ნეონის ისტორია 1910 წელს, პარიზის Motor Show-დან იწყება, სადაც ქიმიკოსმა და ინჟინერმა ჟორჟ კლოდმა პირველად წარადგინა არსებული ნეონის მილის განახლებული ვერსია. 1912 წელს პარიზში მდებარე სადალაქო გახდა პირველი კომერციული სივრცე, სადაც ჟორჟ კლოდის სარეკლამო ნეონის მილები შეიძინეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ნეონით შესრულებული განათება ამერიკის ქალაქების განუყოფელი ნაწილი გახდა. 1930-40-იან წლებში არაფერი იყო ნეონით განათებულ გარემოსა და ობიექტებზე მიმზიდველი – საგაზეთო ჯიხურები, კოქტეილ-ბარები, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, კინოთეატრები… ნიუ-იორკის, ლას-ვეგასის თუ ჩიკაგოს უმნიშვნელოვანეს ვიზუალურ ელემენტებს გვიან ღამითა და გარიჟრაჟზე ნეონის სხვადასხვა ფერებით ანათებდნენ.

1950-60-იან წლებში ნეონი არტისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მასალად გადაიქცა. პოპ-არტის შეუცვლელმა ვარსკვლავმა ენდი უორჰოლმა ნეონს “საოცრად თანამედროვე” უწოდა.

დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე ხელოვნება ნეონით შესრულებული ნამუშევრების გარეშე.




ფრანგი არტისტი Martial Raysse იყო ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, ვინც საკუთარ ნამუშევრებში ნეონის ჩართვა დაიწყო. მის ნამუშევრებში პორტრეტებს ნეონის სტრუქტურა ემატებოდა და პოპ-არტისთვის სახასიათო გამოსახულებას ქმნიდა, რაც ასევე ხელს უწყობდა ნეონის, როგორც მასალის კულტურულ სივრცეში შეჭრას და ბუნდოვანს ხდიდა საზღვრებს ახალ კონსიუმერიზმსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.


 

1960-იანი წლებიდან რამდენიმე პროგრესული არტისტი, მათ შორის Joseph Kosuth იწყებს ნეონით შესრულებული კონცეპტუალური შინაარსის მქონე ტექსტებზე მუშაობას.


Dan Flavian დღესდღეობით ნეონით შესრულებული ნამუშევრების პიონერად შეიძლება მოვიაზროთ. მისი ნამუშევრები ძირითადად მთელ საგამოფენო სივრცეს ითვისებენ ნეონის ინსტალაციებით.





Bruce Nauman-მა განათებაზე მუშაობა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. 1967 წელს შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნეონით შესრულებული ნამუშევარი: THE TRUE ARTIST HELPS THE WORLD BY REVEALING MYSTIC TRUTHS, რომელსაც სპირალის ფორმა აქვს.


Keith Sonnier-მა ნეონზე მუშაობა საკუთარ სახელოვნებო პრაქტიკაში 1968 წლიდან დაიწყო, მისი ადრეული სკულპტურები გამოირჩეოდნენ ნეონის და შუშის კონსტრუქციების შერწყმით.



1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ბრიტანეთში გამოჩნდა ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა თაობა, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი Tracey Emin განსაკუთრებულია საკუთარი ინტიმური ხასიათის ფემინისტური ტექსტებით.



ნეონით შესრულებული ნამუშევრებით გამოირჩევა ხელოვანი Jung lee, რომლის მარტივი ტექსტები ძირითადად ბუნებაში გვევლინებიან და მარტივად გადმოსცემენ ემოციურ, რომანტიკულ შეგრძნებებს, რომლის აღქმაშიც გარემოს დიდი წვლილი შეაქვს.