მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრების შემქმნელი არტისტი ქალი, იაიოი კუსამა, რომელსაც არაერთ მედიუმში უმუშავია, განსაკუთრებული ხელწერით ხასიათდება. ფემინისტური ხელოვნებისა და მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის შემოქმედება იმდენად პერსონიფიცირებულია, რომ არავის არ ჰგავს და ვერცერთი არტისტის ნამუშევარში ვერ აგერევა. არტისტი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული ფსიქიკურ დაავადებას ებრძვის,  სიურეალიზმის, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევრებით ხშირად ავტობიოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ თემებს ეხება.



1929 წელს იაპონიის ერთ-ერთ პროვინციაში, მაცუმოტოში დაბადებულმა კუსამამ ბავშვობაშივე გადაწყვიტა საკუთარი პროფესია, რომლის ოჯახიც თანადგომისგან ძალიან შორს იყო. “მაშინ ნებისმიერი ქალისგან მოელოდნენ ქორწინებას და ბავშვებს”, - განმარტავს კუსამას პროდიუსერი ჰუსერ ლენსი. კუსამას მხატვრობა, როგორც საპროტესტო პერფორმანსი, მაშინ იწყება, როდესაც დედა მას მილიონერზე დაუპირებს გათხოვებას და ულტიმატუმებს წაუყენებს - “თუკი ხატვას გააგრძელებ, ჩვენთან ვეღარ იცხოვრებო”. მაშინ არტისტი ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში გადასახლდება, თუმცა იქაც არ დახვედრია მარტივი ცხოვრება. მაშინ ნიუ-იორკის არტ-სცენაზე  ხელოვანი მამაკაცები დომინირებდნენ და არცერთ დილერს არ სურდა არტისტი ქალის გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ კუსამამ დონალდ ჯუდის, განსაკუთრებული მხატვრის და კრიტიკოსის ქება მოიპოვა და მისი ადრეული თაყვანისმცემელი მხატვარი ფრენკ სტელა იყო, მას მაინც სჭირდებოდა არტისტი კაცებისგან აღიარება. 


1962 წლისთვის არსებობდნენ  არტისტი მამაკაცები, მაგალითად,  ენდი უორჰოლი და ოლდენბერგი, რომელთაც, თამამად შეიძლება ითქვას, კუსამას ნამუშევრები დააკოპირეს. იაიოს ტრავმირებული ბავშვობის შედეგი იყო 1962 წელს ჯგუფურ გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარი Accumulation No.1, რომელიც არტისტის იმ მოგონებას უკავშირდება, როდესაც დედა მოღალატე ქმრის თვალთვალს აიძულებდა. ჯგუფური გამოფენა, რომელიც Green Gallery-ში იყო წარმოდგენილი, აღიარეს, როგორც პირველი პოპ-არტ გამოფენა, სადაც იაიოის ნამუშევრის ნახვის შემდეგ ოლდენბერგმა იმავე გალერეაში საკუთარი სოლო გამოფენა გამართა და რბილი სკულპტურები წარმოადგინა. “მაშინ არავინ, არცერთი მამაკაცი არ ქმნიდა ნამუშევარს ქსოვილებისგან, ეს არამასკულინური იყო. “…ამ დღეს მისი ცოლი ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა”, - განმარტავს კუსამა. 1964 წელს კი უორჰოლმა, რომელიც კუსამას ნამუშევრის - “Aggregation: One Thousand Boats Show”-ს ნახვის შემდგომ მისით აღფრთოვანებული დარჩა, 1966 წელს ლეო კასტელის გალერეაში “Cow Wallpaper” წარადგინა. 

60-იანი წლების ბოლოს ამერიკა შეპყრობილი იყო უსასრულობისა და სივრცის თემებით, რასაც საბოლოოდ მთვარეზე ადამიანის ვიზიტი მოჰყვა. ამ პერიოდით შთაგონებული კუსამა 1965 წელს ქმნის თავის პირველ “Infinity Mirror Room: Phalli’s Field”-ს, მოგვიანებით კი Castellane Gallery-ში წარმოდგენილი “Endless Love Show”-ით კი ცნობილი ხდება, როგორც სარკეების პიონერი არტისტი.



თუმცა, იმავე წელს, არტისტმა ლუკას სამარასმა მისი შემოქმედებისგან სრულიად განსხვავებული ინსტალაცია - სარკეებიანი ოთახი ნიუ-იორკის Pace Gallery-ში წარმოადგინა. ამ ყველაფრის მიუხედავად კუსამას შემოქმედება მაინც არ აღიქმებოდა არტისტი მამაკაცების თანასწორად და ღირებულად, რაშიც რასიზმიც დიდ როლს თამაშობდა, რამაც კუსამა დეპრესიამდე მიიყვანა. 




მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში გატარებული ადრეული წლები კუსამასთვის ტრავმულ მოგონებებთან იყო დაკავშირებული, ამერიკაში 15-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის უბრალოდ დგება და იაპონიაში ბრუნდება. ჰალუცინაციები და ობსესიური, ძირითადად სუიციდური აზრები კუსამას შთაგონების მთავარი წყარო ბავშვობიდანვე გახდა, რასაც მის სავიზიტო ბარათად ქცეული კოპლები მოჰყვა. “დედამიწა პატარა წერტილს ჰგავს უამრავ სხვა ციურ სხეულს შორის. ერთი ორბიტა, რომელიც სავსეა სიძულვილით, ჩვენ კი მისი შეცვლა და ედემის ბაღის იერსახის დაბრუნება ერთად შეგვიძლია. ძალადობას ძალადობითვე ვერ აღმოფხვრი”, - განმარტავს კუსამა. იაპონიაში დაბრუნებული არტისტი ყველანაირი თანადგომის გარეშე დარჩა, მისი კონსერვატიული ოჯახი კი ვერ იღებდა კუსამას თამამ ცხოვრების სტილს, მის შიშველ, კოპლებით დაფარულ პერფორმანსებს. 70-იან წლებში იგი მუშაობას ახალ მედიუმებში აგრძელებს, როგორებიცაა კერამიკა, კოლაჟები, იწყებს ასევე ლექსების წერას. “თითქოს უჩინარი ფარდა დაეშვა, - ამბობს კუსამა ფილმში Kusama: Infinity. - თავს ჩემი გარემოცვისგან განცალკევებით ვგრძნობდი. ჩემი ბავშვობის ტრავმული მოგონებების, დეპრესიის გამო კი ვეღარ ვხატავდი, რის შემდეგაც ვცადე თვითმკვლელობა.” თუმცა, არტისტის სურვილი - შეექმნა უფრო და უფრო მეტი - სიკვდილის სურვილზე ბევრად ძლიერი იყო.




1975 წელს მან აღმოაჩინა კლინიკა, სადაც არტ-თერაპიაში ჩაერთო და საკუთარი თავის აღდგენა ნულიდან დაიწყო. 1982 წლის  გამოფენა
Obsession Yayoi Kusama ტოკიოს გალერეა ფუჯიში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც იაპონიაში კუსამას ნამუშევრები წარადგინეს. ამის შემდეგ კუსამას შემოქმედება სულ უფრო მეტ ყურადღებას და აღიარებას იმსახურებდა. 1989 წელს ნიუ-იორკში,  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა, 1993 წელს კი ისტორიკოს აკირა ტატეჰატას დახმარებით ვენეციის 45-ე ბიენალეზე იაპონიის სახელით წარდგა, როგორც პირველი სოლო მხატვარი. ამ გამოფენას ფენომენალური წარმატება მოჰყვა, თუმცა კუსამას  რეტროსპექტივა Matsumoto Art Gallery-ში მისი, როგორც რევოლუციონერი იაპონელი არტისტის ტიტულის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. 


კუსამას მოწოდება - “სიყვარული სამუდამოდ” მისი შემოქმედების განმსაზღვრელია. „რაც უფრო მეტს ვფიქრობ ხელოვნების როლზე, როგორც არტისტი, უფრო და უფრო ვრწმუნდები - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე სიყვარულს და მშვიდობას ვაზიარებ“.

კუსამას მებრძოლი სულისკვეთებისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით 2008 წელს მისი, როგორც ცოცხალი არტისტი ქალის  ნამუშევარი რეკორდულ თანხად - 5.1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ჰეზერ ლენცის რეჟისორობით გადაღებული 2018 წლის ფილმი Kusama: Infinity იაპონელი მხატვრის მთელ ისტორიას ჰყვება, რომელიც ისეთივე ფერადია, როგორც თავად წითურთმიანი არტისტი. 


91 წლის არტისტი, რომელიც დღესაც კლინიკაში ცხოვრობს, ისევ აგრძელებს ხატვას და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამოფენების სერიებს გვთავაზობს.