ინჟინერია, მატერიალურობა, პრაქტიკულობა და რაც ყველაზე მთავარია წარმოსახვა - ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სკამებშიც კი არის განივთებული. დახვეწილი სკამი არა მხოლოდ ფორმისა და ფუნქციის სინთეზს წარმოადგენს, არამედ ხელოვნების ნიმუშის წოდებასაც უახლოვდება.
XX საუკუნე თანამედროვე სკამების ოქროს ხანად ითვლება, როდესაც ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა და ავეჯის მასობრივმა წარმოებამ დიზაინერთა კრეატიულ გამოწვევაში ჩართულობა განაპირობა. სკამები პოპ-სიმღერებს ჰგვანან. შეიძლება იფიქროთ, რომ პოპ-არტისტები მაკარტნისა და ლენონის შემდეგ უკვე ტყუილად იწუხებენ თავს ახალი ჰიტების შექმნისთვის. ასევე შეიძლება ითქვას სკამებზეც, რადგან რთულია შექმნა ისეთივე დახვეწილი, საინტერესო ფორმისა და ვიზუალის მქონე სკამი, როგორებსაც თუნდაც ჩარლზ და რეი იმესები ქმნიდნენ. თუმცა მთელი მომხიბვლელობაც ამაშია.
შეიძლება ითქვას, რომ სკამები პატარა ნაგებობებს ჰგვანან, რომლებიც მრავალფეროვანი ოცნებებისა და პრაგმატული თავშეკავების ერთიანობას მოითხოვს. შესაბამისად, მათი დიზაინის შექმნა ერთდროულად პრაქტიკულ და წარმოსახვით უნარებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ყველა დროის ყველაზე განსაკუთრებულ საკულტო სკამებს აღმოაჩენთ.
ვერნერ პანტონი - Stacking Chair
წელი: 1960
წარმოშობა: დანია
დანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერის, ვერნერ პანტონის უკვე ჰიტად ქცეული Stacking Chair გამორჩეულია მისი მარტივი ფორმითა და მასალით. მსოფლიოში პირველი ჩამოსხმული პლასტმასათი შექმნილი სკამი პანტონის ახდენილი ოცნების დასტურია. Stacking-ს, იგივე Panton Chair-ს, რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა, განსაკუთრებულად აქცევს მისი სილუეტი, ფერები და სტრუქტურული ინტეგრულობა.
ლუდვიგ მის ვან დერ როე - Barcelona
წელი: 1929
წარმოშობა: გერმანია
ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანელ-ამერიკელმა არქიტექტორმა ლუდვიგ მის ვან დერ როემ ასევე გერმანელ მოდერნისტ დიზაინერთან, ლილი რაიხთან ერთად 1929 წელს ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის გერმანულ პავილიონში წარსადგენად საკულტო Barcelona Chair შექმნა. ინდუსტრიული ტექნოლოგიებით, ტრადიციული, ძვირადღირებული ქსოვილით - ტყავითა და მოდერნისტული ქრომის ჩარჩოთი შექმნილი სკამი მასობრივი წარმოებისთვის განსაზღვრული არ იყო. მისი დანიშნულება უბრალოდ მასში მოკალათებასა და დიდებული იერსახის დაუფლებას გულისხმობდა. ეს დღესაც ასეა, Barcelona Chair-ზე მოკალათება თავისდაუნებურად გამოხატავს მოდერნისტული სტატუსის სიმბოლოს.
ვორენ პლეტნერი - Arm Chair
წელი: 1966
წარმოშობა: ამერიკა
ამერიკელი არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, ვორენ პლეტნერის ფოლადის მავთულებისგან შექმნილი სკულპტურული ავეჯის კოლექცია მოდერნისტული ხანის დიზაინის სიმბოლოდ იქცა. პლეტნერის ეს კოლექცია უნიკალური, ჰარმონიული ფორმებითა და ნაზი, დახვეწილი და მოხდენილი ვიზუალით არის გამორჩეული.
ლე კორბუზიე - Grand Confort
წელი: 1928
წარმოშობა: France
Grand Confort შვეიცარიელ-ფრანგი არქიტექტორის, დიზაინერისა და არტისტის, შარლ ედუარ ჟანერეს, იგივე ლე კორბუზიეს, პიერ ჟანერესა და შარლოტ პერიანდის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ტრადიციული cube chair-ის საპასუხოდ 1928 წელს შეიქმნა. კუბის ფორმის Grand Confort-ს არტ-დეკო სტილს მიაკუთვნებენ.
მიხაელ თონეტი - Thonet 209
წელი: 1900
წარმოშობა: ავსტრია
თანამედროვე სკამის შექმნის ტექნოლოგიებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად ხის ორთქლით დამუშავება ითვლება. ავეჯის წარმოების ინდუსტრიალიზაციის პიონერი, Bentwood ავეჯის ინოვატორი გერმანელ-ავსტრიელი მიხაელ თონეტი XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომელმაც სკამი Thonet 209, იგივე მოდერნისტების ხატი შექმნა. ლე კორბუზიეც მის ნაგებობებში სწორედ ამ სკამს იყენებდა, რადგან თვლიდა რომ, Thonet 209 ისეთივე თანამედროვე იყო, როგორც მისი არქიტექტურა.
არნე იაკობსენი - Egg
წელი: 1958
წარმოშობა: დანია
დანიელი არქიტექტორის, არნე იაკობსენის 1958 წელს შექმნილი სკამი - Egg კოპენჰაგენში მდებარე სასტუმრო Radisson SAS-ისთვის იყო განკუთვნილი. როგორც ამბობენ, იაკობსენს შთაგონება ეერო საარინენის Womb Chair-ის ნახვის შემდეგ ეწვია, თუმცა Egg იაკობსენის სტილისა და ხელწერის უდავო ნიმუშია, რომლის შექმნისთვისაც მან, როგორც ყოველთვის, თანამედროვე მასალები და ტექნიკა გამოიყენა. Egg ტრადიციული სავარძლის ჭკვიანური ინტერპრეტაციაა, რომელიც რბილი, სექსუალური ვიზუალის მყუდრო ავეჯს წარმოადგენს. ამასთან, Egg პირადი სირცის შენარჩუნების საშუალებასაც იძლევა.
მარსელ ბროიერი - B32/Cesca
წელი: 1928
წარმოშობა: გერმანია
თანამედროვე ავეჯის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა და წინგადადგმული ნაბიჯი უნგრელი არქიტექტორისა და ავეჯის დიზაინერის, მარსელ ბროიერის მიერ შექმნილ სკამებს - Wassily-სა და B32/Cesca-ს უკავშირდება. ველოსიპედის სახელურების ფორმით მოხიბლულმა ბროიერმა XX საუკუნის თანამედროვე სკამები შექმნა, რომელთაგან Wassily - უფრო მეტად სკულპტურული და აბსტრაქტულია, ხოლო რაც შეეხება B32/Cesca-ს, იგი იმ პერიოდში ავეჯის დიზაინის გადატრიალების ტოლფასი იყო.
ჩარლზ და რეი იმესი - LCW
წელი: 1946
წარმოშობა: ამერიკა
ამერიკელი ინდუსტრიული დიზაინერების, კრეატიული პარტნიორების - ჩარლზ და რეი იმესების მიერ 1946 წელს შექმნილი LCW სკამის დიზაინში molded plywood-ის ტექნიკაა გამოყენებული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდა. აღსანიშნავია, რომ სკამმა MoMa-ს სახლის ორგანული დიზაინის ავეჯის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც ჩარლზ იმესი ეერო საარინენთან ერთად მონაწილეობდა. დღეს LCW მეოცე საუკუნის დიზაინის ხატად არის მიჩნეული.
აილინ გრეი - Transat
წელი: 1927
წარმოშობა: საფრანგეთი
მოდერნისტული დიზაინის პიონერი აილინ გრეი მისი ინოვაციური ავეჯის დიზაინითა და არქიტექტურით არის ცნობილი. მის ნამუშევრებში ჭარბობდა გეომეტრიული ფორმები, რომლებიც ინდუსტრიულად წარმოებული მასალებით - ფოლადით, მინით, ქრომით იქმნებოდა.
ეერო საარინენი - Tulip
წელი: დაახლოებით 1955
წარმოშობა: ამერიკა
ტექტონიკური დიზაინის მარტივი ფორმისა და მასალისგან დამზადებული ფინელ-ამერიკელი არქიტექტორისა და პროდუქტის დიზაინერის, ეერო საარინენის 1955 წელს შექმნილ Tulip-ს MoMa-ს, Federal Award for Industrial Design-ისა და Design Career Stuttgard Award-ის ჯილდო აქვს მიღებული.
დაწერე კომენტარი