Eames House, იგივე Case Study House No.8 XX საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. შენობის დიზაინი ამერიკელ წყვილს - ჩარლზ და რეი იმესებს ეკუთვნით, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრობდნენ. ინდუსტრიული დიზაინერები, რომელთაც მოდერნისტული არქიტექტურისა და ავეჯის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, გრაფიკული დიზაინის, ფერწერისა და კინემატოგრაფიის მიმართულებითაც მუშაობდნენ. კრეატიულმა პარტნიორებმა Eames House 1949 წელს საკუთარი სახლისა და სამუშაო სტუდიოს მოწყობის მიზნით ააშენეს, რაც როგორც შენობის ინტერიერში, ისე მის სივრცულ განლაგებასა და ექსტერიერშიც ჩანს.
სახლი, რომელიც სავსე იყო მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგების საჩუქრებით, ჩარლზის თქმით, “ლაღი და ბუნებრივი” ხასიათის მატარებელი იყო, “ზუსტად ის, რაც უნდა ყოფილიყო, არც მეტი და არც ნაკლები”. ჩარლზმა და რეიმ სახლი მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შექმნეს, თუმცა ეს იყო ის უნივერსალური საჭიროებები, რომლებსაც ზოგადად ადამიანები იზიარებენ. მათი რწმენა მასალების კეთილსინდისიერი გამოყენებისა და პირდაპირი, უბრალო კავშირებისადმი სწორედ იმის წინაპირობა გახდა, რამაც თითოეული დეტალი დასრულებულ პროდუქტად აქცია.
Case Study House No.8-ის მშენებლობა, რომელიც ლოს-ანჯელესის ხელოვნებისა და არქიტექტურის ჟურნალის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა, ყურადღებას ახალი, პრექარხნული მასალებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ამახვილებდა. კლდეზე მდებარე Eames House ორი ნაწილისგან შედგება, რომელთა ფანჯრებიდანაც წყნარი ოკეანის ხედი იშლება. ორად დაყოფილი ნაგებობათა ფუნქციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ერთი - საცხოვრებელს, ხოლო მეორე სამუშაო სივრცეს, რეისა და ჩარლზის სტუდიას წარმოადგენდა. მინისა და ფოლადისგან შექმნილი ოთხკუთხა სივრცეები ერთმანეთთან გარეთ გამავალი ეზოთი კავშირდება, რაც არსებული ჰარმონიული და რიტმული კომპოზიციის რღვევას უშლის ხელს.
Eames House-ის ფასადი, რომელიც იაპონური დიზაინის ელემენტებს მოიცავს, შავად შეღებილი ჩარჩოებისგან შემდგარ სხვადასხვა ზომისა და ფერის მინის კონსტრუქციას ქმნის, რაც ბუნებრივი სინათლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩარლზ და რეი იმესების დიზაინში ფერს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება და ფუნქცია ჰქონდა, რასაც წითელი და ლურჯი ფანჯრებიც მოწმობს, რომლებიც მზის შუქზე არეკვლისას შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
ფოლადისა და მინის უხეშ ექსტერიერთან კონტრასტშია Case Study House No.8-ის მყუდრო ინტერიერი, რომელშიც ხის ფაქტურები, თბილი ფერები და ბუნებრივი სინათლე ჭარბობს. აღსანიშნავია ხის კიბეები, რომლებიც სახლის ზედა და ქვედა სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი Eames House-ის ინტერიერი ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ამძაფრებს და ჰარმონიული, მშვიდი დასვენების ემოციებს აღძრავს. ევკალიპტის ხეები და მისი შუქჩრდილები, რომლებიც ბუნებრივი სინათლის მოძრაობისას იცვლებიან, სახლს კიდევ უფრო მყუდროსა და საინტერესოს ხდის. რაც შეეხება ოთახებს, როგორც Eames House-ის ორი სხვადასხვა დანიშნულების კონსტრუქცია, ასევე მასში მდებარე სივრცეებიც ერთმანეთისგან მკაცრად გამოყოფილი და იზოლირებული არ არის, არამედ ერთი მთლიანობა იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ სახლი მონდრიანის ფერწერის მსგავს კონცეფციას გულისხმობს, რომელშიც პრექარხნული მასალების გამოყენებით უსასრულო სივრცეებია განლაგებული.
ცალ-ცალკე სხვადასხვა ობიექტი თუ ნივთი, ტექსტურები თუ დეკორაციები, რომლებიც Eames House-ის განუყოფელი ნაწილია, დიდი ღირებულების მატარებელი არ არის, თუმცა ყველაფერი ერთად იმ ისტორიებზე, ინტერესებსა თუ ემოციებზე საუბრობს, რაც Eames Hous-ს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. განსაკუთრებულია ასევე ტროპიკული მცენარეებითა და ყვავილებით სავსე ლანდშაფტი, რომელიც სახლს ლოს-ანჯელესში იმ ერთადერთ ადგილად აქცევს, სადაც ნებისმიერი სეზონის განცდაა შესაძლებელი.
2004 წელს დიზაინერმა, არტისტმა და ამერიკელი არქიტექტორის, ჩარლზ იმესის ქალიშვილმა ლუსია იმესმა The Charles and Ray Eames House Preservation Foundation დააფუძნა, რომლის მიზანიც ჩარლზისა და რეის მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი სხვადასხვა დამთვალიერებლისთვის გაცნობა გახდა. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გამორჩეულ და ღირსშესანიშნავ სახლში ვიზიტი, საინტერესო გამოცდილების დაგროვება, მოდერნისტული არქიტექტურის და ზოგადად, ხელოვნების ნიმუშის დათვალიერება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
დაწერე კომენტარი