უკრაინელი მხატვრის, საშა პოდგურსკას ხასხასა და ნათელ ფერებში შესრულებული ნამუშევრების სერია თავისუფალ, ბედნიერ და საზაფხულო გარემოში ქალის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. "მინდოდა გადმომეცა ადამიანების უზრუნველი ცხოვრების განწყობა, რომელიც ამავდროულად, მათ ბუნებასთან ჰარმონიასა და ხმელთაშუაზღვის ულამაზეს გარემოს წარმოადგენდა", - ამბობს მხატვარი.
ამგვარ ჰარმონიულ გარემოსთან შერწყმული ადამიანების პორტრეტების ხატვა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი ხელოვანის შემოქმედების მთავარი მიმართულებაა. მხატვრობის, ხელოვნების ისტორიისა და ბერძნული მითოლოგიის შესწავლის შემდეგ რენესანსის ნამუშევრებით შთაგონებული ავტორი თავის ნახატებში ამ მიმდინარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ჰიპერრეალისტურ დეტალებს იყენებს, გარდა ამისა, ამბობს, რომ მასზე, როგორც მხატვარზე, გავლენა იმპრესიონისტებმაც მოახდინეს.
პოდგურსკას ნამუშევრებში მთავარი მოქმედება ხშირად ზღვის სანაპიროზე ხდება. როგორც ავტორი ამბობს, წყლის ბუნება მას ყოველთვის აჯადოებდა და ამიტომაც სურდა, რომ ეს ელემენტი საკუთარ ნამუშევრებშიც გადმოეტანა. ამ ზღვის სანაპიროს პეიზაჟების მიღმა კი მთავარი აქცენტი ქალებზე, მათ ურთიერთობებზე, ხასიათზე და იმგვარ დეტალებზეა გამახვილებული, რომლებიც ამ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.
დაწერე კომენტარი