მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიო ახალ განსაცდელს დაუპირისპირდა. COVID - 19-ის გავრცელებამ მსოფლიო, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების, ასევე დიდი კულტურული კრიზისის წინაშეც დააყენა. ჩვენებები გადაიდო, არაერთმა კულტურულმა დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა. ასევე, ხელოვანთათვის პროდუქტის შექმნა-წარმოება, გავრცელება და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა უფრო მეტად გართულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ხელოვნების მრავალფეროვანი სივრცის დაცვისა და დახმარებისათვის არაერთმა ორგანიზაციამ, ქვეყანამ, კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა პანდემიის გასამკლავებლად სხვადასხვა ხერხს მიმართა. ერთ-ერთი ასეთი კამპანიაა - Culture Is Not Cancelled, რომელიც ლონდონელმა ხელოვანმა ზაკ კაისმა შემოქმედებით სფეროში მომუშავეთათვის მხარდასაჭერად ჩამოაყალიბა.
ამ მოძრაობას Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის, LUMEN-ისა და IPS-ის წარმომადგენლობით საქართველოც უერთდება. პროექტის მიზანი ზუსტად იგივეა, რაც სხვა ქვეყნებისათვის. იგი მოიაზრებს დიზაინერების, მუსიკოსების, მხატვრებისა და სხვა კულტურულ სფეროში მოღვაწე ადამიანების თანადგომასა და დახმარებას. ამიტომ, პროექტში ჩვენი ქვეყნის ჩართვაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Culture Is Not Cancelled-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის სხვადასხვა შენობები Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა სპეციალურად გაანათა, ამით კი საზოგადოებას დაანახვა, რომ ხელოვნება ამ კრიზისსაც გადაურჩება.
დაწერე კომენტარი