანების ბრუტალიზმის “მამადაც” ითვლება.
ზოგადად, არქიტექტორის შემოქმედების ეს პერიოდი დახვეწილი და თამამი სტილით გამოირჩევა, რისი ბრწყინვალე მაგალითიც არის 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი The National Gymnasium. ეს შენობა, რომელმაც ტანგეს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, დღეს მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნაობად ითვლება, პრიცკერის პრემიის ჟიურის აზრით კი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა. განსაკუთრებული სტრუქტურის გარდა, შენობა პეიზაჟთან ჰარმონიითაც იქცევს ყურადღებას - მოკრძალებული ტალღოვანი ფორმები, გამორჩეული სტილის სახურავი და მომრგვალებული ბეტონის საძირკველი ისე გამოიყურება, თითქოს იგი ამ ადგილას ბუნებრივად არსებობდა.
ტანგეს კიდევ ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარი - St. Mary’s Cathedral - ამავე პერიოდშია აშენებული. ამ შენობის მთავარი სტრუქტურა ტრადიციული ჯვარედინი დიზაინისაა და უჟანგავი ფოლადისგანაა შექმნილი. ინტერიერში ბეტონია გამოყენებული და განსაკუთრებულ ყურადღებას ფანჯრები იქცევს - ისინი დახრილი ფორმისაა, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში შენობის განსხვავებულ განათებას უზრუნველყოფს. საინტერესოა, რომ ამ კათედრალის დიზაინის შექმნამდე კენძო ტანგემ შუა საუკუნეების რამდენიმე გოთიკური შენობა მოინახულა და გადაწყვიტა, საკუთარი ნამუშევარი მთლიანად მოდერნული ტექნოლოგიით შეექმნა.
ტანგემ მეტაბოლისტური იდეების განხორციელება 1966 წელსაც გააგრძელა, როცა Yamanashi Broadcasting and Press Centre-ის დიზაინი შექმნა. შენობაში სამი მედიაკომპანია უნდა განთავსებულიყო: საგაზეთო სტამბა, რადიო სადგური და სატელევიზიო სტუდია. სტამბა პირველ სართულზე იყო, სტუდიები ზემოთ, ხოლო ოფისები შუაში განთავსებულ შემინულ სივრცეებში. საინტერესოა, რომ შენობის კლასტერებს შორის არქიტექტორმა ღია სივრცეები დატოვა, რაც დიზაინს საკმაოდ მოქნილად აქცევს.
მსგავსი იდეითაა აშენებული ტოკიოში მდებარე ქუვეითის საელჩოც, რომელსაც საკუთარი დაუსრულებელი დიზაინის წყალობით, ცვლილებისა და ზრდის დიდი შესაძლებლობა აქვს. ამ შენობის დიზაინში სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობის აღრევა იგრძნობა. კონკრეტულად, ერთი მხრივ, მეტაბოლისტურ სტილსა და მეგასტრუქტურას ვხედავთ, მეორე მხრივ კი - ბეტონს, რომელიც ბრუტალისტურ შეგრძნებებს იწვევს.
ტანგეს გვიანი და განსხვავებული სტილის ნამუშევარია 1991 წელს აშენებული Tokyo Metropolitan Government Office. ეს პოსტმოდერნისტული სტილის შენობა ნოტრ-დამის დიზაინის შთაგონებითაა შექმნილი. იგი სამი სტრუქტურისგან შედგება. საფუძველი, რომელიც სამივე ნაწილს აერთიანებს, 33-სართულიანია, ყველაზე მაღალი წერტილი კი 48-ე სართულზეა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამი სართული მიწისქვეშეთშიც მდებარეობს. საინტერესოა, რომ შენობის გოთიკურ ტაძართან მსგავსების მიუხედავად, არქიტექტორის მთავარი სურვილი მისთვის კომპიუტერის ჩიპის ფორმის მინიჭება იყო.
1987 წელს კენძო ტანგემ პრიცკერის არქიტექტურული ჯილდო მიიღო და გარდაცვალებამდე, კიდევ 20 წლის მანძილზე აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ბევრის აზრით, მისი გვიანდელი ნამუშევრები ნაკლებადაა ღირებული და წინა პერიოდებთან ახლოსაც ვერ მივა.
შეიძლება ითქვას, რომ მთავარი თემა, რომელიც მის შენობებში ერთიანდება, ტრადიციულ ფორმებთან განსაკუთრებულ მიდგომას გულისხმობს: “არქიტექტურას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც, რაც ადამიანის გულს შეეხება, თუმცა მისი საბაზისო ფორმები, სივრცეები და გარეგნობა ლოგიკური უნდა იყოს. დღეს კრეატიული საქმე ტექნოლოგიისა და ადამიანის ერთობლივი მუშაობით კეთდება, ტრადიციის როლი კი კატალიზატორულია - მან ქიმიური რეაქცია უნდა დააჩქაროს, მაგრამ საბოლოო პროდუქტში არ უნდა ჩანდეს. ტრადიციას, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შექმნის პროცესში, მაგრამ ის არ უნდა იყოს ქმნილება”.
დაწერე კომენტარი