კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოინდუსტრიაში, რომელიც მსგავსად სხვა უამრავი ღონისძიებისა, წელს არ გამართულა.
გამომდინარე იქიდან, რომ წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია - ოქროს პალმის რტო ვერ გაიცემა, გთავაზობთ იმ საუკეთესო ფილმების სიას, რომლებსაც კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო გასულ წლებში გადაეცათ.
„ტკბილი ცხოვრება“ (ფედერიკო ფელინი, 1960)
ფედერიკო ფელინის შედევრი - „ტკბილი ცხოვრება“, რომლის წყალობითაც ის დამსახურებულად შეუერთდა საუკეთესო რეჟისორთა რიცხვს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია როგორც კანის კინოფესტივალის ისტორიაში, ასევე, ზოგადად, კინოს სამყაროში. ფილმი ენთუზიაზმისგან სრულიად დაცლილი ჟურნალისტის - მარჩელო რუბინის რომში გატარებულ შვიდ დღეს გვიჩვენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში, რომის ტკბილი ცხოვრების ფონზე სიყვარულსა და ბედნიერებას ეძებს.
„შერბურის ქოლგები“ (ჟაკ დემი, 1964)
ჟაკ დემის სიმღერით მოთხრობილი ისტორია - „შერბურის ქოლგები“ ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლია კინოს ისტორიაში. ფილმმა წარმატებას კანის კინოფესტივალის გარდა, ოსკარზეც მიაღწია. ის წარადგინეს ხუთ ნომინაციაზე, მათგან სამი კომპოზიტორ მიშელ ლეგრანის მუსიკისთვის იყო. ამ მუსიკის ფონზე კი, კეტრინ დენევი და ნინო კასტელნუოვო იდეალურად გადმოცემენ მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟების სიყვარულის ისტორიას.
„ფოტოგადიდება“ (მიქელანჯელო ანტონიონი, 1966)
ჯეინ ბირკინი, ვანესა რედგრეივი, ვერუშკა ფონ ლენდორფი - ეს იმ მსახიობთა ჩამონათვალია, რომლებიც, დევიდ ჰემინგსის მიერ განსახიერებულ ფოტოგრაფთან ერთად, მიქელანჯელო ანტონიონის საკულტო ფილმში - „ფოტოგადიდებაში“ მონაწილეობენ. ფოტოგრაფის ცხოვრება, რომელიც ქალაქის პარკში ადამიანების გადაღებას ემსახურება, მკვლელობის სცენის ხილვის შემდეგ სრულიად იცვლება. ფილმში ასახული სიცოცხლით სავსე ლონდონი და ხმაურიანი წვეულებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს შექმნილ გარემოს.
„ტაქსის მძღოლი“ (მარტინ სკორსეზე, 1976)
ვიეტნამის ომის ვეტერანის - ტრევის ბიკლის როლი, რომელიც ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს, რობერტ დე ნიროს კარიერაში საუკეთესო შესრულებად მიიჩნევა. მარტინ სკორსეზე ტაქსის მძღოლის თვალით დანახულ კორუფციასა და ექსპლუატაციას გვიჩვენებს ნიუ-იორკის ქუჩებში, ამ ყველაფრის ფონზე კი ამერიკელი კომპოზიტორის - ბერნარდ ჰერმანის მუსიკა კიდევ უფრო ამაღელვებელ განწყობას ქმნის.
„კაგემუშა: მეომრის ჩრდილი“ (აკირა კუროსავა, 1980)
აკირა კუროსავამ „კაგემუშას“, შემდგომში კი „რანის“ წყალობით შეძლო იაპონიის სისხლიანი ისტორიის - მებრძოლი სამეფოებისა და მათი ლიდერების შესახებ ისტორიული ფილმების შექმნა. „კაგემუშა“ მე-16 საუკუნის იაპონიაში, სენგოკუს პერიოდში ვითარდება, სადაც მეომარი თავადის (დაიმე) სიკვდილს თითქმის იდენტური გარეგნობის მქონე ჩვეულებრივი ქურდი ნიღბავს. „კაგემუშა“ არის ეპოპეა სამურაიზე, რომელიც აერთიანებს შექსპირისთვის დამახასიათებელ სამეფო კარის ინტრიგას და დიდებულ ბრძოლებს.
„მთელი ეს ჯაზი“ (ბობ ფოსი, 1980)
ბობ ფოსის ნახევრად ავტობიოგრაფიული მუსიკალური ფილმი ჯაზისთვის დამახასიათებელი მოძრაობების, მხიარულების ჩვენებით იწყება, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ბევრი უფრო ჩახლართული თემა იმალება. ფილმი როი შაიდერის განსახიერებულ ექსცენტრულ ქორეოგრაფზე - ჯო გიდეონზე მოგვითხრობს, რომელიც ბროდვეის თეატრსა და ჰოლივუდში პროექტებს ახორციელებს. ფილმში მრავლად შეხვდებით ზღაპრული ცეკვის სცენებს, საგულდაგულოდ დამუშავებულ, დეტალიზებულ კოსტიუმებს და ქორეოგრაფის კრეატიულობის არაერთ სხვა მაგალითებს.
„პარიზი, ტეხასი“ (ვიმ ვენდერსი, 1984)
ვიმ ვენდერსის „პარიზი, ტეხასი“ უდაბნოში მოხეტიალე, ჰარი დინ სტენტონის განსახიერებული ტრევის ჰენდერსონის ჩვენებით იწყება. მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში დაკარგულ ტრევისს მისივე ძმა იპოვის, იწყება მისი მოგზაურობა ცოლის მოსაძებნად, რომლის როლსაც ნასტასია კინსკი ირგებს და კარიერის საუკეთესო, ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ შესრულებას გვთავაზობს. „პარიზი, ტეხასი“ არის ფილმი ხეტიალზე, შინაგან შფოთვაზე, საზიარო ოცნებებზე, დაპირებასა და ღალატზე, რომელიც ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმთა რიცხვში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანია.
„მაკულატურა“ (კვენტინ ტარანტინო, 1994)
კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმი „მაკულატურა“ იმ ფილმთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ჰოლივუდის ისტორიაში გარდამტეხი მნიშვნელობა აქვთ და რომლის წყალობითაც ტარანტინომ თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. არახაზობრივი სიუჟეტი, შავი იუმორი, ძალადობის ესთეტიზაცია, პოპ-კულტურის ელემენტების სიუხვე - ამ ყველაფერს რეჟისორი ჯონ ტრავოლტას, სამუელ ლ. ჯექსონის, უმა თურმანის, ბრიუს უილისისა და სხვათა მონაწილეობით „მაკულატურაში“ გვაცნობს.
დაწერე კომენტარი