ჩაიფიქრე რიცხვი, გაამრავლე ორზე, მიღებული რიცხვი გაამრავლე სამზე, შემდეგ ოთხზე და შემდეგ დაივიწყე... ეს ციტატა მაკინსის ეკუთვნის, თუმცა მიქელანჯელო ანტონიონი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ კინოზე სასაუბროდ ყველაზე ნათელ სიმბოლოდ სწორედ სიტყვების ეს კომბინაცია გამოდგება. არ ვიცი ხელოვნება უსასრულობიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული იდეის, შემდეგ მასზე რაიმეს მიმატების, გამოკლების ან გამრავლების ხარჯზე იქმნება თუ არა, მაგრამ თუკი მართლაც ასეა, მაშინ ანტონიონის ფილმები ამ უსასრულობიდან ალბათ ყველაზე ზუსტად ჩაფიქრებული რიცხვებია...
ალბათ კიდევ უფრო ზუსტად გვეჩვენება მაშინ, როცა ჩვენი დღევანდელი სამყაროდან უკან, მეოცე საუკუნის მის ფილმებში ვიხედებით. უმრავლესობა მათგანი ხომ მარტოსული, გარესამყაროსგან იზოლირებული ადამიანების შესახებაა, რომლებიც წითელ უდაბნოებში, შუაგულ ოკეანეებსა თუ ქვიშიან კლდეებში ვიღაც დასაყრდენს ან რაღაც თავშესაფარს ეძებენ, თუმცა, როგორც წესი, მთავარი გმირის ფონზე კადრში მხოლოდ ცარიელ ქუჩებს და ადამიანისგან დაცლილ ლანდშაფტებს ვხედავთ. ხოლო იქ, სადაც ორნი არიან, ამბავი, რომელსაც რეჟისორი გვაჩვენებს, ზუსტად მაშინ ხდება, როცა ყველაფერი დასასრულს უნდა მიუახლოვდეს.
იმავე წერილში ანტონიონი ამბობს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პესიმისტი არ არის. უფრო მეტიც, ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ მიმართული სიჯიუტე მისთვის ოპტიმიზმის ერთგვარი გამოვლინებაა. ნისლიან ლანდშაფტებსა და ინდუსტრიული ქარხნების კვამლში ოპტიმიზმის აღმოჩენა კი მაყურებლისთვის რთული მისიაა, მით უფრო მაშინ, როცა მის კინოში ბევრი რამ აუხსნელი მისტერიის მიღმა რჩება.
მაგალითად, უყურებ და ვერ ხვდები, სად ან რატომ გაქრა ანა, გმირი ანტონიონის მარტოობის ტეტრალოგიის პირველი ფილმიდან - L'avventura, რომელიც რეჟისორმა 1960 წელს გადაიღო. თავიდან ფილმი გვიყვება ქალზე, რომელიც ზაფხულის ერთ დღეს სანაოსნო მოგზაურობის დროს მეგობრების წრიდან უეცრად უჩინარდება, ამ დრამატული მომენტის შემდეგ კი ანტონიონის კამერა კლაუდიასკენ, ანუ მონიკა ვიტის გმირისა და მისი პარტნიორისკენ ინაცვლებს, რომელთათვისაც ანას უცნაური გაუჩინარება იმ დღესვე სასიყვარულო ურთიერთობის საწყის წერტილად იქცევა.
სწორედ მონიკა ვიტია ყველაზე მთავარი ან არანაკლებ მნიშვნელოვანი როლების შემსრულებელი ამ ტეტრალოგიის დანარჩენ სამ ფილმშიც. 1961 წელს გადაღებული მომდევნო ფილმი - La Notte ქალისა და მამაკაცის ზღვარზე მისული ურთიერთობის დრამას გვიჩვენებს, ერთმანეთისგან გაუცხოებული მარჩელო მასტროიანისა და ჟანა მოროს გმირები, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმში - ბარებში, წვეულებებსა და პრეზენტაციებზე დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ, მათ შორის კავშირი მხოლოდ და მხოლოდ "საჯაროდ" ქცეული ურთიერთობაა და აღარაფერი აქვს საერთო იმ წერილში აღწერილ გრძნობასთან, რომელიც ფილმის დასასრულს ძალიან ემოციურს და დრამატულს ხდის. "ღამეს" მოსდევს "დაბნელება", ფილმი, სადაც ალენ დელონისა და მონიკა ვიტის სასიყვარულო ურთიერთობა განვითარების გზებს მატერიალური და ემოციური სამყაროს ზღვარზე ეძებს.
ამ ძალიან საინტერესო ფილმმა 1962 წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, მაშინ ამბობდნენ, რომ "დაბნელება" ანტონიონის ყველაზე გახმაურებული და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმი იქნებოდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო და მაინც, მიუხედავად ამისა, ის, რაც ამ ფილმზე მისი შთამბეჭდავი კადრების გამო დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ანტონიონის ურბანულ ვიზუალურ პოეზიას შეეხება.
თუმცა როცა ანტონიონის ვიზუალურ გამოსახულებაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც მაყურებლის წარმოსახვაში ჩნდება, წითელი უდაბნოა. პირველი ფერადი ფილმი მის შემოქმედებაში, რომელიც ანტონიონმა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავადვე დახატა. ანტონიონი ღებავდა ქუჩებს, ხეებს, ყველაფერს, რაც მისთვის გადასაღებ მოედანს წარმოადგენდა. ეს მეტაფორული ფერები კი საერთო ინდუსტრიული ქარხნების გამონაბოლქვი ნაცრისფერი კვამლის ფონზე ჯულიანას, როგორც საერთო კონტექსტიდან თავიდანვე გამორჩეული, ყველასგან გაუცხოებული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ანტონიონი ამბობს, რომ ზოგადად, ფერს მის შემოქმედებაში ზუსტად ფსიქოლოგიური და დრამატული ფუნქცია აქვს, იმდენად რომ, რომ არა გარემოს კონკრეტული ფერები, შესაძლოა მისთვის ზოგიერთი დიალოგის გადაღებაც კი შეუძლებელი გამხდარიყო.
"ამ ფილმში მანქანებმა თავიანთი ძალმოსილებით, მშვენიერებით, ჭუჭყით დაიკავეს ბუნებრივი პეიზაჟის ადგილი. მაგრამ მანქანები არ არის იმ ტანჯვის და კრიზისის მიზეზი, რაზეც ლაპარაკობს ხალხი ბოლო რამდენიმე წელია...", - ამბობს ანტონიონი.
ჯულიანას ტანჯვის მიზეზი არა სამყაროსგან, არამედ ადამიანებისგან გაუცხოებაა, ამ ნაცრისფერ ქალაქს შესაძლოა ყველაზე მეტი ჰქონდეს საერთო მის შინაგან მდგომარეობასთან, მაგრამ მის განცდებსა და ემოციებს არაფერი აქვთ საერთო სხვა ადამიანებთან, ვისაც მისი ნათქვამი სიტყვაც კი არ ესმით, შვილთან, რომელიც გულგრილია ან თუნდაც ახალ სიყვარულთან, რომელიც შვების ნაცვლად კიდევ უფრო აღრმავებს ჯულიანას სიცარიელის და მარტოობის მორევს.
"წითელი უდაბნოთი" დასრულდა ანტონიონის მარტოობის ტეტრალოგია და მისი მონიკა ვიტისთან შემოქმედებითი ურთიერთობაც. სამაგიეროდ, 1966 წელს გადაღებული "ფოტოგადიდებიდან" დაიწყო მისი ინგლისურენოვანი ფილმები, რომლებიც ანტონიონისთვის სრულიად ახალი კულტურების კვლევას და ძიებას წარმოადგენდა. შემთხვევით მკვლელობის ამსახველი ბოჰემური მოდის ფოტოგრაფისა და ჯეკ ნიკოლსონის მიერ განსახიერებული მოგზაური ჟურნალისტის გარდა, ანტონიონმა ამერიკელი წყვილის ერთდღიანი სიყვარულის ისტორია მოგვითხრო, რომელიც სხვათა შორის, ამერიკაში მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ მიუღიათ.
"რატომ უნდა შემოვიფარგლო მხოლოდ იმით, რაც ვიცი, ჩემთვის აუხსნელია, რატომ აღიქვეს ამერიკელებმა "ზაბრისკი პოინტი" მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ფილმად". "ანტონიონმა გვიბოძა საკუთარი ზიზღი, ჩვენ კი უკან ვუბრუნებთ მას", - ივან კარამაზოვის ეს პერიფრაზიც კი თქვეს. რა ზიზღი? თავი სიზმარში მგონია. ნუთუ ფილმის ორი მთავარი გმირი ზიზღითაა წარმოდგენილი ეკრანზე? ნუთუ ისინი ამერიკელები არ არიან? შესაძლოა პარიზის "ჰერალდ ტრიბუნის" კრიტიკოსი მართალია, როდესაც ამერიკელი კოლეგების რეაქციით გაკვირვებული წერს: "მათ შემთხვევით სხვა ფილმი ხომ არ ნახეს?"
ზაბრისკი პონტის გამო ანტონიონს ბევრჯერ მოუწია მტკიცება, რომ ეს ფილმი ამერიკული არ არის და არც ასეთად ჩაუფიქრებია. თუმცა არც იმ მიზეზების ძიებას აქვს აზრი - რა, რატომ და რისთვის ჩაიფიქრა, ახსნა-განმარტებების მთელი ეს კასკადი არათუ ვერ ხსნის ჩანაფიქრს, პირიქით - მგონი, აფუჭებს კიდეც, და საბოლოოდ, როგორც ანტონიონი ამბობს, მთელი ეს ნარატივი რეჟისორისთვის თავის მართლების მოსაწყენ რეჟიმს ემსგავსება. არადა, როგორ უნდა იმართლო თავი იმაზე, რაც რიცხვების უსასრულო კომბინაციებიდან თვალებდახუჭულმა შემთხვევით ამოირჩიე.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი