ჩემთვის ადვილია  იმ პირველი შთაბეჭდილების გახსენება, რამაც შემდგომ ეს სფერო განსაკუთრებით შემაყვარა, რადგანაც ისეთ დიდ მოვლენას, რომელსაც ახლა გავიხსენებ, ძნელია ვინმე უინტერესოდ დაეტოვებინა. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა საფრანგეთში,  საფინალო მატჩის დაწყებამდე კი Tour de France-ის სტადიონზე YSL-ის 40-წლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივა მოეწყო. ამ წარმოდგენას ქართული ტელეარხი აჩვენებდა და ოჯახთან ერთად ველოდებოდი დაწყებას, მაშინ 12 წლის ვიყავი და ეს ყველაფერი ზუსტად რას ნიშნავდა კარგად არ მესმოდა. 


მახსოვს, სტადიონის ირგვლივ 4000-მდე მუსიკოსი რაველის ბოლეროს ლითონის დიდ საცავებზე  თითქმის ერთდროულ მოძრაობებს ასრულებდნენ და მუსიკა მთელ სტადიონზე ვრცელდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც იქ ვიყავი. სტადიონზე დაფენილ ხალიჩაზე კი ცა და ღრუბლები იყო დაპრინტული, რომელზეც მოდელები და მათი მოძრაობები გეომეტრიულად იკვეთებოდა. Yves-ის მიერ შექმნილი 300 კოსტიუმი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე. კამერის სწრაფი და მოქნილი მოძრაობაც შთამბეჭდავი იყო, რაც ჩვენებას უფრო დრამატულს ხდიდა. მახსოვს, გადამრია ფერების კონტრასტულობამ, ქუდების გაფორმებებმა, მტრედებმა, გეომეტრიული ელემენტების სიმრავლემ, კოლაჟურობამ, გამჭირვალე ზედატანებმა, დიდებულმა ქსოვილებმა და დიდმა ოქროსფერმა სამკაულებმა. ყოველ მათგანს ნამდვილ პრინცესებად აღვიქვამდი, თან რამდენიმე ცნობილი მოდელის სახელი (ლეტიცია კასტა, კარმენ კასი, კარლა ბრუნი) უკვე ვიცოდი ჟურნალებიდან და ეგეც მახარებდა. ბოლოს კი YSL დიდი წითელი ლოგო გამოიკვეთა ცაზე, რომელზეც პრინცესები დასეირნობდნენ. წარმოუდგენელად ლამაზი სანახაობა დღემდე ძალიან კარგად მახსოვს შთაგონებულს.


იმავე ზაფხულიდან fashionTV-ის გადაცემებს დღეში რამდენჯერმე მაინც გადმოსცემდნენ ქართულ ტელეარხებზე. მაგ დროს კი დიზაინერთა სრულ კოლექციებს აჩვენებდნენ, პლუს Backstage-ის ნაწილსაც და ტოპმოდელების მოკლე ინტერვიუებსაც მათ ცხოვრებაზე, შედეგად კი მათი პარამეტრები ზეპირად ვიცოდი. 



მახსოვს, თავიდანვე გამოვარჩიე რამდენიმე დიზაინერი - მოდის სახლი პრადა და ტომ ფორდის დროინდელი გუჩის ჩვენებებიდან ყველაფერს ვიმახსოვრებდი. კარგად მახსოვს 2001 წლის ჰელმუტ ლანგის ჩვენება, ძალიან მომწონდა გენდერული მიქსი, გოგო და ბიჭი მოდელები თითქმის ერთდროულად გამოდიოდნენ სცენაზე, რომელთა შორისაც ჩემი საყვარელი მოდელები შარლომ ჰარლოუ, ალეკ ვეკი და ტისონ ბალოუ ამოვიცანი. ვთვლი, რომ 2000-იანი წლების პერიოდი, რომელსაც მდიდარი ქალის საქმიანი იმიჯი, მინიმალური სილუეტი, ფერების ბალანსი და სექსუალურად გამოჩენილი სხეული ახასიათებს, უნიკალურია.


მახსოვს, ბევრი ისეთი მოდის სახლის კოლექციები, რომლებმაც დროებით ან დიდი ხნით შეწყვიტეს მუშაობა ან აღარ არიან ცოცხლები, თუმცა მათი ვინტაჟური სამოსი დღესაც აქტუალურია. კრისტიან ლაკრუა, ემანუელ უნგარო, ალექსანდრ მაკ-ქუინი… რა თქმა უნდა, მოდელების დამსახურებაც არის ჩვენებათა დასამახსოვრებელი და საინტერესო ხასიათი. კეიტ მოსი, ნადია აუერმანი, კლაუდია შიფერი, კრისტი ტარლინგტონი, ჟიზელი, ბინქს ვალტონი… უამრავი მახსენდება, რომლებიც თავიანთი განსაკუთრებული მანერებითა და მოძრაობებით მოდის ისტორიაში ლამაზ მომენტებს ქმნიდნენ. 



დღეს ძალიან მიჭირს კონკრეტულად გავიხსენო ჩვენებები, იქედან გამომდინარე, რომ უამრავი საინტერესო მომენტი მიტრიალებს თავში. ზოგიერთი კადრებად მახსენდება, ზოგი “ლუქებად” ან მაკიაჟის გამო. თუ ვეცდები რამდენიმე დავასახელო, მაშინ ნიკოლა ჟესქიერის კოლექციები - ბალენსიაგადან დაწყებული და ლუი ვიტონში გადასვლით გაგრძელებული -  მუდმივ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მისი კურორტების სერია, რომლებიც ხან კიოტოს ტყეებში, ხან Palm Springs-ზე, ხან საფრანგეთის ცნობილი მუზეუმებში იმართებოდა. გამოვარჩევდი რიოს ჩვენებას მისი ტუმბოების დიზაინით და განლაგებით, მოდელების სიარულის ტრაექტორიით, გადაღებით, მუსიკით. მომწონს ნიკოლას დაუღალავი ხასიათი, შრომისმოყვარეობა, მყარი და რბილი ქსოვილების შეხამება, მრავალი დეტალის სიჭარბე, სიჭრელე, უახლესი ტექნოლოგიური მიგნებები.

NY FW-ს გამოვარჩევდი თავისუფლებით და მრავალფეროვნებით, სიმარტივით და სპონტანურობით, ლაღად და საინტერესოდ გადმოსცემენ სათქმელს.



Vogue.com

წელს ლონდონის მოდის კვირეულზე თურქი დიზაინერის, Dilara-ს კოლექცია ძალიან მომეწონა. დღეს უკვე ძალიან ძნელია რაიმე განსაკუთრებულის ან განსხვავებულის მოფიქრება, ყოველთვის შეიძლება მსგავსი გაგახსენდეს ან ადვილად დააკავშირო ადრე ნანახთან. ხშირად ცდილობენ მარტივი ეფექტურობით დაიმსახურონ მოწონება. ამ ჩვენებაში კი ვერ შევამჩნიე ტენდენციების ზეგავლენა. ვფიქრობ, საკმაოდ ინდივიდუალური და სახასიათო დიზაინერია. 

დღეს ეს სფერო უამრავ დიზაინერს, სტილს, მიმდინარეობას, გრძელ ისტორიას, თავდაუზოგავ შრომას, კონკურენციას მოიცავს. მომწონს რიკ ოუვენსის ქალის კოლექციის ჩვენების ადგილი, მომწონს Lemaire-ს ხედვა, მომწონს ჯეი ვი ანდერსონის მოულოდნელი გადაწყვეტილებები. გასაგიჟებელია რეი კავაკუბოს ნამუშევრები, მარჯიელას კოლექციები. მომწონს ქართველი დიზაინერის შექმნილი კოლექციები Balenciaga-ს სახლისთვის.


მინდა, ჩემი ფავორიტი დიზაინერი ქალის ფიბი ფილოს ბოლო კოლექცია გავიხსენო, რომელიც Céline-სთვის 2017 წლის 1 ოქტომბერს პარიზში ჩატარდა. შენობაში შესულ სტუმრებს შიდა სივრცეში დიდი თეთრი კარავი დახვდათ, სადაც განლაგებულ სკამებს სხვადასხვა ფერისა და ტიპის საძილე ტომრები ჰქონდა შემოხვეული... კოლექცია და მის მიერ წარმოჩენილი ქალი კი ისეთი აღმოჩნდა, რომ წამყვანი დიზაინერები მისი გავლენის ქვეშ ყოფნას ახლაც არ მალავენ. ფილოს მიერ შექმნილი ნებისმიერი სამოსი აუცილებლად გხდის სხვანაირს, მოდურს, ლამაზს, განსაკუთრებულს. მისი ნაფიქრი დეტალებით, კონსტრუქციით, ტექნოლოგიით, ბუნებრივი ფერებით, მხიარული ჩანართებით თავდაჯერებულ, ჩამოყალიბებულ, დახვეწილ სამოსს ატარებ.