Project ArtBeat - YXXY


პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე გალერეა Project ArtBeat YXXY-ის ნამუშევრების სოლო გამოფენას წარმოგვიდგენს. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ეს მისი პირველი გამოფენაა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა მედიუმში მუშაობდა და ქმნიდა როგორც მუსიკას, ისე პერფორმანსებს, თუმცა მისი შემოქმედება არ არის ინტეგრირებული სოციალურ ქსელებში და მთლიანად მოწყვეტილია ურბანულ გარემოს.  "YXXY არის ალქიმიკოსი, ტრანსფორმაციების მიმართულებით. ის გარდაქმნის არა იმას, რაც ადამიანისთვის ძვირფასი და ღირებულია, როგორიცაა ოქრო ან ვერცხლი, არამედ ის ნაგავს, გაუქმებულ ან მოძველებულ მასალებს გარდაქმნის ერთგვარ სულიერ და ესთეტიკურ განკურნების საშუალებად." - ვკითხულობთ გამოფენის შესახებ, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს ხელოვანის სხვადასხვა სერიის ნამუშევრები ერთ სივრცეში იხილოს.

პ. ინგოროყვას 14 ნომერში მდებარე Project Artbeat-ში გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.

გალერეა ნექტარი - ელემენტი, დავიწყებული გრძნობები


8 თებერვალს გალერეა “ნექტარში” ნესტან აბდუშელიშვილისა და ნანუკა ზაალიშვილის გამოფენა გაიხსნება. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ნესტან აბდუშელიშვილის დავიწყებული გრძნობების არქივი ეხება გარდამავალ პერიოდს, თუ როგორ ფორმირდება თანამედროვე ისტორია არქიტექტურის საშუალებით. ფოტოები გადაღებულია ორი წლის განმავლობაში 35 მმ კამერით და ასახავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მის ფასადებს, რომელიც გვიჩვენებს გაურკვეველ აწმყო რეალობას განვლილ დროსთან მიმართებაში ფიზიკური მთავარი გმირის გარეშე. ნანუკა ზაალიშვილის ნამუშევრის ინსპირაცია არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ შემუშავებული „სამშენებლო ელემენტი" - ბეტონის მარტივი დეტალი გახდა, რომლითაც სხვადასხვა ფორმების კონსტრუირებაა შესაძლებელი.
გამოფენის ხილვას დამთვალიერებელი 21 მარტის ჩათვლით შეძლებს.

Young Georgian Lolitaz - Budka

15 თებერვალს  შალვა ღამბაშიძის 10 ნომერში 2001 წელს დაარსებული ქართული მუსიკალური ჯგუფის, Young Georgian Lolitaz-ის ლაივი გაიმართება.

MokuMoku - დედაენის ბარი

9 თებერვალს, 22:00 საათზე, დედაენის ბარში ქართული ჯგუფის, MokuMoku-ს ლაივი გაიმართება.

BASSIANI / HOROOM: SPIELRAUM NIGHT

როგორც ივენთის ორგანიზატორები ამბობენ: SPIELRAUM ამსტერდამის კლუბ RADION-ში დაფუძნებული ქვიარ ღამეების სერიაა, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის სცენისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური სივრცის შექმნა, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთად ყოფნისას კომფორტულად იგრძნობენ თავს. 2017 წელს დაარსებული სერია წვეულებებს პერიოდულად ამსტერდამის გარეთაც მართავს, თუმცა მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც მსგავსი იდეოლოგია უკვე არსებობს - BASSIANI კი სწორედ ასეთი სივრცეა, ამიტომ 7 თებერვალს კლუბის საცეკვაო მოედანი SPIELRAUM-ს უმასპინძლებს. კლუბის მთავარ სივრცეში HERRENSAUNA-ს დამფუძნებლის და რეზიდენტის, დიჯეი MCMLXXXV-ის და KI/KI-ის, ხოლო HOROOM-ის ოთახში AFRA-ს და POLLY F-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. MCMLXXXV ბერლინის სცენაზე ჰედონისტური ორიენტაციის საკლუბო წვეულებებით და მრავალფეროვანი გემოვნებით ცნობილი არტისტია, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება".

KHIDI -  REEKO/ AMOTIK/ MICHAILO / YANAMASTE


7 თებერვალს KHIDI-ის მთავარ სცენაზე ესპანური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ლეიბლ MENTAL DISORDER-ის დამფუძნებელი და ცნობილი ლეიბლ POLE GROUP-ის ოჯახის წევრი Juan Rico, იგივე REEKO დაუკრავს. მასთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგებიან დიჯეი, პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი და ამავე სახელწოდების ლეიბლის დამფუძნებელი AMOTIK, ასევე ქართველი პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი მიხეილ თოდუა, იგივე MICHAILO. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს KHIDI-ის ადგილობრივი რეზიდენტი ირაკლი დანელია, იგივე YANAMASTE. G2-ში დაუკრავენ VODKAST RECORDS-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ზურკინ ჭყონია პროექტით - ZURKIN და ლუკა მეტრეველი ჰაუს/ელექტროჟღერადობაზე დაფუძნებული პროექტით - L9.

 

კინო - “პატარა ქალები”


ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელს საშუალება აქვს  გრეტა გერვიგის მიერ გადაღებული ლუიზა მეი ოლკოტის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად ქცეული ბესტსელერის თანამედროვე ეკრანიზაცია - "პატარა ქალები” იხილოს.

 

კინო - “ბაჭია ჯოჯო”

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს, ტაიკა ვაიტიტის მიერ გადაღებული "ბაჭია ჯოჯოა". 2019 წლის ამერიკული კომედიური დრამა, რომლის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 8 სექტემბერს შედგა, საქართველოს კინოთეატრებში უკვე ელოდება თავის მაყურებელს.

“დეკალოგი” - სამეფო უბნის თეატრი

4 თებერვალს სამეფო უბნის თეატრში მაყურებელს საშუალება აქვს  ვოიტეკ ფარუგას სპექტაკლი “დეკალოგი” იხილოს, რომელიც პოლონელი კინორეჟისორის, ქშიშტოფ კიშლიოვსკის "დეკალოგის" სასცენო ვერსიაა და სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ქართულ-პოლონურ კოპროდუქციას წარმოადგენს.

“ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით” - სამეფო უბნის თეატრი

8 თებერვალს მაყურებელი იხილავს რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს "ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით”. "ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (ცრუ განგაში) და კერილ ჩერჩილის (ცხრა მთას იქით) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს. კრიმპისეულ მოწესრიგებულ, რუტინულ რეალობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება იმალება; პერსონაჟთა ცხოვრებას მთხრობელები გამუდმებით „ასწორებენ“, სასურველი მიმართულებით ცვლიან, მაგრამ ირაციონალური სისასტიკე მასში მაინც იჭრება. ჩერჩილის დისტოპიურ–კოშმარული ფანტაზია მისტიკურ ომში ჩათრეულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები, საგნები, ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს ებრძვიან და არავინ იცის წინასწარ, ვინ ვის წინააღმდეგაა ამ ბრძოლაში."