თუ ჯერ არ გსმენიათ ბილი აილიშის შესახებ, სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა არ ხართ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის შესახებ გსმენიათ, ალბათ თავს მაინც ხანდაზმულად გრძნობთ, რადგან საეჭვოა გაიხსენოთ, რას აკეთებდით მაშინ, როდესაც 13 წლის ბილი და მისი 17 წლის ძმა ფინეასი უკვე მსოფლიო ჰიტად ქცეულ სიმღერას - “Ocean Eyes” წერდნენ. 


ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე და მოდელია, რომელიც ლოს-ანჯელესში, არტისტების ოჯახში დაიბადა. მშობლების გადაწყვეტილებით, ბილი და ფინეასი განათლებას სახლში იღებდნენ, 8 წლის ასაკში კი ბილი თანამედროვე ცეკვით დაინტერესდა და ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდში გაწევრიანდა. “Ocean Eyes” არც პირველი სიმღერაა და არც უკანასკნელი, რომელიც ბილიმ და მისმა ძმამ Soundcloud-ზე ატვირთეს, თუმცა ბილის კარიერისთვის იგი ნამდვილად იყო გარდამტეხი. მისმა სუფთა, მშვიდად მოჩურჩულე ვოკალმა საკმაოდ ცნობილი მუსიკოსების ყურადღება მიიპყრო. Interscope Records-თან თანამშრომლობის შემდეგ, ბილიმ 2019 წლის მარტში პირველი ალბომი - When we fall asleep, where do we go გამოუშვა, რომელზეც მუშაობა ფინეასთან ერთად 2016 წლის მაისში დაიწყო. მუსიკოსის თითქმის ყველა სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა, თუმცა “Bad guy” მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელმაც გრემის 62-ე დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერისა და წლის საუკეთესო სიმღერის ჯილდოები დაიმსახურა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ბილი 62-ე გრემის დაჯილდოებაზე აღიარეს, როგორც ყველაზე ახალგაზრდა არტისტი ქალი, წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციის გამარჯვებული, რომელიც 4 მთავარ კატეგორიაზე იყო წარდგენილი. 


აილიშის მუსიკაში ცეკვა უზარმაზარ როლს თამაშობს, მარტივად, რომ ვთქვათ - “თუ სიმღერა არ ან ვერ განდომებს ცეკვას, ეს სიმღერა არ არის”. პირველ რიგში ცეკვა იყო ის, რამაც აილიში მუსიკისკენ მიიზიდა და მომღერლად ჩამოაყალიბა - “მუსიკა, ასევე ცეკვაც, ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი გატაცება, როგორც საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალება”. მან თავისი ტრეკის - “Ocean Eyes”-ის მეორე მუსიკალური ვიდეოც კი გამოუშვა, სადაც თავად ასრულებს ერიკა კლაინის ქორეოგრაფიას. 


მეამბოხემ, ნიჭიერმა და საოცრად პოპულარულმა 17 წლის აილიშმა მედიის ყურადღება არა მხოლოდ მუსიკით, არამედ ვიზუალური მხარითაც მიიპყრო. ბილის  სტილი, მანერები და თემები, რომლის გარშემოც მისი შემოქმედება ტრიალებს, შეიძლება ბევრისთვის საშიშიც კი იყოს. შფოთვა, მენტალური პრობლემები, დეპრესია, მეამბოხე პანკ-როკ დამოკიდებულება მისი სტილის განუყოფელი და დამახასიათებელი ნაწილია, სადაც ვიწრო, სხეულის ფორმებზე მორგებულ სამოსს ვერ აღმოაჩენთ. 2019 წლის კელვინ კლაინის რეკლამაშიც კი ბილი კიბერ-გოთური დიდი ზომის, ფართო ტანსაცმლით იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომღერლის მცდელობას - გასცდეს კომფორტის ზონას და თავიდან აირიდოს მისი სხეულის ფორმების შეფასება  (“Body-Shaming”) საზოგადოების მხრიდან. სავარაუდოა, რომ, როგორც ყველა თინეიჯერს, მასაც სურს, რომ ხალხმა შეამჩნიოს, თუმცა არავინ შეაწუხოს. 


ბილის განსხვავებული სტილი მხოლოდ მისი მუსიკითა და გარეგნობით არ შემოიფარგლება. “ყოველთვის მომწონდა ემოციები, რომლებიც ჩემში შიშს აღძრავდა”, - განმარტავს მომღერალი, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით არა ერთხელ უცდია თავისი გულშემატკივრის შეშინება. სერიალ “Walking Dead”-ის დიდი გულშემატკივრის შთაგონების წყარო სწორედ საშიში ფილმები და მისი საყვარელი ჟანრი ჰიპ-ჰოპია. 


2019 წელი ბილისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, დაწყებული ტაკაში მურაკამისთან ერთად შექმნილი სამოსით, დამთავრებული Chanel-ის საღამოზე შესრულებული პერფორმანსით. ამ პერიოდში იგი თანამშრომლობდა ასევე Adobe Creative Cloud-თან, რომელიც ერთგვარი სოციალური მედიახელოვნების რეკლამების სერიას წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც უამრავი მომხმარებელი საკუთარ ნამუშევრებს ჰაშთაგით - #BILLIxADOBE აქვეყნებდა. აგვისტოში ბილი Apple-ის პარტნიორი, მოგვიანებით კი Apple Music Awards-ის გამარჯვებულიც გახდა. Ad Council-ის კამპანია - “Seize the awkward” განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სწორედ აილიშის წყალობით გახდა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

 

უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ ბილის ცხოვრების ნაწილს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი წარმოადგენს, რომლის გამოც “მარტივი ამოცანები რთულად შესასრულებელი ხდება”, - განმარტავს მომღერალი, თუმცა დღეს “სრულყოფილი”, უნაკლო პოპ-ვარსკვლავის იმიჯიც აღარ არის საინტერესო. ბილის თქმით, არტისტისთვის სასარგებლოც კია, თუ  უცნაურობა ახასიათებს. 


თაობა X-ის წარმომადგენელი, 17 წლის არტისტი დღეს ახალი ერის დასაწყისის სიმბოლოა, რომლისგანაც არა მხოლოდ წლევანდელი ოსკარის დაჯილდოებისთვის დაანონსებული გამოსვლა, არამედ უამრავი საინტერესო სიახლეა მოსალოდნელი.