სანდრო ლომინაშვილი ახალგაზრდა, ქართველი პროდუქტის დიზაინერია, რომელიც ძირითადად ხესა და სინათლეზე მუშაობს და მისი გამოყენებით საინტერესო და მრავალფეროვან ობიექტებს ქმნის. 2014 წელს სანდრომ პირველი სკამი, სახელწოდებით ¾ შექმნა, რომლითაც ფართო აუდიტორიის წინაშე ლონდონის დიზაინის ფესტივალზე წარდგა. იქიდან მოყოლებული სანდროს შემოქმედება არა განზოგადებულ და მკაცრ ჩარჩოებში ჩასმულ კონცეფციას, არამედ თითოეული ნამუშევრისადმი ინდივიდუალურ მიდგომებს გულისხმობს. ამის ნათელი მაგალითია მისი უახლესი სკამის დიზაინი - 1+1, რომელიც ტრადიციული სკამის ნაწილებად დაშლისა და მისი ახალ, ორიგინალურ ფორმებში გადმოცემის წარმატებული მცდელობა გახდა. 1+1 სკამის თითოეულ ფეხს ერთზე მეტი ფუნქცია აქვს, რაც სკამს, არა მხოლოდ ვიზუალურად საინტერესოს ხდის, არამედ მას პრაქტიკულ ღირებულებებსაც სძენს. შესაძლებელია დააგრძელოთ სკამის წინა ფეხები, შემდეგ მოხაროთ გვერდულად ან უკანა ფეხები გაამრუდოთ და ძლიერი საყრდენი შექმნათ. ეს ყველაფერი კი ვიზუალურად დახვეწილ სკამში სასიამოვნო განტვირთვის საშუალებას იძლევა.
დაწერე კომენტარი