“I'm alcoholic, neurotic, psychotic, a whinging loser obsessed with myself but I'm an artist”, - ასე ახასიათებს ტრეისი ემინი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრიტანელი არტისტი - საკუთარ თავს.


ემინი, რომელსაც ხშირად ბრიტანული ხელოვნების “ცუდ ბავშვსაც” უწოდებენ, 1963 წელს პატარა ზღვისპირა ქალაქში, სრულიად არატრადიციულ ოჯახში დაიბადა. მამამ სხვა ცოლი შეირთო და ცოტა ხანში საერთოდ მიატოვა მცირეწლოვანი ტრეისი, მისი ძმა და დედა. ერთ-ერთ საგაზეთო სვეტში, რომელსაც არტისტი 2009 წელს უძღვებოდა, იგი წერს, რომ სამყაროში ყველაზე დისფუნქციური ოჯახი ჰყავს. 2005 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში კი 13 წლის ასაკში გაუპატიურების ამბავს იხსენებს, როცა დედამისმა არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად - პოლიციაში არ დაურეკავს, უბრალოდ ქურთუკი გაურეცხა და ამაზე აღარ ულაპარაკიათ.


ამ ამბიდან 6 თვის განმავლობაში ტრეისი ბიჭების გარემოცვას ერიდებოდა, შემდეგ კი აქტიური სექსუალური ცხოვრება დაიწყო, რაც მისთვის, ერთი მხრივ, საკუთარი სხეულის რეალურობის განცდასთან, მეორე მხრივ, კი ესკაპიზმთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ პერიოდში მიატოვა სკოლაც და სანაცვლოდ, კაფეებში, პლაჟსა და დისკოს საღამოებზე ატარებდა დროს. მალე ცეკვაც შეუყვარდა. საბოლოოდ, არტისტმა ცხოვრების ეს პერიოდი 1995 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში -  Why I Never Became A Dancer  გადმოსცა. 


15 წლის ასაკში ემინი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. Maidstone College of Art-ში სკოლის სერტიფიკატის გარეშე მიიღეს და 1986 წელს სახვითი ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი, 1989 წელს კი Royal College of Art-ის მაგისტრის ხარისხიც მიიღო. არტისტი ამ პერიოდში მიღებულ ცოდნას დიდ პატივს სცემს და ამბობს, რომ ეს განათლება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. უნივერსიტეტის შემდგომი პერიოდი ემინისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ დროს მან ადრინდელი ნამუშევრები გაანადგურა და ყველა საყვარელ ადამიანთან გაწყვიტა კავშირი. ორჯერ გაიკეთა აბორტიც, რაც ხშირადაა გადმოცემული მის ნამუშევრებში. ზოგადად, ის ღიად საუბრობს აბორტზე და ფიქრობს, რომ ვერაფერს მიაღწევდა, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო.



1990-იან წლებში ემინი Young British Artist-ების ჯგუფში გაერთიანდა, რომლის წევრებიც ისეთი ცნობილი ხელოვანებიც იყვნენ, როგორებიც არიან დემიენ ჰირსტი და სარა ლუკასი. ტრეისისთვის სწორედ ამ უკანასკნელთან დამყარებული “სახიფათოდ ელექტრონული” ურთიერთობა აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი. მათ 1993 წელს მაღაზია გახსნეს, სადაც ხელნაკეთ ნივთებს ყიდდნენ - მაისურებს, საფერფლეებს, კაბებს... ლუკასისა და ემინის კავშირი იმდენად ძლიერი იყო, რომ სარას გარკვეული დრო დასჭირდა მისგან გასათავისუფლებლად - ამბობდა, რომ მისი სიყვარული ტრეისის მიმართ ზედმეტად ეგოისტური იყო.



1993 წელს ემინის პირველი გამოფენა - My Major Retrospective გაიმართა. სახელი, რა თქმა უნდა, ირონიული იყო და აქცენტს წარსულზე მეტად, მომავლის “გეგმებზე” აკეთებდა. აქ მან ბევრი პირადული ნივთი გამოფინა, მათ შორის თინეიჯერობის დრონდელი დღიურები, ნახატები, სათამაშოები, ფოტოები და სუვენირები. მთლიანობაში, სწორედ გამოფენის ამგვარი ხასიათი იყო იმის მანიშნებელი, რომ ტრეისი საკუთარი ინტიმური ემოციებისა და ამბების მოყოლას მომავალშიც გააგრძელებდა.



პირველი მთავარი ნამუშევარი, რომლითაც არტისტმა სახელოვნებო სამყაროს თავი დაამახსოვრა, 1995 წლის ინსტალაციაა, სახელწოდებით - Everyone I Have Ever Slept With. ეს იყო პატარა ზომის კარავი, რომლის შიგნითაც ყველა იმ ადამიანის სახელი ეწერა, რომელთან ერთადაც ხელოვანს ოდესმე სძინებია. ჩამოთვლილ ადამიანებს შორის დედა, ბებია და მისი ძმაც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ზოგმა “ზედმეტი სექსუალურობის” გამო გააკრიტიკა, ის სექსუალურ ინტიმურობაზე მეტად, ზოგად ადამიანურ ინტიმურობას ეხებოდა. სამწუხაროდ, ინსტალაცია 2004 წელს გაჩენილი ხანძრისას დაიწვა და არტისტს ის არ აღუდგენია.




ემინის შემოქმედებიდან საინტერესოა 1996 წელიც, როცა ის სტოკჰოლმის გალერეის ოთახში სამი კვირით გამოიკეტა. კედლებში ლინზები ჩასვა და ამგვარად,  ნებისმიერ მსურველს შეეძლო ენახა, თუ როგორ ხატავდა შიშველი არტისტი. პერფორმანსს 
Exorcism of the Last Painting I Ever Made ერქვა და ემინი იმ დროს შესრულებული ნამუშევრებით დღემდე ამაყობს.



კიდევ ერთი ინსტალაცია, რომელიც ასევე ცენტრალური აღმოჩნდა მისი კარიერისთვის,  My Bed-ია. 1998 წელს, პარტნიორთან დაშორების შემდეგ, ემინს დეპრესია ჰქონდა - 4 დღის მანძილზე თითქმის უგონოდ იწვა საწოლში, მხოლოდ არაყს სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ამ პერიოდს დღესაც კი თავისი ცხოვრების სრულ დეკადანსს უწოდებს და ხშირად ჰყვება, რომ ერთხელ, როცა საწოლი შორიდან დაინახა, მიხვდა, რომ ის ხელოვნების ნიმუში იყო და მალევე, მცირედ “შელამაზებული” ფორმით გამოფინა. საწოლის ირგვლივ ცარიელი ბოთლები, სიგარეტის ნარჩენები, დასვრილი საცვლები, ჟურნალები, გამოყენებული კონდომები, ფოტოები და სხვა ინტიმური ნივთებია მიმოფანტული. სწორედ ამ გულახდილობის გამო, რომლითაც იგი ქალურ სექსუალობასა და სხეულს აჩვენებს, ნამუშევარმა ფემინისტური ხელოვნების რიგებშიც დაიკავა ადგილი.





2000-იანი წლებიდან ემინმა ნეონის ტექსტებზე დაიწყო მუშაობა და ბევრი ღრმად ემოციური წარწერა შექმნა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ლონდონში, რკინიგზის სადგურზე დამაგრებული I Want My Time With You და ლივერპულის კათედრალის მთავარ შესასვლელთან გაკეთებული -
I Felt You And I Knew You Loved Me. აგრეთვე, გამორჩეულია წარწერები: I Don’t Believe in Love But I Believe in You, It’s Not Me That's Crying Its My Soul, My Heart is With You Always და You Forgot to Kiss My Soul. ნეონის გამოყენება არტისტმა იმიტომ დაიწყო, რომ ამ მასალას ძლიერი პოზიტიური ემოციების გამოწვევა შეუძლია და ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მცირე ტექსტებზე საუბრისას კი თქვა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად საუკეთესო ხელოვანი არ არის, მის ნამუშევრებს უნიკალურად სიტყვები აქცევს, რომელთა გამოყენებაც მას განსაკუთრებით კარგად შეუძლია.




უნდა გავიხსენოთ 2007 წლის ვენეციის ბიენალეც, რომელზეც დიდი ბრიტანეთი სწორედ ემინმა წარადგინა გამოფენით Borrowed Light, რომელიც ნეონს, ნაქარგებს, აბორტის შემდგომ შექმნილ აკვარელის ნამუშევრებსა და ქანდაკებებს აერთიანებდა.



გამორჩეულია ტრეისი ემინისა და ლუიზ ბურჟუას ერთობლივი სერიაც - Do Not Abandon Me, რომელშიც არტისტებმა ფიზიკური შეგრძნებები და იდენტობის, სექსუალობისა და დანაკარგის შიშის თემები გამოიკვლიეს. მუშაობის დასაწყისში ბურჟუამ გუაშის ტილოები შექმნა და ისინი დასამთავრებლად ემინს გაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, ტილოებს მინიატიურული ფიგურები და წარწერები დაუმატა. დასრულებული სერია ლუიზმა გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მიიღო და ამბობდა, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო.




Love Is What You Want 2010 წელს გამართული რეტროსპექტული გამოფენაა, რომელზეც ემინის ძველ ნამუშევრებთან ერთად, ახალი ქანდაკებებიც იყო წარმოდგენილი. ამბობენ, რომ სწორედ ამ გამოფენაზე გამოჩნდა მისი თემატური გადანაცვლება სექსიდან სიყვარულისკენ, რაც “ზრდასრული პერიოდის” დასაწყისს გულისხმობდა. “მე ისევ აქ ვარ, იმ განსხვავებით, რომ შევიცვალე, რაღაც სხვად ვიქეცი, მაგრამ ჩემი არსი იგივეა”, - თქვა ემინმა.




The Last Great Adventure is You არტისტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელმაც დიდი ზომის ნაქარგები, ბრინჯაოს ქანდაკებები, გუაშის ტილოები და ნეონი გააერთიანა. გამოფენა “დროის გასვლასა და იმ მარტივ გააზრებას იკვლევს, რომ ჩვენ ყველანი მარტოები ვართ”. აქ ნაჩვენები შიშველი ფიგურები ძალიან დახვეწილი ფორმისაა და, გარკვეული აზრით, ახალ განზომილებას ქმნის იმ სახელოვნებო სამყაროში, რომელშიც ქალის შიშველ ფიგურას მხოლოდ კაცები ხატავდნენ.




2016 წელს 53 წლის ტრეისი ემინი ქვაზე დაქორწინდა. ქვა საფრანგეთში, მისი სტუდიის ბაღში მდებარეობს. ერთხელ საქორწინო ბეჭედი იპოვა და იმის შიშით, რომ თუ მას ქორწინების გარეშე ატარებდა, ბეჭედი უიღბლობის მომტანი იქნებოდა, გადაწყვიტა ქვაზე დაქორწინებულიყო. “ვიფიქრე, რომ ქვა ძალიან მაგიური და ლამაზია. მე ძალიან მიყვარს ის. იმაზეც ვფიქრობდი, თუ როგორი ვნებით ვღვრი ჩემს სიყვარულს ნივთებსა და ადამიანებში, მაგრამ არ ველი მის უკან დაბრუნებას. უბრალოდ, ფაქტად ვიღებ იმას, რომ მხოლოდ მე ვარ ის, ვინც გასცემს. ქვა ჩემი შეგრძნების მეტაფორად იქცა.” სინამდვილეში, ქვა მის მუზადაც იქცა და გამოფენის - I Cried Because I Love You ბევრ ნამუშევარშია წარმოდგენილი.





2019 წელს გაიმართა ემინის ჯერჯერობით ბოლო გამოფენა - A Fortnight of Tears, რომელიც, ასევე, ბევრი სხვადასხვა ფორმის ხელოვნებას აერთიანებს - ქანდაკებას, ნეონს, მხატვრობას, ფილმს, ფოტოგრაფიასა და ფერწერას. მთლიანი გამოფენა ისეთ მძაფრ ემოციებს იკვლევს, რომლებიც დანაკარგის, ბრაზისა და სიყვარულის შედეგად ჩნდება. სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა ხელოვანის დედაც და რამდენიმე ნამუშევარი მასაც ეძღვნება. მთლიანობაში კი ეს გამოფენა გვახსენებს, რომ ემოციები იშვიათადაა მოწესრიგებული და ლოგიკური და ტკივილი, რომელსაც ადამიანი მშობლის გარდაცვალებისას განიცდის, შეიძლება ძალიან ჰგავდეს პარტნიორთან დაშორების ან აბორტის გახსენების ტკივილს.



დღეს ტრეისი ემინი სახელოვნებო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. იგი შემოქმედთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც განსხვავებული არტისტული ფორმების გამოყენებისა და მუდმივი თვითრეფლექსიის გზით, საკუთარი შინაგანი სინამდვილის გულწრფელად, ცხადად და შეულამაზებლად გადმოცემა შეძლეს.