ხელოვანი კრისტო ჯავაჩევი, რომელიც თავის ცოლთან - ჟანთან ერთად მოღვაწეობდა, 2020 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. წყვილი ცნობილია თავიანთი ფართომასშტაბიანი პროექტებით, მაგალითად, ლანდშაფტების ნაქსოვი პოლიპროპილენით დაფარვით, ან ისეთი დროებითი სკულპტურის შექმნით, როგორიც ზეთის ფერადი ბარელები - Wall of Oil Barrels-ია და ა.შ.
მათი შემოქმედება მხატვრობის, არქიტექტურისა და სკულპტურის შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენს. წყვილი ყოველთვის ამბობდა, რომ მათი ნამუშევრები ხელოვნებაში ახალი სივრცეების ათვისებას გულისხმობდა.
კრისტო ბულგარეთში, გაბროვოში, ხოლო ჟან კლოდი - კასაბლანკაში, მაროკოში 1935 წლის 13 ივნისს, ერთ დღეს დაიბადნენ. 21 წლის კრისტო კომუნისტური რეჟიმისაგან თავის დასაღწევად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1958 წელს, ჟანის დედის პორტრეტის შექმნისას, თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა. 1961 წელს ისინი უკვე ერთად ქმნიდნენ სხვადასხვა ნამუშევრებს. ეს რომანტიკულ-თანამშრომლური ურთიერთობა კი 2009 წლამდე, ჟანის სიკვდილამდე გაგრძელდა. მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო თავიანთი შემოქმედება, რომ მეუღლის სიცოცხლეშივე, წყვილი ყოველთვის ცდილობდა მოგზაურობისას სხვადასხვა თვითმფრინავით ესარგებლა, რადგან ავიაკატასტროფის შემთხვევაში გადარჩენილ მეწყვილეს საერთო ხელოვნება გაეგრძელებინა.
გთავაზობთ კრისტოსა და ჟან კლოდის შემოქმედებიდან 7+1 გამორჩეულ პროექტს:
1. Wall of Oil Barrels - The Iron Curtain. პარიზი, 1961-1962 წლები
ეს არის წყვილის ერთ-ერთი პირველი ნაშრომი. მათ პარიზის ვიწრო ქუჩაზე 89 ცალი ზეთის ცარიელი კასრით კედელი აღმართეს, რითაც ბერლინის კედლის აგების გამო პროტესტი გამოთქვეს. არაკანონიერად დადგმული “არტბარიკადი” 8 საათის განმავლობაში კეტავდა მოძრაობას, იქამდე, სანამ სამართალდამცველებმა არ დაშალეს.
2. Wrapped Coast. სიდნეი, 1969 წელი
10 კვირით, 1969 წლის ოქტომბერამდე, სიდნეის სანაპირო ზოლი სპეციალური, გამძლე პოლიპროპილენის ქსოვილებით დაიფარა. მისი სიგრძე 92,900 კვადრატულ მეტრს წარმოადგენდა. ამჯერად არტისტებს პროექტის განხორციელების უფლება ოფიციალურად ჰქონდათ, თუმცა ქსოვილის გაშლისას ქარიშხალმა ნაჭრის გარკვეული ნაწილები მაინც დააზიანა. აღსანიშნავია ისიც, რომ კლოდები ინჟინრებთან და 15 პროფესიონალ მთამსვლელთან ერთად 4 კვირის განმავლობაში, შეუსვენებლად აგრძელებდნენ მუშაობას.
3. Valley Curtain. კოლორადო, 1972 წელი
28 თვის განმავლობაში კრისტო და ჟან კლოდი დიზაინერებთან, მშენებლებთან და სტუდენტებთან ერთად კოლორადოში, ორ მთას შორის ნარინჯისფერი ფარდის გასაჭიმად მუშაობდნენ. 381-მეტრიანი ფარდა 111 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდეს, რისთვისაც 417 მეტრი სიგრძის კაბელის გამოყენება დასჭირდათ. მისი სიმძიმე ჯამში 61 ტონას უტოლდებოდა. ხოლო რაც შეეხება დამჭერებს, რომელზეც უშუალოდ ეს კაბელები იყო დამაგრებული - მათზე 864 ტონა ცემენტი დაიხარჯა.
უკანასკნელი თოკი 1972 წლის 10 აგვისტოს, 11 საათზე გააბეს. ნეილონის ნარინჯისფერი ფარდა 28 საათის განმავლობაში იყო გაშლილი, იქამდე, სანამ ძლიერი ქარების გამო მისი ჩამოხსნა არ გახდა აუცილებელი.
4. Surrounded Islands. მაიამი, 1983 წელი
ამერიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ბისკეინის ყურის 11 კუნძული 200 ფუტის სიგანის მქონე სარტყლით შემოფარგლეს. ეს გახლდათ 5 მილიონი კვადრატული ფუტის სიგრძის ვარდისფერი პოლიპროპილენის “ქსოვილი”.
2 კვირის მანძილზე გასაბერი ნავებით 120 ადამიანი მართავდა და თვალყურს ადევნებდა პროექტის ინსტალაციურ სამუშაოებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დასრულების შემდეგ სანაპიროს მიმდებარე არეალი ნარჩენებისგან ბევრად უფრო გასუფთავდა, რადგან ადგილზე მომუშავე ჯგუფებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან 40 ტონა ნაგავი ამოიღეს.
5. The Gates. ნიუ-იორკი, ცენტრალ-პარკი, 2005 წელი
2005 წელს წყვილმა ცენტრალ-პარკს 23 მილის სიგრძეზე ზაფრანისფერი ჭიშკარი “შეუკერა”. ისინი 7503 პანელისგან შედგებოდა, რომელთა დაყენებასაც 600, ხოლო მოხსნას - 300 ადამიანი დასჭირდა.
მართკუთხა ფორმის პანელების ჭიშკარი ნიავში, ფაქტობრივად, ხეების რხევასა და მოძრაობას ირეკლავდა. მათი დამზადების მიზანი სწორედ დამთვალიერებლებისთვის ოქროსფერი “ჩრდილებით” სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა იყო.
6. The Floating Piers. იტალია, 2016 წელი
მიუხედავად იმისა, რომ ჟან კლოდი უკვე გარდაცვლილი იყო, კრისტომ მაინც გააგრძელა ცოლ-ქმრის “ცხოვრებისეული სამუშაო”. მან წარმოგვიდგინა თავისი მეუღლისა და მისი ოცნების პროექტი, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 1970 წელს ჩაისახა.
2016 წელს, ზაფხულში, 16 დღის განმავლობაში არტისტმა იზეოს ტბაზე 3-კილომეტრიანი ყვითელი დოკები გაშალა. დამთვალიერებლებს მათზე სიარულის საშუალებაც კი ჰქონდათ და შეეძლოთ ერთი სანაპიროდან რამდენიმე კუნძულამდე ფეხით გაესეირნათ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ცენტრალ-პარკის “ჭიშკრის აღმართვისა” და ცოლის გარდაცვალების შემდეგ, "მოტივტივე ნავსადგომი" კრისტოს პირველი სამუშაო იყო. შესაბამისად, მისთვის ეს პროექტი ძალიან ბევრს ნიშნავდა.
7. The London Mastaba. ლონდონი, 2018
ძველი მესოპოტამია და ანტიკური ეგვიპტური ტრაპეციული ფორმის სამარხები არტისტთა წყვილს ყოველთვის ხიბლავდა. ამ კულტურების შთაგონებით, ისინი მიჩიგანის ტბაში მოტივტივე მასტაბას გაშვებას ჯერ კიდევ 1967 წელს აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იმ პერიოდში ვერ განხორციელდა, 2018 წელს კრისტომ პლასტმასის 7506 ცარიელი კასრით 20 მეტრის სიმაღლის ფერადი სკულტურა მაინც შექმნა, რომელიც სერპენიტის ტბას კვირების მანძილზე ამშვენებდა.
8. The Mastaba for Abu Dhabi. არაბთა გაერთიანებული საამიროები, (დაუსრულებელი პროექტი)
83 წლის კრისტო ჟან კლოდის ყველაზე ამბიციური პროექტის ხორცშესხმას ჯიუტად ცდილობდა. ეს იყო 150 მეტრის სიმაღლის მასტაბა, აბუ-დაბიში.
წყვილმა პროექტზე მსუბუქად მუშაობა 1977 წელს დაიწყო და მათ მალევე ადგილიც შეარჩიეს. იგი 8 სხვადასხვა ფერის, მოზაიკურად გაწყობილი ბზინვარე კასრებისგან უნდა დამზადებულიყო, რომელთა რაოდენობაც 410 000 ცალს გაუტოლდებოდა. მისი განხორციელების შემთხვევაში, იგი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი სკულპტურის ტიტულს მოიპოვებდა და კრისტოსა და ჟან კლოდის ერთადერთ ცოცხალ ნამუშევრად მოგვევლინებოდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, თუ რატომ ცდილობდა სიცოცხლის ბოლომდე კრისტო ამ ნატვრის ასრულებას.
დაწერე კომენტარი