ჰოლანდიური წარმოშობის, მსოფლიოში აღიარებული, საოცრად ნიჭიერი დიზაინერი ირის ვან ჰარპენი ნაწილობრივ მეცნიერიცაა, რომელიც მოდის ჩარჩოებში არ ექცევა და ყოველთვის მისგან გათავისუფლებას ცდილობს. მისი კონცეპტუალური კოლექციები ერთგვარი კავშირია ლაბორატორიასა და პოდიუმს შორის, რომელიც ფუტურისტული და ფანტასტიკური ესთეტიკით ხასიადება.



ჰოლანდიის პატარა ქალაქში კომპიუტერისა და ტელევიზორის გარეშე გაზრდილი ვან ჰარპენი ბავშვობაში დაინტერესებული იყო ცეკვით, ხატვითა და ვიოლინოთი მანამ, სანამ მოდას და მის ტრანსფორმაციულ ენერგიას გაეცნობოდა. მან ნელ-ნელა ისწავლა კერვა, შაბლონებისა და ნაქარგების შექმნა, საბოლოოდ კი მოდის დიზაინის სწავლა Artez Institute of the Arts Arnhem-ში გააგრძელა. გარდა ამისა, იგი სტაჟირება ლონდონში, ალექსანდრე მაკქუინის მოდის სახლში გადიოდა. 


2007 წელს, ალექსანდრე მაკქუინთან მუშაობის შემდეგ,  ვან ჰარპენმა საკუთარი ბრენდი დააარსა და მისი პირველი ჩვენებიდან მოყოლებული, იგონებს გამოხატვის ახალ ფორმებსა და მეთოდებს ტრადიციული და ყველაზე რადიკალური მასალების კომბინაციით, რაც მის უნიკალურ ესთეტიკურ ხედვას განსაზღვრავს. ვან ჰერპენს ხშირად იხსენიებენ, როგორც 3D ბეჭდვის პიონერს მოდაში, რომელიც ხშირად სკულპტურული ბუნებისა და უცნობი ფორმების გამო ინოვაციურ ტექნოლოგიას სხვადასხვა სამოსის შექმნის დროს  იყენებს. დიზაინერის მიზანია ტექნოლოგიისა და ტრადიციული დიზაინის ოსტატობის მეშვეობით აწმყოში გააერთიანოს წარსული და მომავალი. 



მისი პირველი კოლექცია 700 ქოლგისგან შექმნილ სამოსს და უპრეცენდენტო ნაბიჯს წარმოადგენდა, რომელმაც The Groninger Museum-ის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და ვან ჰარპენმა მათგან კოლექციის ნაწილის ყიდვის შეთავაზებაც მიიღო. მისი პირველი ნაბიჯი, რომელიც მოდის საზღვრებს სცდება, Benthem Crouwel-ის არქიტექტორებთან ერთობლივი მუშაობისას,  2010 წელს შედგა. “Water” - ასე ჰქვია კაბას, რომელიც კრისტალიზებულ სტრუქტურებს, ქაოსსა და წყლის უსაზღვრო ბუნებას გამოხატავს. სწორედ ამ წელს იგი პირველად იყენებს მოდისთვის უცხო 3D ტექნიკას, რომლის მეშვეობით ნაბეჭდი სამოსი კოლექცია - “Crystallization” ამსტერდამის მოდის კვირეულზე წარადგინა.



“ჩემი დიზაინით ვეძებ სიმბიოზურ ურთიერთობებს, ვიკვლევ ქაოსისა და წესრიგის კვეთის დაფარულ სილამაზეს, ხელოვნებასა და მეცნიერებას, ხელოვნურსა და ორგანულს, რომელიც უსასრულო ჰიბრიდში ერთიანდება. ჩემი დიზაინის საფუძველი დუალობის ფილოსოფიაა”. 



2011 წლიდან ვან ჰარპენი პარიზის Haute Couture-ს ნაწილია, რომლის საქმიანობაზეც ბუნების უსასრულო მისტერიები დიდ გავლენას ახდენს. კარიერის მანძილზე ვან ჰარპენს სხვადასხვა არტისტებისთვის ხშირად შეუქმნია სამოსი, თუმცა მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებულია - ბიორკი, რომელსაც ალბომ “Biophilias”-სთვის სპეციალურად შექმნილი ირისის კაბა ამშვენებს. დიზაინერი და მუსიკოსი მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც ვან ჰარპენის მიერ ბიორკის პერფორმანსების, ტურისა და ვიდეოს დიზაინის შექმნაში გამოიხატება. 


ირის ვან ჰარპენის მრავალ სოლო გამოფენათაგან პირველი 2012 წელს Groninger Museum-ში გაიმართა, რომელიც მისი ადრეული წლების შემოქმედებას წარმოადგენდა. მომდევნო წლებში კი გამოფენა ევროპასა და ამერიკაში მისით დაინტერესებული დამთვალიერებლებისთვის მოგზაურობდა. აღსანიშნავია ასევე დიზაინერის ატლანტის High Museum of Art-ში წარმოდგენილი რეტროსპექტივა, საიდანაც მისი 6 ნამუშევარი MAT-ში, ხოლო 7 სამოსი Manus x Machina: Fashion in an Age of Technology ჩვენებაზე გამოფინეს. 

გარდა ამისა, მისი ნამუშევრები გამოფენილია ისეთ მუზეუმებში, როგორებიცაა - Victoria & Albert მუზეუმი ლონდონში, Cooper Hewitt მუზეუმი ნიუ-იორკში, Palais de Tokyo პარიზში.


უამრავი ჯილდოს მფლობელი ირის ვან ჰერპენის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჩვენება იყო 2013 წელს პარიზში გამართული “Voltage”, რომელიც ვან ჰარპენისა და ექსპერიმენტატორ კარლოს ფონ კამპის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ჩვენება განსაკუთრებით შთამბეჭდავი მოდელების მოძრაობებითა და მასთან სინთეზში მყოფი მილიონი ვოლტის ნათებითაც აღმოჩნდა./

 


გარდა მუსიკოსებისა და ცალკეული პერსონებისა, ვან ჰარპენს დიზაინი შეუქმნია ისეთი დაწესებულებისთვის, როგორიცაა ნიუ-იორკის საბალეტო დასი. ქორეოგრაფ ბენჟამინ მილპედის დადგმისთვის - “Nowhere” ვან ჰარპენმა თითოეული კოსტიუმის დიზაინი თავად შექმნა. თუმცა მისი ერთ-ერთი საინტერესო კოსტიუმი ლუკ ბესონის ფილმ “Lucy”-შია წარმოდგენილი, რომელსაც მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ირგებს. ოცნება ახდა,  - ასე საუბრობდნენ მაშინ, როდესაც მარინა აბრამოვიჩმა და ირის ვან ჰარპენმა ერთობლივი მუშაობა კლოდ დებიუსის ოპერა “Pelléas et Mélisande”-ზე დაიწყეს, რომლისთვისაც  საკულტო დიზაინერმა 20 კოსტიუმი შექმნა. ჩვენება, რომელიც ანტვერპენის ოპერაში გაიმართა, აბრამოვიჩის ქორეოგრაფიითა და ვან ჰარპენის დიზაინით ნამდვილად ჰგავდა ოცნებას.

 

2014 წელს ვან ჰარპენი შთაგონების გასაღვივებლად ატომური კვლევების ორგანიზაცია - CERN-ს სტუმრობს. იქ მიღებული გამოცდილების საფუძველზე კი მის ექსპერიმენტებში უფრო ხშირად ჩანს მაგნიტები და მათი თავისებურებები. 

 

“ჩემთვის მოდა ერთგვარი დიალოგია ჩვენს შინაგან და გარეგან ნაწილებს შორის… ორივე - ხელოვნებაც და მოდაც - უკავშირდება ჩვენს ღრმა სურვილებს, განწყობას და ყველაზე პერსონალურ გამოცდილებებს. ჩემი თითოეული კოლექცია ფემინურობის ახალი ფორმების ძიებაა მოდის მრავალფეროვანი და ცნობიერი მომავლისთვის”.

უამრავი ჯილდოს, სოლო გამოფენის, წიგნისა და ექტრავაგანტური დიზაინის ავტორი ირის ვან ჰარპენი დღესაც განაგრძობს მუშაობას ამსტერდამში, სადაც ახალი იდეები და Haute Couture სამოსი იბადება.


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე