პროფესიით დიპლომატი მაკა კვიციანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდის - DALOOD-ის კრეატიული დირექტორია. DALOOD მაკას დედამ - ნანა შუკვანმა დააარსა. დედის პროფესიდან გამომდინარე, მისთვის ეს სფერო უცხო არასდროს ყოფილა. იგი 16 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში.  2015 წლამდე კი DALOOD-ს მეურვეობდა,  ახლა კი, უკვე ექვსი წელია, რაც მაკა ბრენდის მთავარი დიზაინერია. მისი მაღაზია ტანსაცმლის ხაზს და სხვადასხვა ბრენდთან და არტისტთან ერთად შექმნილ ნამუშევრებს გვთავაზობს. იგი თანამშრომლობდა ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან გოლა დემიანი, სიმონ მაჩაბელი, თვითნასწავლი დიზაინერი ირაკლი რუსაძე, დათუნა სულიკაშვილი, ანი დათუკიშვილი და სხვები. DALOOD ასევე მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე მაღაზიას ამარაგებს და მის ფილიალებს პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ერთად, ლონდონში, ნიუ-იორკსა და დუბაიშიც აღმოაჩენთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ DALOOD-ის პროდუქციას მხოლოდ საქართველოში აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ მაკას ქართული მოდის ინდუსტრიაში ყველა კარგად იცნობს, მან საქვეყნო პოპულარობა თავისი გამორჩეული კულინარიული შესაძლებლობებითაც მოიპოვა. 

Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ დიზაინერ მაკა კვიციანის რეკომენდაციებს, სადაც მისთვის გამორჩეული მოდის ჩვენებებია გაერთიანებული.

Rick Owens FW12

რიკ ოვენსის 2012 ზამთრის კოლექცია ვთვლი, რომ საუკეთესო ჩვენება იყო მის კარიერაში. 

Jil Sander FW12

რაფ სიმონის 2012 წლის გაზაფხულის ჩვენება ჯილ სანდერსის სახლისთვის - გარდა იმისა,  რომ ულამაზესი კაბები აჩვენა, საოცრად ინტელექტუალური სამოსი ჰქონდა წარმოდგენილი.

Dries Van Noten SS05




დრის ვან ნოტენის 2005 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენების გარეშე არასრული იქნება ჩემი ჩამონათვალი. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც დიზაინერის კარიერაში, ასევე მოდის ისტორიაშიც. 500-კაციანი ვახშამი, რომელიც სრულიად მოულოდნელად და ძალიან ორგანულად გადაიზარდა ჩვენებაში  ბოლეროს აკომპანიმენტის თანხლებით.



ALEXANDER McQUEEN Spring 1999 -https://youtu.be/tKP6OWTTKik




ჩვენი დროის გენიოსის, ალექსანდრე მაკქუინის  ყველა ჩვენება გენიალურია. თუმცა, 1999 წლის გაზაფხულის ჩვენება, უფრო არტ პერფორმანსი,  ჩემთვის მაინც  განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ ჩვენების მსვლელობისას მოდელი შალომ ჰარლო ორმა რობოტმა დისტანციურად დახატა. თუ ეს ჩვენება არ გინახავთ, წინ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ. 

 

Dior 1998

 



შეუძლებელია არ ვახსენოთ გალიანოს ეპოქა დიორის სახლში. გამოვყოფდი 1998 წლის მაღალი მოდის  ჩვენებას ოპერა გარნიეში. 

 

Chalayan Autumn/Winter 2000




ასევე, უნდა აღვნიშნო ყველა დროისთვის ძალიან  რელევანტური, 2000 წლის ჰუსეინ შალაიანის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება-პერფორმანსზე წარმოდგენილი “სკამი კაბები”.

 

Balenciaga Fall/Winter 2006-2007




ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჩვენება - ბალენსიაგას სახლის 2006-07 ზამთრის კოლექცია
ნიკოლა ჟესქიერი მეთაურობით. დიზაინერმა ლეგენდარული სახლის არქივი განაახლა, გაათანამედროვა და  ყველასთვის სასურველი გახადა.

 

Balenciaga Fall-Winter 2017-2018

 



რაღა თქმა უნდა, ყველანაირი თვალსაზრისით მოდის სფეროსთვის გარდამტეხი გახდა ბალენსიაგას სახლისთვის წარმოდგენილი დემნა გვასალიას ჩვენებები. გამოვყოფდი  2017 წლის ზამთრის კოლექციას.

 

Martin Margiela Fall 2000

 



მეისონ მარტინ მარჯიელა - დეკონსტრუქციის ფუძემდებელი და აბსოლუტური გენია. მისი ყველა ჩვენება თვითმყოფადი და უნიკალურია. მათგან ძალიან მიყვარს 2000 წლის შემოდგომის ჩვენება.

 

Gucci Fall/Winter 2017

 



როგორც არტისტი და ნამდვილი “visionary”  ალესანდრო მიკელე წარუშლელ კვალს დატოვებს გუჩის სახლის და ზოგადად, მოდის ისტორიაში. მან ბრენდისთვის შექმნა ახალი ესთეტიკა და ატმოსფერო. ვთვლი, რომ 2017 წლის ზამთარი მისი საუკეთესო ჩვენება იყო.