მდიდარი ისტორიითა და განუმეორებელი კულტურით გამორჩეული იაპონია თანამედროვე სამყაროსთვის სიძველით, ტრადიციებითა და ლეგენდებით სავსე ხელოვნებასთან ასოცირდება, რომელმაც დასავლური კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია, თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის ხელოვნების ხიბლი მხოლოდ წარსულში როდია - შორეული ქვეყნის სული იაპონიის კონცეპტუალურ ხელოვნებაშიც კარგად იგრძნობა, რომელიც ქვეყნის ლეგენდების, წეს-ჩვეულებებისა და  თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ინოვაციური ხედვის იდეალური სინთეზია. საზოგადოება დღეს კარგად იცნობს იაიოი კუსამას სავიზიტო ბარათად ქცეულ კოპლებსა და ტაკაში მურაკამის იაპონური ოტაკუს კულტურით შთაგონებულ მდიდარ ფერებს, თუმცა სხვა შესანიშნავი ხელოვანები ხშირად ჩრდილში რჩებიან და, სამწუხაროდ, იმაზე ნაკლებ ყურადღებასა და დაფასებას იღებენ, ვიდრე მათი ნამუშევრები რეალურად იმსახურებს.

გაგაცნობთ იაპონური კონცეპტუალური ხელოვნების 5 გამორჩეულ წარმომადგენელს, რომელთა სახელი იაიოი კუსამა და ტაკაში მურაკამი არაა:


იოშიმოტო ნარა



შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო იოშიმოტო ნარას პერსონაჟები და მათი ფართოდ გახელილი თვალებისა და მეამბოხე მზერის დავიწყება შეძლო. მის ნახატებსა და სკულპტურებში ბავშვები ჭარბობენ, რომელთაც, ერთი შეხედვით, სასაცილო დიზაინი აქვთ, თუმცა ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში, აუცილებლად იგრძნობთ ბრაზს, მოწყენილობას, პროტესტსა და სხვა ღრმა გრძნობებს, რომლებსაც ბავშვების უცნაური სახეები, განსაკუთრებით კი, მათი თვალები მალავენ.



იოშიმოტო ნარა 1959 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსაკიში დაიბადა. გერმანიაში გატარებული წლები მისი შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან იქ უცხო კულტურის პირისპირ მარტო დარჩენილმა საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. ნარას ხელოვნებაზე განსაკუთრებული გავლენა პანკ-როკმა და ნეო-ექსპრესიონიზმმა იქონია. მისი შემოქმედება ძველისა და ახლის შესანიშნავი სინთეზია. უძველესი იაპონური ნიღბების - otafuku-სა და okame-ს - მსგავსი გამომეტყველება, ღრმა და ბნელი საიდუმლოებებით სავსე თვალები, ხელებში კი ბავშვებისთვის შეუფერებელი ნივთები - სიგარეტი და დანები - სწორედ ეს ქმნის იოშიმოტო ნარას ნამუშევრებს მარტივად დასამახსოვრებელსა და უცნაურად მომნუსხველს.


ჩიჰო აოშიმა



ჩიჰო აოშიმას შემოქმედება ერთდროულად იტევს ზღაპრულ, ფერად სამყაროებსა და ღრმა, მისტიკურ პერსონაჟებს. იაპონური უკიო-ე-ს, კაცუშიკა ჰოკუსაის შემოქმედებითა და პოპ კულტურით შთაგონებულ ნამუშევრებში მოჩვენებები, დემონები და იდუმალებით მოცული ქალები თამამად დააბიჯებენ მდიდარი ფერებითა და უხვი დეტალებით გაჯერებულ სიურეალისტურ ქვეყანაში, რომელსაც ფერადი მცენარეები, ღრუბლები და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ყველასათვის საოცნებო, ლამაზ, მაგრამ საშიშ სიზმრად აქცევს.

“ჩემი ნამუშევრები ჩემივე ფიქრების ძაფებია, რომლებმაც მანამ, სანამ მატერიალიზებული სახით უკან დამიბრუნდებოდნენ, სამყაროს გარშემო იმოგზაურეს”.



ჩიჰო აოშიმა 1974 წელს ტოკიოში დაიბადა. სანამ ხელოვნებას აღმოაჩენდა, უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა. აოშიმა პოსტმოდერნისტული ხელოვნების მოძრაობის, Superflat-ისა და ტაკეში მურაკამის მიერ დაფუძნებული გალერეის, Kaikai Kiki-ის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ნამუშევრების შესაქმნელად ძირითადად პროგრამას Adobe Illustrator იყენებს, თუმცა სკულპტურისა და ანიმაციის მიმართულებითაც მუშაობს.


აია ტაკანო



ჩიჰო აოშიმას მსგავსად, აია ტაკანოც Kaikai Kiki გალერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ტაკაში მურაკამის მოსწავლეცაა. ტაკანო 1976 წელს საიტამაში დაიბადა. ბავშვობა სამეცნიერო ფანტასტიკისა და მანგას კითხვაში გაატარა, რამაც მისი სამომავლო კარიერის განვითარებასა და ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

“ბავშვობაში დროს ოცნებებში ვატარებდი, ჩემს ფანტასტიკურ სამყაროში დარჩენას წიგნებისა და მანგას კითხვით ვახერხებდი”.



ტაკანოს ნამუშევრები სიზმრებს ჰგავს, რომელშიც სამეცნიერო ფანტასტიკას მანგასთვის დამახასიათებელი სტილი ერწყმის და ამ ყველაფერს ერთდროულად რენესანსისა და ედოს პერიოდის ხელოვნების ელფერი დაჰკრავს. მისი პერსონაჟები ძირითადად ფანტასტიკურ ყოველდღიურობასა და რეალობაში მოლივლივე ქალები არიან. ტაკანოს ნამუშევრებში პერსონაჟები და ნივთები გაშეშებული, უსიცოცხლო ობიექტები არ არიან; თითოეულ მათგანს საოცარი ელასტიკურობა და მოქნილობა ეტყობა, რაც მნახველში სირბილისა და სიმსუბუქის საოცარ შეგრძნებას იწვევს.


კეიჩი ტანაამი



მკვეთრი ფერები, საინტერესო ფორმები, სიშიშვლე, დეტალებისადმი პედანტური დამოკიდებულება და თვალები ყველგან - ასე შეიძლება დავახასიათოთ კეიჩი ტანაამის შემოქმედება, რომელიც სიურეალისტური სიზმრებისა და ჰალუცინაციების მნახველამდე მისატანად თავს გამოხატვის მხოლოდ ერთი ფორმით როდი იზღუდავს: ის არის გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი, მხატვარი, ქმნის სკულპტურებსაც.



კეიჩი ტანაამი 1936 წელს ტოკიოში დაიბადა. მის ცხოვრებასა და შემოქმედებით განვითარებაში მეორე მსოფლიო ომმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა Kamishibai - ქუჩის თეატრი, რომელიც ამბის მოსათხრობად ილუსტრაციებს იყენებდა. რაც შეეხება უშუალოდ ტანაამის სტილს, რომლის წყალობითაც ხელოვანი ომის შემდგომი იაპონიის აღორძინების პროცესს ოსტატურად გადმოსცემს, მასში ნეო-დადაიზმისა და პოპ-არტის ძლიერი გავლენა იგრძნობა.


ტოშიო საეკი



თანამედროვე იაპონური ეროტიკის ოსტატად წოდებული ტოშიო საეკი 1945 წელს იაპონიაში დაიბადა. საკუთარი შემოქმედება ომის შემდგომი იაპონიის კულტურული რევოლუციისა და აღორძინების პროცესების შესწავლასა და მისი დანარჩენი მსოფლიოსთვის განუმეორებელი სტილით გადმოცემას მიუძღვნა. ნამუშევრების მთავარი თემა ძალადობა, სიკვდილი და სექსია. მისი სტილი უძველესი იაპონური გრავიურებისა და დასავლეთის კულტურის ერთგვარი სინთეზია; საეკის ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით იაპონური მითოლოგიისა და ფოლკლორის ცნობილ გმირებს.

აღსანიშნავია, რომ საეკის შთაგონების წყარო რეალური ადამიანები და გამოსახულებები არასდროს ყოფილა; თითოეული ნამუშევარი ხელოვანის ხილვების, სიზმრებისა და დამარხული მოგონებების ნაყოფია, რომელთათვის ხორცის შესხმისას საეკი ბევრისთვის აღმაშფოთებელ სითამამეს არასდროს უშინდებოდა.



იაპონურ კონცეპტუალურ ხელოვნებას კიდევ უამრავი გამორჩეული და განუმეორებელი წარმომადგენელი ჰყავს, რომელთა სახელები და შემოქმედება საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ. ისინი ინდივიდუალური გზებითა და განუმეორებელი ხედვით იკვლევენ იდუმალებითა და სიღრმით გამორჩეულ იაპონურ კულტურას, რისი წყალობითაც საზოგადოება თითო ნაბიჯით უახლოვდება კარგად ნაცნობ, მაგრამ მაინც შორეულ ამომავალი მზის ქვეყანას.