მაშინ, როცა კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ არაერთი ღონისძიებისა თუ გამოფენის გადადება/გაუქმება გამოიწვია, ბრიტანელმა რეჟისორმა და მოდის ფოტოგრაფმა გლენ ლეჩფორდმა გადაწყვიტა, უკანასკნელი 30 წელიწადის ნამუშევრები - ფოტოები ონლაინგამოფენის სახით გაეზიარებინა ფართო საზოგადოებისთვის. სააგენტო Art Partner-თან თანამშრომლობით ლეჩფორდის გამოფენა, სახელწოდებით Selected Works 1990-2020 კომპანიის ვებგვერდზე 28 მაისს გამოჩნდა.



თქვენ შეგიძლიათ არტისტის ნამუშევრები საკუთარი სახლიდან, სრულიად უსასყიდლოდ, 360°-იანი ხედით დაათვალიეროთ. კოლექცია შედგება ლეჩფორდის მიერ შერჩეული 50 ფოტოსგან. მათ შორის არის: არტისტის ნაკლებად ცნობილი ფოტოები მისი ფოტოგრაფობის ადრეული წლებიდან; განათების დახვეწილი ტექნიკის საშუალებით გადაღებული ფოტოები, რომლებმაც მისი პოპულარობა გამოიწვია; პრადას ცნობილი კამპანია; ასევე 90-იანი წლების გუჩის კამპანიის შავ-თეთრი პორტრეტები, სადაც განუმეორებელი ბიორკი მონაწილეობს; ნიუ-იორკის ქუჩებში ქეით მოსისთვის გადაღებული აუცილებლად სანახავი, ულამაზესი ფოტოები... ამ ნამუშევრებში კარგად ჩანს არტისტის ხასიათი: მისი თვალით დანახული აწმყო, მისი ფანტაზიები,  სპონტანურობა და  კინემატოგრაფიული ხელმოწერა.

“ისედაც ვაპირებდი ჩემი ნამუშევრების გამოფენას. კორონავირუსმა კი სრულიად სხვა მხრივ დამანახვა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებისთვის ფოტოების ჩვენება, იზოლაციაში, სოციალური დისტანციის პირობებში.  ცხადია, ვერაფერი შეცვლის მუზეუმში ან გალერეაში სიარულისა და თვალიერების განცდას, თუმცა ეს ვირტუალური გამოფენა იძლევა შანსს, რომ დაათვალიეროთ გამოფენა სივრცეში და დააკვირდეთ მათ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა”.  - ამბობს გლენ ლეჩფორდი.

 

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე https://www.artpartner.com/glen-luchford-virtual-exhibition/ 2020 წლის 30 ივნისამდე.