სტუმარმასპინძლობისა და აგრომეწარმეობის სფეროს წამყვანი ქართული კომპანიის, “აჭარა ჯგუფის” ახალი, ინოვაციური პროექტი “უდაბნო” ჯერჯერობით ერთადერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და აგროტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი არა მხოლოდ სასტუმროსა და რესტორნების, არამედ საფერმერო მეურნეობისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნასაც ითვალისწინებს, სადაც ნებისმიერ მსურველს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღება და ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ექნება.
“უდაბნოს” შესახებ უფრო ვრცლად ნინო ზამბახიძის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ინტერვიუში გაიგებთ, რომელიც ახალი, ინოვაციური პროექტის კონცეფციის, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
“აჭარა ჯგუფის” სახელს უკვე ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი უკავშირდება, რომელთა შორის სულ მალე “უდაბნოც” ჩაეწერება. რა იყო პროექტის იდეა და რას გულისხმობს მისი კონცეფცია?
“უდაბნო” არის ის უნიკალური შესაძლებლობების მქონე პროექტი, რომლის მთავარი იდეაც საქართველოში სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა და განვითარებაა. გარდა იმისა, რომ პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს, რესტორანსა და სხვადასხვა გასართობ სივრცეებს, ასევე დიდი რესურსი ჩაიდო საფერმერო მეურნეობის პოპულარიზაციის კუთხით. ამასთან, კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც როგორც ფერმებს, ასევე ახალგაზრდა, დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გააცნობს ახალ ტექნოლოგიებს, გადაამზადებს და მისცემს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას ამ მიმართულებით. ეს არის სწორედ ბიზნესის კარგი მაგალითი, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარება ფერმერებს, სტუდენტებს, ავითარებს სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმს, რათა უფრო ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნას.
როგორ ფიქრობთ, რატომ იყო მისი მშენებლობა დღეს მნიშვნელოვანი?
ჩვენთვის, როგორც ფერმერთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალური ჩართულობა ამ პროექტში, რათა გვეჩვენებინა, თუ როგორი უნდა იყოს სამაგალითო ფერმერული მეურნეობა. მოგეხსენებათ, დღეს მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა სულ უფრო ვითარდება და ბევრი ქვეყანა ზღუდავს ექსპორტს. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც 60-70%-ით იმპორტზეა დამოკიდებული და რეალობა ისეთია, რომ იმპორტი მცირდება, “უდაბნო” ხდება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა არანოყიერ მიწაზე, სადაც არასდროს არაფერი არ მოუყვანიათ, გაკეთებულიყო სასოფლო-სამეურნეო, აგროტურისტული ობიექტი. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში მსგავსი კომპლექსი არ არსებობს, ვფიქრობ, ჩვენ გავხდებით უპირობო ლიდერები ამ კუთხით. ის ფაქტი, რომ იქმნება პროფესიული საგანმანათლებლო ხაზი ამ მიმართულებით, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, კარგად გაერკვნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკაში, აქვე დასაქმდნენ და გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტონ მათი მომავალი. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს პროგრამა “დაკრიფე უდაბნოში”, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ჩამოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს დაკრეფვის პროცესში და გაიცნოს ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები.
დღეს რა ეტაპზეა პროექტ “უდაბნოს” სასოფლო-სამეურნეო პროცესები?
ამ ეტაპისთვის გაშენებულია 1800 ჰექტრამდე ნუშის ბაღები, განვავითარეთ კამეჩებისა და თხების ფერმა, ასევე მცირე მასშტაბზე ხელი მივყავით მეფრინველეობას და გავაშენეთ 20 ჰექტრამდე კენკრის ბაღები. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ენდემური ჯიშის 200 დასახელების ვაზი დავრგეთ და ჩვენს ვენახში ისეთ ჯიშებს აღმოაჩენთ, რომლებიც უკვე გადაშენების პირას იყვნენ.
რატომ შეირჩა უდაბნოს ტერიტორია ამ პროექტისთვის?
ეს დამფუძნებლის არაორდინარული ხედვის შედეგია, რომელმაც სწორად განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ადგილი გადაქცეულიყო ასეთ მასშტაბურ კომპლექსად. ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად არაფერი არ არსებობდა და სწორედ თემურ უგულავამ გადაწყვიტა, რომ “უდაბნო” იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ნიშაც საქართველოში ჯერ არსად არ არის.
როგორც ახსენეთ, პროექტი ითვალისწინებს საფერმერო მეურნეობას. უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ, რა ჯიშის ცხოველების მოშენებას გეგმავთ ფერმაში და რა სახის პროდუქციის წარმოებას აპირებთ?
გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კამეჩების ფერმა, რაც ჩვენს კულტურასაც უსვამს ხაზს, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველოში კამეჩის მაწონი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფერმისთვის შევარჩიეთ იტალიური კამეჩები, რადგან ეს ჯიში საკმაოდ მაღალპროდუქტიულია და ხარისხიან პროდუქტსაც იძლევა. ხმელთაშუა ზღვის ამ ჯიშის კამეჩებს იტალიელები სწორედ მოცარელას წარმოებისთვის ზრდიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან კონკრეტული ჯიშები გადაგვარების წინაშე არიან და ადგილობრივი მერძეული მეურნეობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველაფერი სწორად დაგეგმილ ბიზნესად ყოფილიყო აღქმული. კამეჩების ფერმასთან ერთად, გავაკეთეთ თხებისა და ფრინველთა მცირე ფერმაც, რომელთა პროდუქტებით უდაბნოს ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროსა და რესტორნებს მოამარაგებენ. სრულად იქნება დაცული კონცეპტი - ფერმიდან - მაგიდამდე. ამავდროულად, იგეგმება მერძეული ძროხების ფერმის გაკეთებაც, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ყველა ადამიანს შეეძლება გახდეს ფერმერი, მოვიდეს, მოკრიფოს, თავად დაამზადოს კერძი.
როგორია პირუტყვის მოვლის, კვებისა და საწველი სისტემის მექანიზმები დღეს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმაში პირუტყვი იყოს მოვლილი, თავისუფალი და არ ვამყოფოთ ისინი სტრესულ გარემოში. ამასთან, ფერმაში არსებული ცხოველები მიირთმევენ ნატურალურ საკვებს, რომელთაც ჩვენ თავად ვაწარმოებთ.
კამეჩისა და თხის რძის განთქმული პროდუქტები ჩაფიქრებულია მომავალი სასტუმროსთვის, რომელიც უდაბნოში აშენდება. მანამდე სად შეიძლება დავაგემოვნოთ განსაკუთრებული რძის პროდუქტები?
ჯერჯერობით დიდი წარმოება არ გვაქვს, თუმცა სატესტო პროდუქციის დაგემოვნება “სტამაბაში” იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ ეს განსაკუთრებული რძის პროდუქტები გათვლილია სწორედ უდაბნოში არსებულ ინფრასტრუქტურაზე.
როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი ექნება პროექტ “უდაბნოს” ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით?
ვფიქრობ, ეს პროექტი სწორად განავითარებს პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უკვე გადამზადებული ფერმერები უფრო ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ, რაც გაამარტივებს ევროკავშირის ბაზარზე მათ გასაღებას. ასეთი ინიციატივები და ინვესტიციები იმ შესაძლებლობების საწინდარია, რომელსაც ცალკეული ფერმერები ვერ შეძლებენ. თუნდაც ის, რომ დღეს ნუშის ბაღების მოცულობა საქართველოში ბევრად გაიზარდა, სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა. ჩვენი ქვეყნის გამოწვევა ამ მიმართულებით არის ხარისხი და უწყვეტი მიწოდება და როდესაც ასეთი მასშტაბური ბიზნესი იწყება, შემდეგ ყველასთვის ერთიანად იხსნება საერთაშორისო ბაზარი, ყველამ იცის, რომ ხარისხიანი პროდუქცია უნდა აწარმოოს. პროექტ “უდაბნოს” ვუყურებ, როგორც კარგ შესაძლებლობას და დასაწყისს გამსხვილებული საექსპორტო პროდუქტების წარმოების კუთხით.
რა გავლენა იქონია კორონავირუსის კრიზისმა თქვენს სამომავლო გეგმებზე?
პანდემია როგორც ყველა ბიზნესისთვის, ისე ჩვენთვისაც შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. თანაც ეს კრიზისი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ქვეყანაში აქტიური ხვნა-თესვა მიმდინარეობს. ჩვენს უცხოელ კონსულტანტებთან ონლაინრეჟიმში მოგვიწია ბევრი საკითხი განხილვა. თუმცა მთავრობასთან სწრაფი კომუნიკაციისა და რეაგირების საფუძველზე შევძელით, რომ სამუშაოები არ შეფერხებულიყო. რა თქმა უნდა, ყველანაირი პროცედურა მიმდინარეობს იმ სტანდარტებისა და ნორმების დაცვით, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამავდროულად, სახელმწიფო ითხოვს. ამასთან, ჩვენი ბიუჯეტშიც გაუთვალისწინებელი ხარჯები გაჩნა, რაც ჩვენთან დასაქმებული 350-მდე ადამიანის ტრანსპორტირებას გულისხმობს. მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობთ, რომ არ ჩავაგდოთ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან სხვა სფერომ შეიძლება დაიცადოს, მაგრამ სოფლის მეურნეობა ამ კუთხით ვერ იცდის.
დაწერე კომენტარი