“ქამელეონად” წოდებული ინგლისელი არტისტი დეივიდ ბოუი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის მუსიკა, სცენისთვის შექმნილი ალტერ ეგოები, შესრულება და განუმეორებელი სტილი მისი თითქმის სამოცწლიანი კარიერის შემდეგაც კი აქტუალური, მისაბაძი და უნიკალურია. დეივიდ ბოუის გენიალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ხელოვნების ერთი სფეროთი არასდროს შემოიფარგლებოდა. მისი ლეგენდარული სამუსიკო კარიერის ფონზე ცოტამ თუ იცის, რომ ხელოვანი მხატვრობითაც იყო გატაცებული და მისი ეს გატაცება ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას როდი სჯერდებოდა: დეივიდ ბოუი საკუთარ მრავალფეროვან საქმიანობას ხატვასაც უთავსებდა.


ხელოვნების ნამუშევრების შეგროვება ბოუის უცვლელი მისწრაფება და ჰობი იყო. “ხელოვნების ნიმუშები, სიმართლე რომ გითხრათ, ერთადერთია, რისი ფლობის სურვილიც ოდესმე მქონია. ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის მუდმივი საზრდო იყო. მე მას ვიყენებ. მას შეუძლია ჩემი დილის განწყობა შეცვალოს. ერთ ნამუშევარს ჩემზე სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობ იმ მომენტში”. - ამბობს The New York Times-სთან ინტერვიუში. ბოუის მხატვრობისადმი სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ საკუთარი განცდებისა თუ ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად მალე ფუნჯი ხელში თავადაც აიღო.


კარიერის ადრეულ წლებში ბოუის მხატვრობასთან დაკავშირებით დიდი ამბიციები არ ჰქონია, ამიტომაც უმეტესად საკუთარი თავისთვის ხატავდა. როგორც The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, ხატვა კარიერული დაბრკოლებების გადალახვის ერთგვარი გზა იყო. მუსიკის ნახატებად გარდაქმნა ეხმარებოდა დაუმთავრებელი კომპოზიციებისთვის ახალი თვალით შეეხედა, რათა შემოქმედების პროცესი კვლავ ბუნებრივი და ძალდაუტანებელი გამხდარიყო. ამის შესანიშნავი მაგალითია დეივიდის ნახატი Turkish Father and Son, რომელიც თურქული კულტურის ელფერის მქონე ცნობილი სიმღერის, Yassasin-ის შექმნის პროცესში დახატა.


შესაძლოა მისი მხატვრის ნიჭი კიდევ დიდხანს დარჩენილიყო შეუმჩნეველი, რომ არა 1995 წლის ალბომი Outside, რომლის გარეკანზეც ბოუის ავტოპორტრეტია გამოსახული. იმავე წელს ლონდონში მისი, როგორც მხატვრის, პირველი გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით Afro/Pagan and Work: 1975-1995. ლონდონის გამოფენას მომდევნო წელს შვეიცარიისა მოჰყვა. 


“ძალიან მომეწონა გალერეაში უკან დგომა, როცა ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს განსხვავებულ ახსნას უძებნიდნენ”. - იხსენებდა დეივიდ ბოუი ინტერვიუში.



ბოუის ნამუშევრებში გერმანული ნეო-ექსპრესიონიზმი იგრძნობა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აუერბახის, ფრანცის ბეკონის, ენდი უორჰოლის გავლენაც. ამ უკანასკნელს სიმღერაც კი მიუძღვნა. მის ხელოვან მეგობართა შორის დემიენ ჰირსტიც იყო, რომელთან ერთადაც ნახატი Beautiful, Hallo, Space-Boy Painting შექმნა.


70-იანების ბოლოს ბერლინში ცხოვრება განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი, როგორც მუსიკოსის კარიერისთვის, არამედ მხატვრის ფუნჯისთვისაც. ბოუის ნამუშევრები განსაკუთრებით ახლოს დგას მის პიროვნებასთან. ავტოპორტრეტების სერიების გარდა, საკუთარ მეგობრებსაც ხატავდა, მაგალითად, იგი პოპსა და მაიკ გარსონს. მის შემოქმედებაში თავისი ადგილი ბერლინმაც იპოვა, რისი დასტურიცაა ნამუშევარი, სახელწოდებით Child in Berlin. ამ პერიოდს უკავშირდება ბოუის ავტოპორტრეტი, რომელიც დეივიდმა მასაოში სუკიტას მიერ  Heroes ალბომისთვის შექმნილი გარეკანის შთაგონებით დახატა. თავად სუკიტას შთაგონების წყარო კი ერიხ ჰეკელის ნამუშევარი იყო.


ბოუის ნამუშევრებს, კრიტიკოსთა შეფასებით, პროფესიონალი მხატვრის ტექნიკა აკლია, თუმცა მისი გამომხატველი ფიგურები, მკვეთრი ფერები და ხელოვანის განწყობა, რომელიც მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა, ნახატებს თავისებურად გამორჩეულსა და სახასიათოს ხდის. 


მუსიკისთვის ახალი იდეების გამუდმებულმა ძიებამ დეივიდ ბოუი მალე სამხრეთ აფრიკამდე მიიყვანა. დაუვიწყარ მოგზაურობაში ცოლთან, იმანთან ერთად გაემგზავრა. ბოუიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივი ტომების ისტორიებმა და ლეგენდებმა. ერთ-ერთის მიხედვით, როდესაც ადგილობრივები პირველად შეხვდნენ თეთრკანიან ადამიანებს, ისინი საკუთარ წინაპრებად მიიჩნიეს, რადგან მითოლოგია მათ წინაპრებს სწორედ ასე ხატავდა. ამ ამბის მოყოლა ბოუიმ ფუნჯს მიანდო. სწორედ ასე შეიქმნა ნახატების სამხრეთ აფრიკული სერია, რომლის თითოეულ ნამუშევარში მკვეთრი, გამომხატველი ფერები აფრიკულ ორნამენტებსა და სტილს ეწყმის, რაც ნაამბობს უფრო დამაჯერებელსა და შთამბეჭდავს ხდის.

გასაკვირი სულაც არაა, რომ სცენაზე ასეთი საოცარი კარიერის შემდეგ ბოუის ნახატები საზოგადოებისგან ისეთ ყურადღებას ვერ იქცევს, როგორც ლეგენდარული შემსრულებლის მუსიკა, თუმცა ეს ფაქტი მაინც ვერ დააკნინებს ამ ნამუშევრების მნიშვნელობას, რადგან მათ შესაქმნელად ბოუიმ საღებავების გარდა ის განცდები, ემოციები, ხედვა, უნიკალური სტილი და პიროვნული შტრიხები გამოიყენა, რომელთა დავიწყების უფლებას მისი მუსიკა არასდროს მოგვცემს.